როინ კვასხვაძე: საქართველოში დარჩენა აღარ მსურს

AutoSharing Option
როინ კვასხვაძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა. გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტი" მის ტრანსფერს 700 ათას ევროდ აფასებს, რაც უმაღლეს ლიგაში დასაქმებულისთვის იშვიათი დაფასებაა - უფრო ძვირად ღირებული ორიოდე ფეხბურთელი თუ იქნება.

25 წლის გამოცდილ მეკარეს ეროვნულ ნაკრებში მუდმივად იძახებდნენ, თუმცა მხოლოდ ორ ოფიციალურ შეხვედრაში უთამაშია, მათ შორის - თბილისში, ესპანეთის წინააღმდეგ.

იყო საქართველოს 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების უცვლელი პირველი ნომერი. 155 მატჩით "ზესტაფონის" რეკორდსმენი გახდა.

მას შემდეგ, რაც კვასხვაძეს "ზესტაფონთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა, თავად
დაადასტურა, რომ გუნდში 8-წლიანი კარიერა დაასრულა.

თუ სად ითამაშებს ეროვნული გუნდის მეკარე, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- მართალია, რომ ქუთაისის "ტორპედოში" გადახვედით?
- ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ დავილაპარაკეთ და დიდი ალბათობაა, რომ მაისამდე სწორედ "ტორპედოში" ვითამაშო.

- უცხოეთში წასვლის შანსი არ გქონდათ?
- ვარიანტები იყო. "ტორპედოს" გარდა, სხვა ქართული გუნდებიც მიწვევდნენ, მაგრამ, რადგან მაისში უცხოეთში წასვლა მინდა, დროებით აქ დარჩენა ვამჯობინე.

- უცხოეთში ახლა რატომ ვერ მიდიხართ?
- ტრანსფერი მაისში უფრო რეალური იქნება.

- თქვით, რომ საქართველოში სხვა გუნდებიც გიწვევდნენ - თბილისის "დინამოს" გულისხმობთ?
- დიახ, "დინამო" მიწვევდა. ჩემთვის ასეთი კლუბისგან დაინტერესება სასიხარულო იყო.

- მაშინ რატომ თქვით უარი?
- საქართველოში დარჩენა აღარ მსურს, მაისამდე ვიქნები და მერე აუცილებლად უნდა წავიდე.

- "ზესტაფონში" თამაში თავიდანვე გამორიცხეთ?
- არა, რატომ? ვილაპარაკეთ, მაგრამ ფინანსურ საკითხებზე ვერ შევთანხმდით და წასვლა ვამჯობინე.

შეგახსენებთ, რომ როინ კვასხვაძეს მშობლიური ქუთაისის გუნდში არასოდეს უთამაშია: 2003-05 წლებში "თბილისის" დუბლებში გამოდიოდა, 2005 წელს კი "ზესტაფონში" ჩაირიცხა, სადაც ბოლო 4 წელი უცვლელი პირველი ნომერი გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ან ზესტაფონში უნდა დარჩენილიყო ან უცხოეთში უნდა წასულიყო
zuka nikabadze
18:23 14-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული