ჯონი შეროზია: რამდენიმე ვარიანტიდან "ვიტ ჯორჯია" ვარჩიე

AutoSharing Option
ზამთრის შესვენების დროს "მერანში" მნიშვნელოვანი ცვლილებები რომ განხორციელდა, არახალია. შეგახსენებთ, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს: მეკარეებმა - ჯონი შეროზიამ და მიხეილ ხარშილაძემ, მცველებმა - გივი ქარქუზაშვილმა, თემურ ფარულავამ, ირაკლი ციცხვაიამ და ლაშა ღონღაძემ, ნახევარმცველებმა - გიორგი მელქაძემ და ირაკლი ქათამაძემ, თავდამსხმელებმა - კრისი ბანებამ და სანტოსმა.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო გუნდიდან 24 წლის შეროზიას წასვლა.

"მერანის" დაარსების დღიდან შეროზია გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. მან მარტვილური კლუბის მაისურა ყველაზე მეტჯერ მოირგო და ადგილობრივი ქომაგების საყვარელი ფეხბურთელიც გახდა. ის სანდო და
პერსპექტიულ მეკარედ ითვლებოდა, რისი წყალობითაც გასულ წლებში არაერთხელ მოხვდა "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში.

ბოლო დროს შეროზია გუნდის კაპიტანიც იყო. ცხადია, დავინტერესდით, სად აპირებს ის კარიერის გაგრძელებას:

- წარმოშობით სენაკიდან ვარ, თუმცა ფეხბურთის თამაში "მერანში" დავიწყე და 7 წელია, აქ ვარ. ყველაფერი, რაც გამაჩნია, ამ გუნდმა მომცა, ამიტომ ყოველთვის ტკბილად გამახსენდება მარტვილში გატარებული პერიოდი. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს, "მერანს" კი წარმატებებს ვუსურვებ.

კარიერას "ვიტ ჯორჯიაში" გავაგრძელებ. თბილისურ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე. მომავალს იმედიანად ვუყურებ და ვეცდები, მწვრთნელის ნდობა გავამართლო.

- სხვა გუნდებიდან თუ გქონდათ შემოთავაზება?
- იყო რამდენიმე ვარიანტი, თუმცა შემდგომი წინსვლისთვის უმაღლესი ლიგა ვარჩიე. "ვიტ ჯორჯია" კარგი გუნდია, თან პირველ ექვსეულში მოხვედრის შანსიც აქვს.

- როგორც გავიგეთ, თქვენით "დინამოც" იყო დაინტერესებული...
- ჩემთვის ასეთი კლუბისგან უბრალო დაინტერესებაც კი სასიხარულოა. "დინამო" ტრადიციული გუნდია, ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. "დინამო" ოცნებისკენ მიმავალი გზაა, რომელიც ნიჭიერებითა და თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა.

* * *
შეროზიას ახალ კლუბთან დაკავშირებით დავძენთ, რომ "ვეტერინარებს" ამ მომენტისთვის 25 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონამდე 11 ქულა, ხოლო ზედა ექვსეულთან სულ რაღაც ერთი ქულა აშორებთ. სიახლეა ისიც, რომ ამ გუნდთან ერთად ვარჯიშობს კიდევ ერთი ექსმერანელი ლაშა ღონღაძე, რომელიც, სავარაუდოდ, კონტრაქტს დღე-დღეზე გააფორმებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული