"ტორპედოში" მთავარ მწვრთნელად უკვე დაბრუნდა რევაზ ძოძუაშვილი. ახლა კი ვრცელდება ხმები იმის თაობაზე, რომ ქუთაისურ კლუბს მისი ყოფილი მეპატრონე გია ხურციძე იბრუნებს, ხოლო პრეზიდენტობას საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ გიორგი დემეტრაძეს სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ ხურციძე "ტორპედოს" მესაკუთრე 2005/06 წლებში იყო. როგორც მან "ლელოსთან" 2012 წლის ნოემბერში განაცხადა, უსაფუძვლოდ დააკავეს და კლუბი ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს. ამიტომ მის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა...
იხილეთ:
კომპანია "ვისოლი" კლუბიდან საკუთარი სურვილით წავიდა, მაგრამ ჯერ უცნობია, "ტორპედოს" მეპატრონე კვლავ ხურციძე იქნება თუ არა. თუმცა მას და დემეტრაძეს კლუბის სტრუქტურაში მუშაობა რომ შესთავაზეს, ეს ინფორმაცია რევაზ ძოძუაშვილმა დაგვიდასტურა.
"დიახ, დემეტრაძესა და ხურციძეს კლუბში მუშაობა მართლაც შესთავაზეს. ალბათ, გია გენერალური დირექტორი გახდება, ხოლო რომელ პოსტს დაიკავებს გიორგი, სჯობს ეს თავად მას ჰკითხოთ.
ისინი უსაფუძვლოდ დაჩაგრეს და მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთისთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლიათ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"