რომან ფიფია: დინამოსგან ევროპული კლუბის შექმნა რეალურია

AutoSharing Option
მაშ ასე, ბიზნესმენი რომან ფიფია თბილისის "დინამოს" მეპატრონე გახდა. მართალია, კლუბის გასხვისების დეტალები ჯერ საბოლოოდ არ შეთანხმებულა, მაგრამ ბიზნესმენი ამბობს, რომ პატარკაციშვილის ოჯახთან უშუალო შეხვედრის შემდეგ ყველა დეტალი გაირკვევა.

თბილისის "დინამოს" ღონიერი პატრონის ხელში გადასვლით გულშემატკივარი გახარებული და დაიმედებულია. ფაქტია, რომ ფიფიას "დინამოში" მისვლა ქართულ ფეხბურთს გამოაცოცხლებს. ამის იმედი ფორუმის კომენტარებში ამოვიკითხეთ:

- რომან, შენი იმედი გვაქვს მე და მთელ საქართველოს.
- კარგია, იმედია ფულს ჩადებს და შედეგი იქნება.
- იმედია, რაღაც დოზით მაინც დაიბრუნებს "დინამო" ძველ დიდებას.
- "დინამოს"
ფანებს ვულოცავ ახალ ამბავს. იმედია მართლა რამე ეშველება.
- საინტერესო ზამთარი გველოდება წინ... ტრანსფერებს ვგულისხმობ. "ვისოლი", აბა, შენ იცი, კარგი ფეხბურთელების ყიდვაში არ ჩამორჩე "დინამოს":D იქით კოკაია გადაირევა, აქეთ კირკიტაძე.
- ვაააა, კარგი ამბავია! "დინამოს" ოღონდ ვინმემ ძველი დიდება დაუბრუნოს და ამ კაცის წარსული არ მაინტერესებს. "ბაიას", "სამტრედიასა" და "კოლხეთსაც" უშოვნეთ სპონსორები...


პირველად მოგვეცა საშუალება, გავსაუბრებოდით "დინამოს" ახალ მეპატრონეს. საუბარში ქრება რუსულ ინტერნეტ-გაზეთებში ნანახი სურათებიდან მიღებული შთაბეჭდილება გოროზ ბიზნესმენზე. პირიქით, მედიასთან მისი პირველი წარდგენისას გამოჩნდა, რომ საკმაოდ თავაზიანი ადამიანია.

რომან ფიფია ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციაში "დინამოს" მამრთველ დირექტორ ბუბა ტყავაძესთან და ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ერთად დაგვხვდა, ტელევიზიებთან ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ კი "ლელოს" ელაპარაკა.

- უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის "დინამო" იყიდეთ?
- ჯერ პატარკაციშვილის ოჯახს შევხვდები და ერთ კვირაში ყველაფერზე ვრცლად და დეტალურად დაგელაპარაკებით.

- სარატოვის "სოკოლის" პრეზიდენტი იყავით და, ცხადია, ფეხბურთი თქვენთვის უცხო საქმე არ არის.
- რა თქმა უნდა, ფეხბურთის მოყვარულიც ვარ და გამოცდილებაც გამაჩნია. თბილისის "დინამოს" პატრონობა იმიტომაც გადავწყვიტე, რომ ქვეყანა მიყვარს, საქართველოში კი ფეხბურთის განვითარების პოტენციალს ვხედავ. არის კიდეც პირობები "დინამო" გასაძლიერებლად. და თუ საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ, მაშინ გეგმებზე ვრცლად ერთ კვირაში ვილაპარაკებთ. გეგმა მაინც ერთია - თბილისის "დინამომ" ქართულ ფეხბურთში თავისი ადგილი უნდა დაიბრუნოს. იმედია, მუშაობას ბატონ ბუბა ტყავაძესთან ერთად გავაგრძელებთ.

- "დინამოთი" თქვენი დაინტერესება რამ განაპირობა?
- იმან, რომ დიდი ხანია თბილისის "დინამოთი" დავინტერესდი. დღეს კი ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომელიც მაძლევს უფლებას, მივმართო დაინტერესებულ პირებს და კლუბში ჩემი მისვლა შევთავაზო. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ბევრს ვერაფერს გეტყვით. მართალი გითხრათ, შესათანხმებელი დარჩა გარკვეული დეტალები. როგორც ვიცი, კლუბში ჩემი მისვლის იდეა მოეწონათ.

დღეს ბევრ გუნდს გამოუჩნდა პატრონი, ქუთაისის "ტორპედოს", "ზესტაფონს"... თბილისის "დინამოსაც" უნდა ჰყავდეს პატრონი. მისი განვითარების რესურსები ჩვენც გაგვაჩნია და "დინამოსაც". ეს რესურსები უნდა გაერთიანდეს და კარგი კლუბი უნდა ჩამოყალიბდეს.

- დაახლოებით რა მასშტაბის ინვესტიციას გეგმავთ?
- ერთ კვირაში რომ შევხვდებით, მერე გეტყვით ყველაფერს.

- "დინამოს" მეპატრონისთვის მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბის კლუბის ჩამოყალიბება არ უნდა იყოს საინტერესო.
- რა თქმა უნდა, კლუბის აღორძინება და ევროპაში წარმატებული გამოსვლა გვსურს. მიმაჩნია, რომ ევროპული დონის კლუბის ჩამოყალიბება აბსოლუტურად რეალურია, რადგან თბილისის "დინამოს" დიდი რესურსი აქვს.

- ერთი კვირაო, რომ ამბობთ, ეს დრო პატარკაციშვილის ოჯახთან მოსალაპარაკებლად გჭირდებათ?
- ამასაც ვგულისხმობ და ყველა იმ საკითხს, რომელთა მოგვარებასაც ამ ერთ კვირაში ვცდილობ.

- რუსეთში სარატოვის "სოკოლს" პატრონობდით.
- დიახ, ეს ის კლუბია, რომელიც სამოცი წელი რუსეთის მეორე ლიგაში თამაშობდა, ორ წელიწადში კი უმაღლესში გადავიყვანე, ჩემი წამოსვლის დროსაც უმაღლესში მეხუთე ადგილზე იყო. სხვათა შორის, რუსეთიდან 2000 წელს წავედი და არა 2005-ში, როდესაც სარატოვის გუბერნატორი აიაცკოვი მოხსნეს. რუსეთის შემდეგ ოჯახთან ერთად საფრანგეთში გადავედი, იქ ისწავლეს ჩემმა შვილებმა. თბილისში კი 2005 წელს ჩამოვედი და საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა.

- ანუ რუსული წყაროების ინფორმაცია, რომ ქვეყნის დატოვება გუბერნატორის გადაყენების გამო მოგიხდათ, არასწორია?
- დიახ, არასწორია. მერე, როდესაც მივხვდი, რა მიმართულებით მიდიოდა საქართველო, აქ დავიწყე საქმიანობა.

- "სოკოლის" ყოფილი ფეხბურთელი გიზო ჯელაძე ამბობს, რომ იმ ყაიდის მეპატრონე არ ხართ, რომელიც კლუბს შუამავალ მმართველს მიაბარებს - გუნდთან ახლოს იყოო.
- გიზომ კარგად იცის, როგორი ურთიერთობა მქონდა ფეხბურთელებთან. "სოკოლში" ერთად საკმაო ხანი ვიყავით და ამ ქალაქის ისტორიაში არნახულ შედეგს მივაღწიეთ. ეს კლუბში დამყარებული მეგობრული ურთიერთობის შედეგი იყო.

- კლუბიდან რატომ წამოხვედით?
- იმიტომ, რომ "სოკოლის" წარმატება მოსკოვის წამყვანი კლუბებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მერე დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ წინ არ წავსულიყავით, მე კი ეს თამაში მივატოვე. ეს 2001 წელს მოხდა.

- ასეთ პრობლემებს გიქმნიდნენ?
- რა თქმა უნდა. მსაჯები ძალიან უწესოდ იქცეოდნენ. ვიღაცებისთვის წარმოუდგენელი და მიუღებელი იყო, უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან მეორე სეზონში "სოკოლი" მეხუთე ადგილზე რომ დაწინაურდა.

- "დინამოს" გულშემატკივარი ამბიციურია და თქვენგან ასეთივე კლუბს ელის.
- მეც ამიტომ მოვდივარ კლუბში. ოღონდ, მოლაპარაკების დასრულებამდე ერთი კვირა დარჩა და მერე გეტყვით, რა ამოცანები დავისახეთ.

- თქვით, რომ იმედი გაქვთ, სამიანობას ბუბა ტყავაძესთან ერთად გააგრძელებთ. შევიტყვეთ, რომ კახა კაჭარავას დაბრუნებასაც აპირებთ.
- კონკრეტულ საკითხებზე ერთი კვირის შემდეგ ვილაპარაკოთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერცერთ გუნდს ვერ ეშველება თუ მაყურებელმა არ დაიწყო სტადიონზე სიარული:(ამ ღორებმა უნდა გაიგონ რომ ცარიელ ტრიბუნებს სჯობია ძალზედ იაფიანი 1 ან 2 ლარიანი ბილეთები გაყიდონ მასიურად,ხომ ხედავთ ხალხს 5ლარიანის ყიდვაც კი არ შეუძლია:(
barnaba
13:55 10-12-2010
0
არ ღირს ამ თამაშების ყურება 5 ლარი და იმიტომ არ გადაიხდის ხალხი. თამაშის ხარისხი და ფასი უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. საქართველოს ჩემპიონატის თამაშები 2 ლარზე მეტი არ ღირს და ისიც გამონაკლისი.
tolika
21:44 10-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული