გიორგი დევდარიანი: დიახ, "სამტრედიასთან" ვითანამშრომლებ

AutoSharing Option
საინტერესო ამბავი, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" გვერდმა დაადასტურა - გიორგი დევდარიანი პირველი ლიგის "ბ" ზონის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში იმუშავებს.

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი და წარმატებული სპეციალისტი საქმიანობას 13 იანვრიდან შეუდგება.

თუმცა დევდარიანი ამბობს, რომ "სამტრედიაში" იმუშავებს არა მთავარ მწვრთნელად, არამედ სხვა პოსტზე...

- მართალია, რომ "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი გახდით?
- მთავარ მწვრთნელობაზე ლაპარაკი არც ყოფილა, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ "სამტრედიასთან" ვითანამშრომლებ. რა ფორმით, ესეც მალე გაირკვევა. შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის კონსულტანტი გავხდე.

- საკმაოდ მოულოდნელი ამბავია...
- ამჟამად
საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ვარ და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლად ვითვლები. ფედერაციას კი "სამტრედიამ" მიმართა თხოვნით, იქნებ რომელიმე ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელისთვის გაეწიათ რეკომენდაცია და მის გუნდში მუშაობით, რეგიონში ფეხბურთის განვითარებისთვის ხელი შეეწყოთ.

სწორედ ამ მიზნით პარასკევს სამტრედიაში ჩავედი, გუნდის ხელმძღვანელობას ველაპარაკე და მოვუსმინე. მთავარია, ჩემი საქმიანობით სამტრედიაში გუნდის და ფეხბურთის განვითარებას ხელი შევუწყო.

- გორის "დილადან" წამოსვლის შემდეგ ბრძანეთ, რომ ამიერიდან გუნდში სამუშაოდ მინიმალურ პირობებს მოითხოვდით.
- მე ვერ დაველოდები, საქართველოში როდის შეიცვლება ვითარება და გარემო. ნაკრებში ვმუშაობ, მაგრამ ყოველდღიური მუშაობა მენატრება, ფეხბურთში კი ყოველდღე რაღაც იცვლება.

სამტრედიელთა წინადადებას სიამოვნებით ამიტომაც დავთანხმდი. თანაც, ეს ნამდვილი საფეხბურთო ქალაქია, პირველ ლიგაშიც კი გუნდს საუკეთესო დასწრება აქვს. ეს კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული