კლოვისმა დაიწყო და დაასრულა

AutoSharing Option
მატჩის შემდეგ ერთი ადგილობრივი ქომაგი ამბობდა, აქ იმიტომ მოვედი, ბრძოლა მენახა, თორემ ანგარიშს სახლშიც გავიგებდიო... დაძაბული პაექრობა მართლაც არ გვინახავს "ქართლზე". ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ძალიან იოლად სძლია მოწინააღმდეგეს. ეს იყო ”სპარტაკის” მორიგი ნაბიჯი სატურნირო ცხრილის ფსკერიდან თავის დასაღწევად. არასახარბიელო სტარტის შემდეგ ბოლო ხანს რიგიანად ათამაშებული ცხინვალელები, მართალია, საახალწლო არდადეგებზე ისევ ბოლო ადგილზე მყოფნი მიდიან, მაგრამ დღეს ისე ჩანს, რომ ეს გუნდი ფსკერიდან მალე ამოყვინთავს.

არადა, მატჩის დასაწყისში მასპინძლების დიდი ანგარიშით გამარჯვება ძნელად სავარაუდო იყო. ძაგანიას ნახევარმომენტს თუ არ ჩავთვლით, პირველ
გოლამდე მაყურებელს არც ერთი კარის მიმართულებით ხიფათი არ უნახავს, ანუ გოლი საკმაოდ ”უწყინარ” 23 წუთს მოჰყვა. სწორედ 23-ე წუთზე მატჩის ყველაზე გამორჩეული მოთამაშის ნიკოლოზ მაისურაძის მიერ ჩაწოდებული ბურთი კარის სიახლოვეს მყოფმა ტიერი-ანს კლოვისმა იოლად გაიტანა თავით - 1:0. მაისურაძის საუკეთესოობა შემთხვევით არ გვიხსენებია. პირველი გოლი ხომ მისი პასით გავიდა, ცოტა ხანში მანვე მაღალი პასი მიიღო მკერდით, ბურთი მიწაზე დაუშვა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გაზარდა - 2:0. რამდენიმე წუთში მანვე ძაგანია გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა იგი მცველებმა საჯარიმოში მოცელეს და არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმაც უყოყმანოდ მიუთითა 11- მეტრიანი ნიშნულისაკენ. პენალტი გოლად შოთა კაშიამ აქცია - 3:0.

მოკლედ, ”სპარტაკი” მეტად უმტკივნეულოდ დაწინაურდა, თანაც დიდი ანგარიშით. მასპინძლებს გოლების გარდა თითქმის არ შეუქმნიათ ხიფათი გორდეზიანის კართან, აღარაფერს ვამბობთ ფოთელთა მხრიდან სოსო გრიშიკაშვილის ”შეწუხებაზე” - იგიც ყველაზე ”დაუსაქმებელი” ადამიანი იყო მოედანზე მყოფთაგან.

შესვენების შემდეგ პირველად ისევ ”სპარტაკმა” გამოიჩინა ფხა, როდესაც კლოვისი-ბოიომო-ძაგანიას კომბინაცია უკანასკნელის უზუსტო დარტყმით დასრულდა. ორ წუთში, როგორც იქნა, ფოთელებმაც გაიბრძოლეს, ლაშა საცერაძის თავური ხარიხას გადაევლო. ამის შემდეგ სტუმრებმა ტაიმის ბოლოსღა, 82-ე წუთზე შეგვახსენეს თავი მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი ეპიზოდით, თუმცა ისიც უკვე ოთხი ბურთით დაწინაურებული ”სპარტაკის” მობურთალთა ყურადღების მოდუნებით იყო გამოწვეული. მასპინძლებს ამ დროს ყველაფერი მოთავებული ჰქონდათ, ბოლო შედეგიანი დარტყმა კი ფოთელთა რბევის დამწყებმა კლოვისმა მიხეილ ბარაბაძის პასის შემდეგ შეასრულა - 4:0.


10. 12 გორი ქართლი 200 მაყურებელი
სპარტაკი - კოლხეთი 4:0
1:0 კლოვისი (23. მაისურაძის პასით), 2:0 მაისურაძე (29), 3:0 კაშია (42. პენალტით), 4:0 კლოვისი (82. ბარაბაძის პასით)

სპარტაკი კოლხეთი
4-4-2 4-5-1:
გრიშიკაშვილი გორდეზიანი
აქუბარდია ბარამიძე
ტეტუნაშვილი ცხვიტარია
ბოიომო ბუკია
ჭაფოძე ლემონჯავა
კაშია კუკულაძე
კაკაშვილი მეგრელიშვილი
შონია გოგონაია
მაისურაძე საცერაძე
ძაგანია მოისწრაფიშვილი
კლოვისი წიქარიშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
ბადრი კვარაცხელია ბესიკ შეროზია

სპარტაკი
53. კაკაშვილი – ზერეკიძე
60. ძაგანია - მ. ბარაბაძე
68. კაშია - დეკანოიძე
სათადარიგო: დაუშვილი, ჩალაძე, ხაჭვანი, მამუდოვი

კოლხეთი
46. კუკულაძე - გეგელია
68. ცხვიტარია - გაბუნია
82. მეგრელიშვილი - ქაშიბაძე
სათადარიგო: ჩიქობავა, კორსანტია

გაფრთხილება: ბარამიძე (42), ზერეკიძე (88)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული