საჩხერის "ჩიხურა" შინდაგორიძის, ლომიას და კვარაცხელიას დამატებას შეეცდება

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" სეზონის განახლებისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდი თბილისში დაბანაკდა და ჩვენებურ "მარაკანაზე" ვარჯიშობს.

როგორც ცნობილია, კლუბი დატოვეს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა დიმიტრი ტატანაშვილმა ("ზესტაფონში" გადავიდა) და ცენტრალურმა მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა.

ამ უკანასკნელის ტრანსფერი თბილისის "დინამოს" ეკუთვნის და საჩხერელებთან იჯარის დასრულების შემდეგ თავის კლუბს დაუბრუნდა.

"ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე გუნდის გაძლიერებას ცდილობს და თან ამ ორი ფეხბურთელის შემცვლელებს ეძებს.

როგორც შევიტყვეთ, "ჩიხურაში" ორი ახალი მოთამაშე ვარჯიშობს. პირველი მათგანი - თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძეა. 20 წლის ფორვარდი ორი წლის წინათ
დანიურ "ორჰუსში" თამაშობდა, საქართველოში კი შარშან დაბრუნდა, მაგრამ "დინამოში" სულ 4 შეხვედრა ჩაატარა და კლუბი თანახმაა, იჯარით გაუშვას.

საჩხერელთათვის საინტერესო მეორე მოთამაშე "ზესტაფონის" ფორვარდი საბა ლომიაა. 23 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში მარტვილის "მერანში" გაანათხოვრეს, სადაც მშვენიერი საგოლე ალღო გამოავლინა - 16 გოლით საუკეთესო ბომბარდირებში მოხვდა, მაგრამ "ზესტაფონში" დაბრუნებული, ასეთივე დამაჯერებლობით ვეღარ გამოირჩეოდა - 13 შეხვედრაში მეტოქეთა კარი სულ 4-ჯერ აიღო და ეტყობა, მისი კვლავ იჯარით გაშვების საფუძველიც ეს გახდა.

შევიტყვეთ, რომ ფრუიძე კიდევ ერთი დინამოელის დამატებას იმედოვნებს - საჩხერელთა დამრიგებელმა სამსახური გივი კვარაცხელიას შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ცენტრალური მცველი "დინამომ" ტრანსფერზე დეკემბერში დააყენა, მაგრამ შემდეგ მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ და კვარაცხელია თავისუფალი აგენტი გახდა.

ჯერ არც ერთი ეს ტრანსფერი ოფიციალურად არ გაფორმებულა, მაგრამ თუ ასე მოხდა, ორმაგი როქი განხორციელდება და "ჩიხურა" "ზესტაფონსა" და "დინამოს" ერთი და იმავე პოზიციის მოთამაშეებს გაუცვლის: ტატანაშვილს ლომიაში, რეხვიაშვილს კი - კვარაცხელიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული