თემურ შალამბერიძე: ამ ეტაპზე "საბურთალო" უმაღლესში გადასვლაზე არ ფიქრობს

AutoSharing Option
"საბურთალო", სადაც ასაკობრივი ნაკრების ბევრი მოთამაშეა, თურქული შეკრებიდან დაბრუნდა. პირველლიგელი იქ 3 კვირის განმავლობაში ემზადებოდა.

თემურ შალამბერიძის გაწვრთნილებმა 6 სპარინგ-მატჩიდან 1 მოიგეს, ამდენივე წააგეს, ხოლო ოთხიც ფრედ დაასრულეს.

მთავარი მწვრთნელი თურქული შეკრებით კმაყოფილია და ამბობს, რომ მოახლოებულ მეორე წრეს "საბურთალო" მომზადებული ხვდება.

"მხოლოდ ერთ შეხვედრაში, ბულგარეთის უმაღლესლიგელ "ჩერნო მორესთან" დავმარცხდით და ისიც არ უნდა წაგვეგო. ერთი თამაში და ვარჯიში არ ჩაგვიგდია.

მეტოქეებიდან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი "ჩერნო მორესა" და "ალექსანდრიას". ყაზახეთის კლუბებიც მომეწონა - ისინი მატერიალურად უზრუნველყოფილები არიან და ჩემპიონატში ყოველ
შესვენებაზე 2-3 შეკრებას გადიან. მაგრამ მაინც არ მეგონა, პირველი ლიგის გუნდები ასეთ პროგრესს თუ განიცდიდნენ...

კლუბის ახალწვეულს რაც შეეხება, კარგად ვიცი გიორგი მამუჩიშვილის შესაძლებლობები. მართალია, ჯერ სრულ მზადყოფნაში არ არის, მაგრამ სეზონი დაიწყება და ჩვეულ სპორტულ ფორმაში ჩადგება. მისი მჯერა და მეიმედება.

2 მარტს სეზონი განახლდება და მიმაჩნია, რომ გუნდი სეზონის განახლებისთვის მზად არის. გუნდი ნელ-ნელა იზრდება და იმედია, მეორე წრეში თავს უკეთ წარმოვაჩენთ, უფრო სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ.

სამწუხარო ისაა, რომ თურქულ შეკრებაზე რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმების გამო მომზადება ვერ მოახერხა...

"საბურთალო" პირველ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. ამ ეტაპზე უმაღლესში გადასვლაზე არ ვფიქრობთ. მოთამაშეთა 80-90 პროცენტი "საბურთალოს" აღზრდილია. ზაფხულამდე ვეცდებით, ის ფეხბურთელები გამოვარჩიოთ, რომელთაც მომავალში დავეყრდნობით.

და თუ მიზნად უმაღლესში გადასვლას დავისახავთ, მაშინ გაძლიერებაზეც ვიზრუნებთ. თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია", - ამბობს შალამბერიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული