პრეცედენტი არ მოხდა - აქამდე "მეტალურგში" მწვრთნელს სეზონი სრულად არ ჩაუმთავრებია!

AutoSharing Option
შვიდი წელიწადია, რაც "მეტალურგი" ("ოლიმპი") უმაღლეს ლიგაში გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთ წარმატებულ ქართულ გუნდადაც ჩამოყალიბდა;

თუმცა, საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ერთგზის ვერცხლისა და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორს ერთი "უცნაურობაც დაებედა": დღიდან დაარსებისა, ამ კლუბში არც ერთ მწვრთნელს სეზონი სრულად არ ჩაუმთავრებია!

გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონი აღმოჩნდა: ორი დღის წინ ოფიციალურად გაცხადდა, რომ რუსთავურ კლუბსა და გუნდის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, გელა სანაიას შორის არსებული კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

არადა, ამ სეზონის დაწყების წინ, კერძოდ კი, 6 აგვისტოს, რუსთავის "ფოლადის"
სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში "მეტალურგის" ახალწვეულების წარდგენისას, კლუბის ახალ დირექტორს, ზაზა დოლიძესა და ახალ მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას სწორედ ის ზემოთ ნახსენები "უცნაურობა" შევახსენეთ; ჰოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპტიმისტური პასუხიც მივიღეთ:

"შევეცდებით, ეს ტენდენცია დავარღვიოთ და პრეცედენტიც შევქმნათ, რომ "მეტალურგში" სეზონი ერთი და იგივე მწვრთნელმა დაიწყოს და დაამთავროს!"

...როგორც ხედავთ, პრეცედენტი არ მოხდა: ახალგაზრდა სპეციალისტმა გელა სანაიამ რუსთავურ კლუბში მხოლოდ პირველი ეტაპი ჩაატარა და ამიერიდან მის ნაცვლად "მეტალურგს" ვარლამ კილასონია უთავკაცებს.

ერთი შეხედვით, "მეტალურგმა" პროგრამა-მინიმუმი შეასრულა: პირველი ეტაპი გუნდმა VI ადგილზე დაამთავრა; თუმცა ზედა ექვსეულში მოხვედრა გუნდს განაღდებული ნამდვილად არა აქვს: პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილი ოთხი მატჩიდან "მეტალურგს" ორი უშუალო კონკურენტთან ("ვიტ ჯორჯია", "სიონი") ელოდება, ერთიც - სტუმრად, "დინამოსთან".

ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ "მეტალურგს", ალბათ, ყველაზე მეტად არ გაუმართლა თასის წილისყრისას: მეოთხედფინალში რუსთაველთა გუნდის მეტოქე ხომ თბილისის "დინამო" უნდა იყოს...

...შესაძლებელი იყო თუ არა პირველ ეტაპზე უფრო უკეთესი შედეგის ჩვენება? ამ კითხვაზე საკუთარ მოსაზრებას მაშინ დავაფიქსირებთ, როცა თორმეტივე გუნდის საპირველეტაპო შეჯამებას დავიწყებთ; თუმცა რუსთავში დღესდღეობით მაინც ბევრს მიაჩნია, რომ თითქმის ყველა მატჩში არსებული უამრავი საკადრო პრობლემის მიუხედავად, "მეტალურგს", ალბათ, მაინც შეეძლო, შედარებით უკეთესი შედეგი ჰქონოდა.

ჩვენი მხრივ კი იმას დავამატებთ, რომ უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, "მეტალურგს" არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია ოპტიმალური შემადგენლობით, - მიზეზი კი წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები თუ დისკვალიფიკაცია იყო...

კილასონია და რუსთავი
...გიორგი კიკნაძე (ზაზა ზამთარაძესთან ერთად), რევაზ ძოძუაშვილი, ანატოლი პისკოვეცი, ხვიჩა ქასრაშვილი, ოთარ კორღალიძე, თემურ მახარაძე, რამაზ მუმლაძე, თორნიკე მაისურაძე, არმაზ ჯელაძე, კობა ჟორჟიკაშვილი, გიორგი ყიფიანი, გელა სანაია, - აი, იმ მწვრთნელთა ჩამონათვალი, 2006 წლის ზაფხულიდან დღემდე რომ თავკაცობდნენ "მეტალურგს".

თუმცა, ამათ გარდა, კიდევ ერთ სპეციალისტს გაუწვრთნია ეს გუნდი: ვარლამ კილასონია ოთხწლინახევრიანი პაუზის მერე უხელმძღვანელებს მშობლიური ქალაქის გუნდს.

...2006-07 წლების სეზონში, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ რუსთავის "ოლიმპში" (მაშინ ასე იწოდებოდა - გ.ტ.) მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა, რომელმაც ასისტენტად თავისი ყოფილი შეგირდი ვარლამ კილასონია მიიწვია.

Sportall.Geმოგეხსენებათ, ის სეზონი "ოლიმპის" ტრიუმფით დამთავრდა, თუმცა ჩემპიონატის დასრულებისთანავე ძოძუაშვილს წასვლა მოუწია და გუნდის მთავარ მწვრთნელად ვარლამ კილასონია დაინიშნა.

სწორედ ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით იასპარეზა "ოლიმპმა" ევროტურნირებზე, თუმცა 2007/08 წლების სეზონის დაწყებისთანვე, უფრო ზუსტად, საქართველოს ჩემპიონატში პირველივე მატჩის (თბილისის "დინამოსთან") მერე რუსთავური კლუბის გაძღოლა უკრაინელ სპეციალისტს, ანატოლი პისკოვეცს ანდეს, რომელმაც, თავის მხრივ, კილასონია ასისტენტად მიიწვია.

თუმცა ამ წყვილს სეზონი არ ჩაუმთავრებია: იმ ჩემპიონატის დასკვნით ნაწილსა და მომდევნოს საწყის ტურებში "ოლიმპი" ხვიჩა ქასრაშვილის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა. თუმცა 2008/09 წლების სეზონის დასაწყისში, კერძოდ კი, V ტურის შემდეგ "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად კვლავაც კილასონია დაინიშნა და რუსთაველთა კლუბის ხელმძღვანელებსაც, წესითა და რიგით, უკმაყოფილების საბაბი არ უნდა ჰქონოდათ: ჩემპიონატი გუნდმა მესამე ადგილზე დაასრულა, თასის ფინალში კი პენალტების სერიაში დამარცხდა თბილისის "დინამოსთან".

თუმცა, ევროტურნირებზე პოლონეთის "ლეგიას" ბარიერის ვერგადალახვის გამო კილასონიას "ოლიმპის" დატოვება მოუწია და, იქიდან მოყოლებული დღემდე, ერთობ წარმატებულად მუშაობდა რუსთავის ბავშვთა ფეხბურთში.

აქვე ისიც გვინდა გავიხსენოთ, რომ "მეტალურგის" დღევანდელი თავკაცი ადრეც წვრთნიდა მშობლიური ქალაქის გუნდს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია "ძველ" "მეტალურგზე" (გნებავთ, "გორდაზე")...

...სამწვრთნელო დებიუტი 2001/02 წლების სეზონის მიწურულს ჰქონდა, როცა მოთამაშე-მწვრთნელის ამპლუაში მოგვევლინა და რუსთაველთა გუნდმაც შეძლო უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება; მომდევნო სეზონიც მოთამაშე-მწვრთნელის ამპლუაში დაიწყო, მაგრამ 6 ტურის მერე წამოვიდა.

შემდეგ ისე მოხდა, რომ უკვე პირველ ლიგაში დაქვეითებული "რუსთავის" საშველად უხმეს. გუნდმა პლეი ოფის მატჩიც ("მცხეთასთან") მოიგო, მაგრამ 2004 წლის ზაფხულში რუსთაველთა გუნდი უმაღლეს ლიგაში ფინანსური პრობლემების (ასეთი იყო ოფიციალური ვერსია - გ.ტ.) გამო არ დაუშვეს და სწორედ ამის მერე იყო, მეტალურგთა და ქიმიკოსთა ქალაქი ორი წელიწადი საერთოდ უფეხბურთოდ რომ იყო დარჩენილი, ვიდრე მამუკა გუგეშაშვილის, ზურაბ ჯაფარიძისა და ბადრი ქარქაშაძის ძალისხმევით რუსთავის "ოლიმპი" არ ჩამოყალიბდა.

"მეტალურგის" დღევანდელი თავკაცი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (2004/05 წლების სეზონის დასაწყისში) ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ, ბოლოს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშობლიურ ქალაქში, ბავშვთა ფეხბურთში იყო დასაქმებული.

...რუსთავის "მეტალურგი", გურჯაანის "ალაზანი", თელავის "კახეთი", რუსთავის "გორდა", სანკტ-პეტერბურგის "ლოკომოტივი", დნეპროპეტროვსკის "დნეპრი", კრასნოდარის "ყუბანი", თბილისის "ლოკომოტივი", თაუზის "თურანი", "რუსთავი", - აი, იმ გუნდების ჩამონათვალი, სადაც უთამაშია "მეტალურგის" დღევანდელ თავკაცს.

კონკრეტულად საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს რაც შეეხება, უმაღლეს ლიგაში ვარლამ კილასონიამ 126 მატჩი ჩაატარა და 88 გოლი გაიტანა.

ვნახოთ, როგორი აღმოჩნდება ამ სპეციალისტის მიერ მშობლიური ქალაქის გუნდის მეხუთედ გაძღოლა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული