რუსთავის "მეტალურგის" სასარგებლო სპარინგი აზერბაიჯანულ გუნდთან

AutoSharing Option
სხვა გუნდების მსგავსად, ზამთრის პაუზას "მეტალურგიც" სერიოზული პრობლემებით შეხვდა.

შემცირებული ბიუჯეტის გამო გუნდიდან 15 (!) ფეხბურთელი წავიდა და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მდგომარეობაში მოუწია მუშაობის დაწყება ახალ მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას, რომელიც მშობლიური ქალაქის უმთავრესი გუნდის თავკაცად ოთხწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

საბედნიეროდ, ამ ბოლო დღეებში სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალა: "მეტალურგი" ნელ-ნელა "ივსება" ახალი ფეხბურთელებით და, რაც მთავარია, იმის საშუალებაც გაჩნდა, რომ გუნდმა ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი თურქეთში გაიაროს.

"მეტალურგის" მთავარ მწვრთნელთან, ვარლამ კილასონიასთან ინტერვიუს "ლელოს" 29 იანვრის ნომერში გაეცნობით, მანამდე კი რუსთაველთა
გუნდის 27 იანვრის სპარინგ-მატჩზე გვინდა ორიოდე სიტყვის თქმა.

27 იანვარს "მეტალურგის" მეტოქე აზერბაიჯანული "ქარდაგი" იყო, რომელიც თავისი ქვეყნის ჩემპიონატში რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს და იქაურ პრემიერლიგაში აღზევების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

"მეტალურგმა" ორი შემადგენლობით იასპარეზა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, აზერბაიჯანულ გუნდთან სპარინგი ფრედ (1:1) დაამთავრა.

მასპინძელთა უპირატესობა განსაკუთრებით თვალშისაცემი პირველ ტაიმში იყო, თუმცა "მეტალურგი" მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა: მე-20 წუთზე თავი გამოიჩინა რუსთაველთა გუნდის პოტენციურმა ახალწვეულმა - "ამერის", "ვიტ ჯორჯიასა" და ბათუმის "დინამოს" ყოფილმა ცენტრფორვარდმა, 25 წლის ბესიკ ჩიმაკაძემ.

ამ უკანასკნელის გარდა, ამ სპარინგში მონაწილეობა მიიღეს "მეტალურგის" სხვა პოტენციურმა ახალწვეულებმაც: 28 წლის ცენტრალურმა მცველმა დავით ლომაიამ, 27 წლის შემტევმა მამუკა ტორონჯაძემ, 23 წლის გამთამაშებელმა დავით კაკულიამ და დუბლშემადგენლობიდან დაწინაურებულმა პერსპექტიულმა ჭაბუკმა ფეხბურთელებმა - 20 წლის შალვა ექვთიმიშვილმა, 19 წლის ირაკლი გოგინაშვილმა, 20 წლის ვანო ხაბელაშვილმა, 19 წლის ბექა ოქროპირიძემ და 17 წლის გიორგი კილასონიამ.

27 იანვარს გამართულ მატჩში "მეტალურგის" შემადგენლობა ასეთი იყო (I ტაიმი): სეფიაშვილი - სეთურიძე, მახვილაძე, ვ. კილასონია, დ. საჯაია - დობროვოლსკი, ქავთარაძე - ი. გოგინაშვილი, მიქაბერიძე, ჩირგაძე - ჩიმაკაძე;
II ტაიმი: ბედიაშვილი - ექვთიმიშვილი, ცნობილაძე, დ. ლომაია, თ. კაკულია - კაკაშვილი, გ. კილასონია - ხაბელაშვილი, დ. კაკულია, ტორონჯაძე - ბ. ოქროპირიძე.

"მეტალურგი" თურქეთში შეკრებაზე 1-ელ თებერვალს გაემგზავრება, სადაც ოთხი სპარინგ-მატჩია დაგეგმილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაკაშა მალე მოჯდება სასტარტოში
toko
13:13 28-01-2014
0
გიგაური და ტვილდიანი დაიმატა რუსტავმა
lasha
11:49 28-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული