ფოთის "კოლხეთი" დუშეთში მოემზადება

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" პირველი ლიგის მეორე წრისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდმა რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა გამართა.

26 იანვარს ზაზა ინიაშვილის გუნდი "ზუგდიდთან" 1:4 დამარცხდა, 29-ში ქუთაისში "ტორპედოს" 1:0 მოუგო, 31-ში "სამტრედიასთან" სტუმრად 2:2 ითამაშა, ხოლო 3 თებერვალს ურეკში ქედას "ბეთლემს" 2:0 სძლია (ყიფიანი, მახარაძე).

"კოლხეთი" საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მეორე წრეს განახლებული შემადგენლობით ხვდება. გუნდიდან წავიდნენ მიხეილ რუსია, აკაკი ჯანელიძე, ლევან გაბუნია, სულხან კახიძე და გიორგია ჭედია. ეს უკანასკნელი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

რაც შეეხება შენაძენებს, კოლხები განსაკუთრებით კმაყოფილები არიან ორი ტრანსფერით: თბილისის
"დინამოდან" ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა დაიმატეს, მარტვილის "მერანიდან" კი - შალვა კვანტალიანი.

სხვათა შორის, 22 წლის კვანტალიანს "კოლხეთის" მაისურა აქამდეც მოურგია. მათ გარდა, გუნდს დაემატნენ ლევან ყიფიანი ("სამგურალი") და ირაკლი კუტალია ("მაჭახელა"). ამას გარდა, მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ ორ ფეხბურთელთან. ისინი უმაღლესი ლიგის გუნდებში თამაშობენ.

8 თებერვალს "კოლხეთი" დუშეთში მიემგზავრება და მეორე წრის დაწყებამდე იქ მოემზადება. დუშეთში ვარჯიშის დროს ფოთელები სპარინგებს გამართავენ "სასკოსა" და "ვიტ ჯორჯიასთან".

საინტერესოა, რომ კლუბის ბიუჯეტი სულ რაღაც 300 ათასი ლარია, რაც "კოლხეთის" პრეზიდენტმა თემურ ბარქაიამ გვითხრა. ცხადია, ეს საკმარისი ვერ იქნება, მაგრამ პრეზიდენტისავე თქმით, კლუბს ეკიპირებით ფოთის პორტი დაეხმარა, ხოლო "ლიბერთი ბანკი" სპონსორობაზე დათანხმდა.

"კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაზე ფიქრობს. თუ ჩვენი ფეხბურთის 100 წლისთავს პირველ ლიგაში დაქვეითებულნი შევხვდით, იმედია, უმაღლესში ახლა მაინც დავიბრუნებთ ადგილს"
, - ამბობს ბარქაია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები !!! ♥
Çøtne
21:01 04-02-2014
0

სიახლეები პოპულარული