XVIII ტურის წინათქმა

AutoSharing Option
დღევანდელი და ხვალინდელი მატჩებით ჩემპიონატის პირველი ეტაპი მთავრდება; თუმცა, უმაღლესი ლიგის ათი გუნდიდან მხოლოდ სამი ("ბაია", "კოლხეთი", "სამტრედია") გავა "დამსახურებულ" შვებულებაში, დანარჩენი შვიდისთვის ("ზესტაფონი", "ოლიმპი", "დინამო", "ვიტ ჯორჯია", "ტორპედო", "სიონი", "სპარტაკი") კი სეზონი გრძელდება - 15 დეკემბერს თასის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრებია დანიშნული.

ეგ კი არა, ქვეყნის ჩემპიონს "ოლიმპს" და თასის მფლობელს "ვიტ ჯორჯიას" კიდევ ერთი მატჩი ელოდებათ - 2010 წელს...  სუპერთასის შეხვედრით "გავაცილებთ", 21 დეკემბერს რომ არის დანიშნული. მაგრამ, მანამდე ხომ პირველი ეტაპის დასკვნითი ტურია, არცთუ უმნიშვნელო კითხვას რომ უნდა
გასცეს პასუხი; ანუ, სწორედ XVIII ტურმა უნდა გამოავლინოს ის გუნდი, "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს რომ მოიპოვებს.

ერთი შეხედვით, რა დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს, ზამთრის პაუზის წინ სატურნირო ცხრილის სათავეში რომელი გუნდი იქნება; თუმცა, ბოლო წლების სტატისტიკა სხვა რამეს "ამტკიცებს": ზამთრის პაუზას ლიდერის რანგში რომელი გუნდიც შეხვდება, ჩემპიონატის საბოლოოდ გამარჯვებულიც ხდება-ხოლმე; ასე იყო წინა სეზონში ("ოლიმპი"), იმის წინ ("ვიტ ჯორჯია") და უფრო ადრეც ("დინამო")...

არ დაგვავიწყდეს ის გარემოებაც, რომ ზემოთნახსენებ სათასო მატჩებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება და არ არის გამორიცხული, 7 მეოთხედფინალისტიდან რამდენიმემ ამ ტურის მატჩებში გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზოს. თუმცა, ამ შემთხვევაში ძნელი სათქმელია, თუ რომელი გუნდებისათვის არის უფრო პრიორიტეტული სათასო მატჩები, ვიდრე ჩემპიონატის შეხვედრები. ასეა თუ ისე, დღეს და ხვალ ჩემპიონატის პირველ ეტაპს დავასრულებთ...


ოლიმპი-სიონი
ქვემოქართლური "დერბი" საკმაოდ დიდ ინტრიგას გვპირდება და ეს იმის მიუხედავად, რომ "ოლიმპსა" და "სიონს" ამ სეზონში აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვთ. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ მასპინძელთა გუნდს დღეს პირველად დამოძღვრავს დებიუტანტი მწვრთნელი თორნიკე მაისურაძე; სხვათა შორის, ბოლნისელებსაც ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავთ, ოღონდ, მაისურაძისგან განსხვავებით, გიორგი ყიფიანს უმაღლეს ლიგაში მოღვაწეობის ოთხთვიანი გამოცდილება დაუგროვდა. ერთი შეხედვით, ამ წყვილში ფავორიტის გამოცნობას ბევრი ფიქრი არ სჭირდება: "ოლიმპს" დაკარგული ლიდერობის დასაბრუნებლად მეტოქის დამარცხებაც ესაჭიროება და ამავდროულად, იმის იმედად უნდა იყოს, უშუალო კონკურენტმა "ზესტაფონმა" ქულები დაკარგოს. ამას გარდა, რუსთავის გუნდს რევანშის აღებაც მართებს პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო; თანაც, ამ ორი ქვემოქართლური გუნდების დაპირისპირების ხუთწლიან ისტორიაში პირველად მოხდა, როცა "სიონმა" პირველად შეძლო "ოლიმპის" დამარცხება. 3 ოქტომბერს ჩატარებული მატჩი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ სწორედ "სიონთან" მარცხის შემდეგ გაანთავისუფლეს "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გამოცდილი სპეციალისტი თემურ მახარაძე. თუმცა, დავუბრუნდეთ დღევანდელ შეხვედრას და მართლაც საინტერესო იქნება, თუ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს "ოლიმპის" ახალი თავკაცი თორნიკე მაისურაძე; თუმცა, ვეჭვობთ, რაიმე განსაკუთრებული ექსპერიმენტები ვიხილოთ მასპინძელთა შემადგენლობაში და ერთადერთი, ალბათ, გარკვეული ტაქტიკური გადაადგილებები შეიძლება მოხდეს. ისე, მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელებსაც უნდა "გავუგოთ": როგორი საქმეა, არასრული ოთხი თვის განმავლობაში... სამი სხვადასხვა საფეხბურთო "გემოვნების" მწვრთნელთან ურთიერთობა?..



ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია
მასპინძლები მოედანზე რომ გავლენ, "ოლიმპი"-"სიონის" შეხვედრის შედეგი უკვე ეცოდინებათ; თუმცა, ეს მაინც მეორეხარისხოვან ამბად მიგვაჩნია, რამეთუ "ზესტაფონი" , ფაქტობრივად, საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული: გამარჯვების შემთხვევაში გია გეგუჩაძის გუნდი "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს დაეუფლება. თანაც, მასპინძლებს მშვენიერი ტემპი აქვთ "აკრეფილი": სათასო შეხვედრის ჩათვლით, ზედიზედ ოთხი მატჩი ისე მოიგეს, მეტოქეთა კარში 16 ბურთი გაიტანეს, საკუთარში კი არც ერთი გაუშვიათ. არანაკლებ ინტერესს იწვევს კონკრეტული ფეხბურთელის ფაქტორიც: ჩემპიონატის წინა სამ ტურში რატი წინამძღვრიშვილს მეტოქეთა კარში ორ-ორი გოლი გაჰქონდა; თანაც, 22 წლის თავდამსხმელი სამივეჯერ შეცვლაზე შემოსული ახერხებდა "დუბლის" შესრულებას...

... წინა სეზონებში "ზესტაფონისთვის" თუ რომელიმე გუნდი მიიჩნეოდა უხერხულ მეტოქედ, სწორედ "ვიტ ჯორჯიაზე" ითქმის; თანაც, "ვეტერინარებისთვის" მნიშვნელობა არ ჰქონდა, შინ ეთამაშებოდნენ ძლიერ მოწინააღმდეგეს თუ სტუმრად და "ზესტაფონთან" ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსით მოიწონებენ თავს. თუმცა პირველ წრეში "ზესტაფონმა" ჯაბა დვალისა და ნიკოლოზ გელაშვილის გოლებით შეძლო უხერხული მეტოქის დამარცხება, მაგრამ იმ მატჩიდან ერთი საკამათო ეპიზოდიც დაგვამახსოვრდა, როცა "ვეტერინართა" ცენტრფორვარდს ბესიკ ჩიმაკაძეს გოლი არ ჩაუთვალეს. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ მასპინძელთა თავკაცს გია გეგუჩაძეს თავისუფლად შეუძლია ძირითად შემადგენლობაში როტაციის მოხდენა, აი, მის კოლეგას მერაბ კოჭლაშვილს კი დისკვალიფიკაციის გამო ორი წამყვანი ფეხბურთელი (გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე) არ ეყოლება. საერთოდ კი, სეზონის სტარტიდან თითქმის იშვიათად მომხდარა, "ვიტ ჯორჯიას" მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით რომ ეასპარეზოს - ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციის გამო, მუდამ აკლდა-ხოლმე წამყვანი ფეხბურთელები.



სპარტაკი-კოლხეთი
ეს მატჩი როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, "სპარტაკი" მაინც ბოლო ადგილზე დარჩება; თუმცა, მასპინძლებს ამ შეხვედრაში განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ: გამარჯვების შემთხვევაში უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტებს საგრძნობლად მიუახლოვებიან. საერთოდაც, "სპარტაკის" ამჟამინდელ მდგომარეობას კატასტროფული (გნებავთ, უიმედო) ნამდვილად აღარ ეთქმის: გუნდმა ნელ-ნელა თამაშის ხარისხიც გამოასწორა და, რაც მთავარია, საჭირო ქულების მოგროვებაც დაიწყო. საპირისპირო სიტუაციაა მეტოქე გუნდში: ჩინებულ სტარტს სერიოზული ჩავარდნა მოჰყვა, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ჰო, მართლაც ძნელია რამდენიმე თვე... უხელფასოდ და უპრემიოდ თამაში, რასაც გუნდიდან ფაქტობრივად, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა წასვლა დაემატა. სწორედ ამის გამოც იყო, რომ გამოუცდელი ჭაბუკებით მოასპარეზე "კოლხეთმა" ზედიზედ 5 მატჩი წააგო და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუარესა. სამწუხაროდ, არავინ იცის, თუ რა იქნება ზამთრის პაუზის შემდეგ, მაგრამ დღევანდელი კონტიგენტით გუნდს რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება, ფაქტია. არადა, სეზონი რომელმა შემადგენლობამაც დაიწყო, იმ გუნდით "კოლხეთს" ხუთეულში მოხვედრაზე ფიქრიც შეეძლო, მაგრამ ახლა აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. სხვათა შორის, დღევანდელი მეტოქეების პირველი წრის მატჩში ("კოლხეთის" გამარჯვებით რომ დამთავრდა) სტუმართა გუნდი მოედანზე პირველად გამოიყვანა ბადრი კვარაცხელიამ და "სპარტაკის" შემადგენლობაში ერთდროულად 5 დებიუტანტი ვიხილეთ. ის მატჩი არცთუ "უხმაურო" გამოდგა: შეხვედრის დასრულების შემდეგ "სპარტაკის" ხელმძღვანელები საჯაროდ გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას მათი აზრით არაობიექტური მსაჯობის გამო...


ბაია-სამტრედია
არანაკლებ პრინციპული დაპირისპირება უნდა შედგეს ზუგდიდშიც, სადაც ერთმანეთს ასევე უშუალო კონკურენტები ხვდებიან. იმის გარდა, რომ დღევანდელ მეტოქეებს ქულათა ერთნაირი რაოდენობა აქვთ, სხვა გასაჭირიც "აერთიანებთ": სეზონის დაწყებიდან დღემდე "ბაიაც" და "სამტრედიაც" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდიან. ოღონდ, სტუმრებმა მაინც შეძლეს, რომ შემადგენლობა შეენარჩუნებინათ და ახალგაზრდა მწვრთნელის გელა სანაიას დამოძღვრილი გუნდი, დროდადრო კი არა, ძალიან ხშირად ერთი-მეორეზე სასიამოვნო სიურპრიზებს სთავაზობს ერთგულ გულშემატკივარს. რაღა შორს მივდივართ: წინა ტური არ იყო, უხელფასო "სამტრედიამ" ქვეყნის ჩემპიონს "ოლიმპს" ასე საჭირო ქულები რომ დააკარგვინა? აი, "ბაიას" საქმეები კი უკან და უკან მიდის და ჩემპიონატის წინ სერიოზული გეგმების მქონე გუნდი ამჟამად ერთ-ერთი აუტსაიდერია. არადა, "კოლხეთის" მსგავსად, სეზონის დაწყების წინ "ბაიაშიც" ერთობ ძლიერმა შემადგენლობა მოიყარა თავი, მაგრამ ელგუჯა ქომეთიანის გუნდში იქიდან ორი-სამი ფეხბურთელიღა თუ შემორჩა.


დინამო-ტორპედო
და აი, ტურის მშვენებაც: ოთხწლიანი პაუზის შემდეგ "დინამოსა" და "ტორპედოს" მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატს "ქართული ელ კლასიკო" დაუბრუნდა! ისიც სიმბოლურია, რომ სხვა დანარჩენი ოთხი მატჩისაგან განსხვავებით, ძველი მეტოქეების დაპირისპირება ხვალ ჩატარდება და იქნებ, ამ ფაქტმა მაინც მოიყვანოს ქომაგი სტადიონზე. არადა, ათიოდე წლის წინათ სწორედ "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირებებში წყდებოდა საქართველოს ჩემპიონის ბედი; ბოლოს და ბოლოს, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სწორედ "ტორპედო" იყო პირველი ქართული გუნდი, საქართველოს ჩემპიონატში "დინამოს" ათწლიანი ჰეგემონია რომ დაამხო. ეგ კი არა, ქუთათურთა ზეობის პერიოდში "ტორპედო" სამჯერ ზედიზედ რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი, უკვე "დინამოს" უჭირდა თავის იმდროინდელ უპრინციპულეს მეტოქესთან ქულების მოპოვება. სამწუხაროდ, 2003 წლიდან სიტუაცია შეიცვალა: "დინამო" კვლავაც ამართლებდა "მარადიული ფავორიტის" სტატუსს, "ტორპედო" კი ნელ-ნელა მიექანებოდა უფსკრულისკენ და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სამი სეზონის განმავლობაში ქუთაისი დიდი ფეხბურთის გარეშე დარჩა. საბედნიეროდ, ახალი მეპატრონის (კომპანია "ვისოლი") დიდი ძალისხმევით ამ სეზონის წინ "ტორპედოში" სასიკეთო ცვლილებები მოხდა და როცა ამ გუნდის საშინაო მატჩებზე 10000 გულშემატკივარი არ მიდის, უკვე ეს ფაქტი გვიკვირს-ხოლმე...

ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრამ ქუთაისში უდიდესი ინტერესი გამოიწვია: ბოლოს და ბოლოს, სამი წელი ელოდა იქაური ქომაგი უპრინციპულეს მეტოქესთან პაექრობას. მატჩმაც მოლოდინი გაამართლა და საბოლოოდ, ლოგიკური საყაიმო ანგარიშით (1:1) დასრულდა; აღსანიშნავია, რომ სტუმართა კარში გოლი თენგიზ ჩიკვილაძემ გაიტანა, ვინც რამდენიმე თვის წინათ სწორედ "დინამოში" ასპარეზობდა და ისე როგორც სხვა კლუბებში, თავის... ბომბარდირულ თვისებებს იქაც ავლენდა. დაგვეთანხმებით, რომ ჩიკვილაძის მსგავსი მცველი-ბომბარდირი ქართულ ფეხბურთში ბევრი არა გვყავს და არც ის ფაქტია უმნიშვნელო, როცა ამ 28 წლის მოთამაშეს მეტოქეთა კარში ერთი-მეორეზე ეფექტური გოლები გააქვს. ყოველ შემთხვევაში, წინა ტურში "სპარტაკის" კარში ლამის ცენტრიდან რომ ბურთი გაიტანა, ალბათ, "სეზონის საუკეთესო გოლის" ნომინაციაზეა წარსადგენი.

"ტორპედომ" სეზონი მძიმედ დაიწყო, თუმცა ამას ბევრი ობიექტური მიზეზი ჰქონდა (უპირველესად, გუნდის ახალწვეულთა შეუთამაშებლობა); ამის მიუხედავად, მაინც მოულოდნელობა იყო ის ფაქტი, როცა გუნდი 7 ტურის განმავლობაში გამარჯვებას ვერ ახერხებდა. ასეთ შემთხვევაში კი, მოგეხსენებათ, საკადრო ცვლილებები ხდება-ხოლმე და, როგორც წესი, ეს ცვლილებები ამართლებს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად გია გიგატაძის დანიშვნის მერე გუნდმა შედეგი აშკარად გააუმჯობესა: მომდევნო ათ შეხვედრაში 5 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო. ამას გარდა, ამ ათ მატჩში გუნდს მართლაც "უცნაური" ბურთების სხვაობა ჰქონდა (7-3); ანუ, გუნდი საკუთარ კარში ძალიან ცოტას უშვებს, მაგრამ ვერც შედეგიანობით დაიკვეხნის (უმაღლეს ლიგაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს), მაგრამ, რაც მთავარია, "ტორპედო" სატურნირო ცხრილის ფსკერიდან "დაიძრა" და მეორე ეტაპიდან ალბათ, კიდევ უფრო ამბიციური მიზნებიც ექნება.

აი, "დინამოზე" კი ახალი რა უნდა ვთქვათ: ის ფაქტი, რომ გუნდი ლიდერთა სამეულშია, ვფიქრობთ, ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ერთგულ ქომაგებს არ დააკმაყოფილებთ; თუმცა, ხვალინდელ მატჩში, ალბათ, განსაკუთრებულად მოტივირებულ "დინამოს" ვიხილავთ და ამ შემთხვევაში, საქმე მხოლოდ პრინციპული მეტოქის ფაქტორში არ იქნება: ფაქტობრივად, გადაწყვეტილია ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მეპატრონის ვინაობა და "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებიც, ალბათ, მაქსიმალურ მონდომებას გამოიჩენენ. ამას გარდა, იმის თეორიული შანსიც ხომ არსებობს, რომ "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტული... სწორედ "დინამომ" მოიპოვოს; ოღონდ, ამისათვის თამაზ სამხარაძის გუნდს ხვალინდელ მატჩში მოგების გარდა "ზესტაფონის" და "ოლიმპის" საშინაო წაგებები "ესაჭიროება"; რაც, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ამ სეზონში ხომ უკვე არაერთი სენსაციაც ვნახეთ?..


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამო ორპედო 1 2.დინამო დეიხევი უკან 2ადგილით...
irakli777
16:01 11-12-2010
0
დავაიიი ტორპედოოოო გული მიგრძნობს მოიგებთ
avto
15:47 11-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული