ამან საჩხერელთა უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. ანუ "ჩიხურა" კვლავ ხიზნად რჩება...
ლიდერებისგან ყველა დაძაბულ მატჩს ელოდა. ეს იმედები კიდევ უფრო გააღვივა "ჩიხურას" მიერ სუპერთასზე თბილისელთა ძლევამ, საგაზაფხულო ეტაპზე გუნდის წარმატებულმა სტარტმა და თბილისის "დინამოს" "სიონთან" წაფორხილებამ.
მაგრამ არავითარი დაძაბულობა - მატჩი სახალისო და უხვგოლიანი გამოდგა.
საჩხერელებმა თამაში აქტიურად კი დაიწყეს, თუმცა მეტოქის საჯარიმოში შესვლა უჭირდათ.
თუმცა საწყის წუთებში ასეთ შედეგს მაინც ვერავინ წარმოიდგენდა.
ანგარიში უკვე მე-8 წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფლანგიდან ოთარ მარცვალაძემ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც გიორგი პაპუნაშვილმა მცველთა უყურადღებობით ისარგებლა, დაუხანებლად დასცხო და "ჩიხურას" კარის ბადე შეარხია - 0:1.
"დინამოს" ფორმით ეს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველის პირველი გოლი იყო.
საჩხერელები ვალში არ დარჩენილან: 22-ე წუთზე სწრაფი შეტევა ყოფილმა დინამოელმა ლევან ხმალაძემ მეტოქის ეფექტური მოტყუებით წამოიწყო, ბურთი ბესიკ დეკანოიძეს გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოში გიორგი გაბედავა მოძებნა, მან კი მახვილი კუთხიდან გიორგი ლორიას შორეულ ძელთან გაუტანა - 1:1.
წონასწორობა დიდხანს არ შენარჩუნებულა. 36-ე წუთზე მარცვალაძემ საჯარიმოში გიორგი მერებაშვილი მოძებნა, რომელიც საჩხერელთა მცველთან, კიდევ ერთ ექსდინამოელ გია კვარაცხელიასთან ბრძოლაში წაიქცა. არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. კვარაცხელიამ და საჩხერელებმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ამტკიცებდნენ, რომ მცველს წესები არ დაურღვევია, მაგრამ ვადაჭკორიამ გადაწყვეტილება არ შეცვალა - კამათისთვის კვარაცხელიას ყვითელი ბარათი აუფრიალა, ჩისკომ კი საჯარიმო გამოიყენა და "დინამო" დააწინაურა - 1:2.
ამის შემდეგ რეალური შანსი ჰქონდა მარცვალაძეს, რომელიც ჩისკომ მეკარესთან პირისპირ დატოვა. "დინამოს" ახალწვეულმა მეკარე და მცველი მოატყუა, დარტყმა დააყოვნა და მეკარე რევაზ თევდორაძემ თავისიანები გადაარჩინა.
უკანასკნელმა გიორგი მერებაშვილის დარტყმულს უკვე ვერაფერი მოუხერხა - დინამოელმა დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა, თევდორაძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და - 1:3.
საჩხერელებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს. მალე "მასპინძლებს" მსაჯთან პრეტენზია კიდევ ერთხელ გაუჩნდათ - "დინამოს" საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი გიორგი გველესიანს ხელზე მოხვდა და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მსაჯმა კი თამაში გააგრძელა.
მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ მატჩის შემდეგ საჩხერელები სწორედ ამ და პირველი ტაიმის ერთ (მათი აზრით) საპენალტო ეპიზოდზე ამახვილებდნენ ყურადღებას და მსაჯობით უკმაყოფილებას არ მალავდნენ...
მეოთხედ "ჩიხურას" კარი ისევ ჩისკომ აიღო, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან დავით კვირკველიას ჩაწოდებულს თავი დაახვედრა - 1:4.
მალე ესპანელმა ლეგიონერმა დორინ გოგას ფლანგური გარღვევა დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან დააგვირგვინა და ჰეთ-თრიქი შეასრულა - 1:5.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს გატანა კიდევ შეეძლო (მათე ცინცაძეს, დეკანოიძეს, ნიკა კვასხვაძეს, გოგას, გაბედავას), ანგარიში აღარ შეცვლილა და "დინამომ" უშუალო კონკურენტთან სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა.
ტურის სხვა მატჩები:
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 0:2 - მე-500 გოლი და განაღდებული "ექვსეული" [VIDEO]
სიონი-ტორპედო 1:2 - გარდასახვა შესვენების შემდეგ [VIDEO]
ზუგდიდი-დილა 2:1 - ზურგის ქარი [VIDEO]
გურია-სპარტაკი 0:1 - საკუთარი მოედნის კომპლექსი?
მერანი-მეტალურგი 0:0 - იყო თუ არა პენალტი?
ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ჩისკო (დინამო თბ) 12
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9
I ეტაპის ბოლო ორი ტური
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო
XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"