სოსო ფრუიძე: ბიძინა ივანიშვილის სიტყვების არსი ბევრმა ვერ გაიგო

AutoSharing Option
დააფინანსებს თუ არა კომპანია "ქართუ" საჩხერის "ჩიხურას"? 4 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, როგორც ჩანს, არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს - თითქოს, მისი კომპანიები "ჩიხურას" აღარ დააფინანსებენ.

სინამდვილეში, "მოქალაქის" დამფუძნებელმა შემდეგი თქვა:

"ჩემი აზრით, მარტო საჩხერის ფეხბურთი არ უნდა დაფინანსდეს. თანხები, რომლებსაც ფონდი "ქართუ" ქველმოქმედებაში ხარჯავდა, კონკრეტულ სამინისტროებს უნდა გადაეცეს, რომელთა შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც მოიაზრება.

არ მაქვს ამბიცია, რომ "ჩიხურა" აუცილებლად საქართველოს ჩემპიონი იყოს. გუნდში დაქირავებულია ფეხბურთელთა 90 პროცენტი და ასე გაგრძელების არავითარი სურვილი არ მაქვს.
ბავშვები საჩხერეში უნდა აღიზარდონ, გუნდი მათგან უნდა ჩამოყალიბდეს და არა ჩამოსულებისგან. ჩემი მხრიდან, ქველმოქმედება იყო გამოსავალი, ჩემს ქვეყანას რომ დავხმარებოდი. ახლა მე საკმაოდ დაკავებული ვარ თანაინვესტირების ფონდით.

იმას, რასაც საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აკეთებდა, ის თანხები სამინისტროებს, მათ შორის, სპორტის სამინისტროს უნდა გადაეცეს და თავად გაარკვიონ პრიორიტეტები და არა - ფონდში არჩეულმა საბჭომ, რომელიც ბევრ დროს მართმევდა"
.

მოკლედ, აქ არ არის ლაპარაკი კლუბის დაფინანსების შეწყვეტაზე. "მარტო საჩხერის ფეხბურთი არ უნდა დაფინანსდეს" - იმას ნიშნავს, რომ სხვა კლუბებიც უნდა დაფინანსდნენ.

საქართველოს ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ჩიხურას" ივანიშვილის კომპანიები დაურიცხავენ ფულს თუ სპორტის სამინისტროს "ქართუს" თანხებს გადაუმისამართებენ, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

კომენტარისთვის "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დავუკავშირდით:

"ასე მგონია, ივანიშვილის სიტყვების არსი ბევრმა ვერ გაიგო. ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ აღარ დაგვაფინანსებენ. უბრალოდ, ის მომხრეა, რომ ჩვენთან ერთად სხვა გუნდებიც დაფინანსდნენ, თორემ ორიოდე ძლიერი გუნდი საერთო დონეს ვერ გაზრდის.

ამას ადრეც ამბობდა, რომ საჭიროა, ყველა გუნდს ჰქონდეს საკუთარი ინფრასტრუქტურა, ბაზები, საბავშვო სკოლები... მხოლოდ ასე ამაღლდება ეროვნული ჩემპიონატისა და ჩვენი ფეხბურთის საერთო დონე.

ბატონი ბიძინა გაცილებით მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. მან თქვა, რომ საჭიროა ადგილობრივი კადრების გაზრდა. მხოლოდ ჩამოსულებით "ჩიხურას" მომავალი ვერ წარმოგვიდგენია და ამიტომაც არსებობს საფეხბურთო სკოლა, სადაც 350-მდე ბავშვი უფასოდ ვარჯიშობს. დარწმუნებული ვარ, მათში დაბანდებული თანხები შედეგებს უახლოეს წლებში მოიტანს.

"ქართუმ" "ჩიხურა" შარშან 2 მილიონით დააფინანსა. არათუ არ დაგვაფინანსებენ, მალე რამდენიმე ძლიერ მოთამაშესაც დავიმატებთ და ეს ჭორებიც გაიფანტება"
.

კლუბის გენერალური დირექტორი ბერიკა შუკაკიძე კი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს:

"ამ საკითხზე ფონდ "ქართუს" დირექტორსაც ველაპარაკე და არ უთქვამს, რომ აღარ დაგვაფინანსებენ. პირიქით, ბიუჯეტის 2,5 მილიონამდე გაზრდაზეა ლაპარაკი. ივანიშვილმა თქვა, რომ მხოლოდ ჩვენი და რამდენიმე კლუბის დაფინანსება და ასეთი ჩემპიონატი საქმეს არ წაადგება"
.

* * *
ამასობაში, ჩიხურა ურეკში გაემგზავრა და ფოთის "კოლხეთთან" ამხანაგურად ითამაშა. სოსო ფრუიძის გუნდმა 3:1 გაიმარჯვა. საჩხერელთაგან თავი საბა ლომიამ (2) და ჯაბა ჯიღაურმა გამოიჩინეს.

ჩიხურა: თევდორაძე, კაშია, ჭელიძე, ლომაშვილი, ჩიკვაიძე, ქიმაძე, დათუნაიშვილი, ჯიღაური, მუმლაძე, ლომია, დეკანოიძე. შეცვლაზე: მწყერაშვილი, გაბედავა, ივანიშვილი.

გუნდი ორი დღით დაისვენებს და 7 თებერვალს შეიკრიბება. "ჩიხურას" სწორედ ამ დღეს შეუერთდება თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი გივი კვარაცხელია. ფრუიძის თქმით, კვარაცხელიამ ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ევროთასებზე გასვლის შემთხვევაში, "ჩიხურაში" დარჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაგრაც არ მეჩვენება დამაჯერებლად ეს ყველაფერი მას ქონდა დრო და შვიდი მილიარდი რომ ნორმალური სტადიონი აესენებინა მშობლიური ქლაქისთვის ამში მასშულ ათი თხუთმეტი მილიონი ეყოფოდა მაგრამ საქმე მგონი იმაშია რომ ენანება ალბათ პროვინციული კლუბისთვის ფული და უნდა უფრო გასაპიარებლად უმჯობეს საქმეში ჩადოს ფული და ტან პოლიტიკური ქულების აკრეფა თავისი გუნდისთვის რაშიც ხელს გარკვეული გარემოება უშლის ეს გარემოება კი ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი სიჭინავაა
0
სოსო დიდ პატივს გცემ, მაგრამ სულ ადგილობრივებით როგორ გაქაჩავ? ეგ კი კარგია მაგრამ რა ადგილობრივიც ხომ უნდა დაიქირავო?(კონტრაქტი გაუფორმო)ფეხბურთი კარგად იცი ვიცი, მაგრამ მაგ მოსაზრებაში ვერ დაგეთანხმები. კი ბავშვთა სკოლები უნდა აღორძინდეს , რაზეა ლაპარაკი, მაგრამ გუნდში სულ ადგილობრივებით ვერც შედეგს მიაღწევ და ყველამ რო ეგრე გააკეთოს, სულ დასამარდება ფეხბურთი(მესმის ადგილობრივი ადვილი შესანახია)
tamazi
01:43 06-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული