დინამო-მლადა 1:2 - მალხაზ ჟვანია 4-3-3-ს ცდის [VIDEO]

AutoSharing Option
3 თებერვალს დინამოელებმა ანტალიაში მესამე საკონტროლო მატჩი გამართეს. შეხვედრა ბოლო პერიოდში ჩეხეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, "მლადა ბოლესლავთან" სასტუმრო "ტიტანიკ დელუქსის" ცენტრალურ მოედანზე წარიმართა.

ამ თამაშს, ისევე, როგორც "დინამოს" წინა ორ სპარინგს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა.

შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს ტრავმირებულმა ფეხბურთელებმა: გუნდის კაპიტანმა გიორგი ლორიამ (სავარაუდოდ, თურქეთში ვეღარ ითამაშებს), გიორგი მერებაშვილმა (ინდივიდუალურად ვარჯიშობს), ირაკლი მოდებაძემ, დავით ხურცილავამ და ოთარ კაკაბაძემ.

ტესტ-მატჩი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ დაწინაურება "მლადა ბოლესლავმა" შეძლო, როდესაც თამაშის მე-6 წუთზე შტოჰანცლმა მცველის შეცდომით ისარგებლა.

პირველ 20 წუთში დინამოელებმა ჩეხების კართან რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

ირაკლი ძარიამ მცირე მანძილით ააცილა, პაპავას თავური არაზუსტი გამოდგა, პაპუნაშვილის დარტყმული კი მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

მიუხედავდ იმისა, რომ დინამოელები ბურთის კონტროლს ახერხებდნენ, ტაიმის დარჩენილ დროში საგოლე ეპიზოდი აღარ შექმნილა.

"მლადა ბოლესლავის" შემადგენლობაში 34 წლის დავიდ იაროლიმი გამოირჩეოდა, რომელიც წლების მანძილზე იცავდა "ჰამბურგის" ღირსებას და მისი კაპიტანიც გახლდათ.

მეორე ნახევარიც "დინამოს" იერიშებით დაიწყო. სტანდარტებიდან გლიშიჩი და ჩისკო დაემუქრნენ ჩეხების კარს, მაგრამ უშედეგოდ.

შეხვედრის მეორე გოლი კონტრიერიშს მოჰყვა. 75-ე წუთზე ორი ბურთით მეტოქე მეჰანოვიჩმა დააწინაურა. დარჩენილ დროში, მატჩის ბოლო წუთზე პატრიკ ვოუმ ერთი ბურთი გაქვითა. 2:1 - "მლადა ბოლესლავის" სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მალხაზ ჟვანიამ კვლავ მისცა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სასტარტოში დაიწყეს 19 წლის ცინცაძემ და პაპუნაშვილმა, მეორე ტაიმში ითამაშეს ლობჟანიძემ და შერგელაშვილმა, რომელთათვისაც მსგავს სპარინგებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

"დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კვლავ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და გუნდი ახალი სათამაშო სქემის ადაპტაციის პერიოდს გადის. მიუხედავად ამხანაგურ შეხვედრაში განცდილი მარცხისა, წინა შეხვედრებთან შედარებით, დინამოელები უკეთ გამოიყურებოდნენ და იგრძნობოდა გარკვეული წინსვლა ახალი სათამაშო სქემის ათვისების გზაზე.

მომდევნო მატჩს თბილისის "დინამო" 6 თებერვალს, ოდესის "ჩერნომორეცის" წინააღმდეგ გამართავს.

საკონტროლო მატჩი
დინამო-მლადა ბოლესლავი 1:2
გოლები: 0:1 შტოჰანცლი 6, 0:2 მეჰანოვიჩი 75, 1:2 ვუო 89.

დინამო: დაუშვილი, პაპავა, გველესიანი (ხიდეშელი 46’), რეხვიაშვილი, კვირკველია (შერგელაშვილი 80’), ცინცაძე (ლობჟანიძე 60’), პაპუნაშვილი (გორგიაშვილი 60’), ძარია, ჯანელიძე (გოგა 60’), ჩისკო (გლიშიჩი 60’) ვუო
მლადა: დივიში - კისელა, კუდელა, ვრაშტლი, იანიჩეკი - იაროლიმი, ფუსეკი - ბრატლი, აგერა, შტოჰანცლი - ხრამოცა.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული