ისე, არც გაემტყუნება - ახალგაზრდა კაცი, ასეთი ამბიციური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ პრესკონფერენციას
აქვე, ვიდრე პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ კითხვა-პასუხებს გაეცნობოდეთ, იმას ვიტყვით, რომ თორნიკე მაისურაძე "ოლიმპში" მწვრთნელ-კონსულტანტის სტატუსით იმუშავებს. ოღონდ, ეს უფრო პირობითი ფორმულირებაა, რადგან ახალგაზრდა მწვრთნელი აუცილებელ "A" ლიცენზიას ჯერჯერობით არ ფლობს.
- გუნდში მუშაობს "A" ლიცენზიის მქონე მწვრთნელი არმაზ ჯელაძე, მე კი უახლოეს პერიოდში "B" ლიცენზიას ავიღებ. თუმცა, ეს ფაქტი "რაღაც" პრობლემად არ მიმაჩნია.
- საკმაოდ ამბიციურ გუნდში მიხვედით. "ოლიმპის" მიზნები იგივე რჩება?
- პროგრამა-მინიმუმი ჩემპიონობის შენარჩუნებაა, მაქსიმუმი კი - "დუბლის" შესრულება. ამისათვის კი კლუბის ხელმძღვანელებისგან ყველა პირობა გვაქვს შექმნილი - უპირველეს ყოვლისა, კლუბის პრეზიდენტსა და ჩვენს მთავარ სპონსორს, სააქციო საზოგადოება "ქართულ ფოლადს" ვგულისხმობ.
- გუნდის "ახლოდან" გაცნობა უკვე მოასწარით?
- სამი კვირის წინ მოვედი გუნდში და თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლები კარგად ვიცი. მჯერა, რომ ამ კონტიგენტით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შესაძლებელი იქნება; აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ვისგანაც კარგად დაკომპლექტებული და მომზადებული გუნდი ჩავიბარე.
- გუნდის სამწვრთნელო შტაბსა და შემადგენლობაში რაიმე ცვლილებას ხომ არ უნდა ველოდოთ?
- სამწვრთნელო შტაბში კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ და მათთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არა მაქვს, იგივეს ვიტყვი ფეხბურთელებზეც, თანაც, ზამთრის პაუზის მერე რამდენიმე ახალ მოთამაშეს დავიმატებთ.
- ბოლო წლებში "ოლიმპში" ყოველი ექვსი თვის მერე შემადგენლობა რადიკალურად იცვლებოდა-ხოლმე...
- კიდევ ვიმეორებ, ჯერჯერობით გუნდიდან არავინ მიდის - თითქმის ყველა ფეხბურთელს, მინიმუმ სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი, ზოგს უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულება აკავშირებს.
- ანუ, ირაკლი მოდებაძე გუნდიდან არ მიდის?
- მოდებაძე ჩვენთან არის და მის წასვლაზე გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია.
- წლის ბოლომდე სამი მნიშვნელოვანი მატჩი გელოდებათ...
- "სიონთან" შეხვედრაში გამარჯვების გარდა სხვა არც ერთი შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს; ამის შემდეგ კი ურთულესი სათასო შეხვედრა გვექნება "ზესტაფონთან" და პირველ დაპირისპირებაში სამბურთიანი სხვაობით დამარცხების მიუხედავად, ყველა ღონეს ვიხმართ, ნახევარფინალის საგზური რომ მოვიპოვოთ. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. რაც შეეხება სუპერთასს, მართალია ფავორიტად "ოლიმპი" მიიჩნევა, მიმაჩნია, რომ აქაც რთული მატჩი იქნება, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
- ზამთრის პაუზის დროს "ოლიმპი" შეკრებას სად გაივლის? ადრე ხომ ხშირად ყოფილა, როცა ასეთი ამბიციური გუნდი... ადგილზე, რუსთავში გადიოდა მოსამზადებელ პერიოდს.
- იანვარში შეკრება აუცილებლად გვექნება, ოღონდ - საქართველოში; აი, მერე კი, ზაფხულში, არ არის გამორიცხული უცხოეთშიც მოვემზადოთ.