ბარაბაძემ ყველა შანსი გამოიყენა

AutoSharing Option
"სპარტაკი", რომელმაც თერთმეტმატჩიანი მოუგებელი სერია წინა ტურში შეწყვიტა, ბოლო ხანს კარგად ათამაშდა. მართალია, ურიგო გუნდი არც "ბაიაა", მაგრამ ზუგდიდელებს ფინანსური პრობლემები მიეძალათ და შედეგებიც გაუუარესდათ. ელგუჯა ქომეთიანის შეგირდებმა მეხუთე ტურია, ვერ გაიტანეს. პირველი ხიფათი მე-4 წუთზე "ბაიას" კართან შეიქმნა, როდესაც თორნიკე ზარქუასა და მცველების შეუთანხმებლობით კლოვისს უნდა ესარგებლა. "სპარტაკის" შემტევი ლეგიონერი საგოლე მომენტების გაცუდებით გამოირჩა. მართალია, ბევრს მოძრაობდა, სტუმართა მცველებს გამუდმებით აწუხებდა, მაგრამ... მომენტების რეალიზაციით კი ცხინვალელთა მეორე თავდამსხმელმა, ევროპიდან სამშობლოში ახლახან დაბრუნებულმა მიხეილ ბარაბაძემ დაგვამახსოვრა თავი. მას სამჯერ მიეცა
გატანის შანსი და ორი მათგანი გოლად აქცია.

"ბაიას" მობურთალთ რომ რიგიანად ეთამაშათ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა. მე-17 წუთზე ლუკა გუგუჩიამ ზუსტი პასით ირაკლი ეხვაია გაიყვანა სახეირო პოზიციაზე, მაგრამ ვიდრე ის გადამწყვეტ დარტყმას შეასრულებდა, გრიშიკაშვილმა დაასწრო. ერთ წუთში ეხვაიამ მოძებნა დასარტყმელ პოზიციაზე გასული ლევან წურწუმია, თუმცა მანაც დააყოვნა და აქ უკევ ვალერი ბოლქვაძემ იმარჯვა ბურთის გამოტანისას. მანვე, ცხინვალელთაგან ერთ-ერთმა საუკეთესომ, მე-20 წუთზე კლოვისს ჩააწოდა კარის სიახლოვეს, მაგრამ "სპარტაკის" ლეგიონერი თავით თამაშისას ძალიან უხეიროდ გასარჯა. ათ წუთში კლოვისმა ამჯერად ფეხით უშედეგოდ სცადა ბურთის კარში მოთავსება. "ბაია" კი სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ზუგდიდელები ბევრს სცოდავდნენ. გამოუყენებელი მომენტების მიუხედავად, პირველი ტაიმს უგოლოდ მაინც არ ჩაუვლია. 41-ე წუთზე ლევან ჭაფოძის ჩაწოდებულზე გამოსულ "ბაიას" გოლკიპერს ბურთი ხელიდან გაუვარდა, რითაც იქვე მყოფმა ბარაბაძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა _ 1:0.

შესვენების მერე შეცვლაზე შესულთაგან ზუგდიდელი შოთა ლომია უნდა გამოვარჩიოთ. 55-ე წუთზე სწორედ მისი შორეული დარტყმა ასცდა მცირედით ხარიხას. ცოტა ხანში ლომიასავე ჩაწოდებული ბურთი წურწუმიამ მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა კარისკენ, მაგრამ "სპარტაკი" ხარიხამ გადარჩინა. მალევე დაუღალავი ბოლქვაძის სახიფათო რეიდები ჯერ მარცხენა, ხოლო შემდეგ მარჯვენა ფრთიდან წესების დარღვევით ძლივს აღკვეთეს ზუგდიდელებმა. 75-ე წუთზე ბარაბაძემ თემურ შონია გაიყვანა კარის გასწვრივ დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა ცხინვალელთა შუახაზელმა ბურთი ისევ ბარაბაძეს ჩააწოდა, მან კი თავით გადაგზავნა ბადეში - 2:0. ამ გოლმა საბოლოოდ გატეხა "ბაია" და ზუგდიდელებმა მოედანზე ერთმანეთის მისამართით ხმამაღალ საყვედურებსაც უმატეს. იმავდროულად "სპარტაკი"კი დინჯად ირჯებოდა სასურველი შედეგის შესანარჩუნებლად. მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულ ბარაბაძეს მესამედაც შეეძლო სტუმართა დამწუხრება, თუმცა მცველთან ბრძოლაში დაშავდა და მოედნიდან გაიყვანეს. ორიოდ წუთში პრესტიჟის გოლის გასატანად გრიშიკაშვილის კარისკენ დაძრულ "ბაიას" უკანა ხაზი მოუშიშვლდა და მეკარესთან პირისპირ გასულ შოთა კაშიასაც შეეძლო სტუმრები დასჯა, მაგრამ ზარქუამ იმარჯვა და დიდი ანგარიშით მოგების საშუალება არ მისცა ცხინვალელებს.


27. 11. გორი ქართლი 200 მაყურებელი
სპარტაკი - ბაია 2:0
1:0. ბარაბაძე (41), 2:0. ბარაბაძე (75. შონიას პასით)

სპარტაკი: ბაია:
4-4-2: 4-5-1:
გრიშიკაშვილი ზარქუა
აქუბარდია კანდელაკი
ბოიომო კვესეიშვილი
ტეტუნაშვილი ლ. აკობია
ლობჟანიძე რ. ონიანი
კაშია რიგვავა
თ. შონია ვართაგავა
ვ. ბოლქვაძე მალიჩავა
ჭაფოძე გუგუჩია
მ. ბარაბაძე წურწუმია
კლოვისი ეხვაია

სპარტაკი
46. ლობჟანიძე - კორსანტია
76. კლოვისი - ნარიმანიძე
80. ბარაბაძე - მამუდოვი
სათადარიგოები: დაუშვილი, ჩალაძე, ალავიძე, კაკაშვილი

ბაია
46. რიგვავა - შ. ლომია
46. ეხვაია - ჩანგელია
74. წურწუმია - კუკავა
სათადარიგოები: ჯომიდავა, სიხარულია, ქვარცხავა, აფაქიძე

გაფრთხილება: მალიჩავა (49), ონიანი (60)
არბიტრი: ლ. სილაგავა


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული