თბილისის დინამო ჟორდანიასა და აბრამოვიჩის ევროპულ სქემაში

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. მომდევნო სტადიაზე ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის მეტოქე შვედური "გეფლე" იქნება. მეტოქე არც ისე ძლიერია, მისი დამარცხება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ სხვა საკითხია, შეუძლია თუ არა დღევანდელ "დინამოს" ამ ბარიერის გადალახვა?

ფაქტია, თბილისის "დინამო" მძიმე დღეშია. წასული ლიდერები მათი დონის მოთამაშეებმა ვერ შეცვალეს (რასაც გულშემატკივარი მისგან განსაკუთრებით ელოდა), გუნდმა უცხოური შეკრებაც ვერ მოაწყო - ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. ეს "დინამოში" არსებულ არსებულ ფინანსურ პრობლემებზე მიუთითებს.

დასამალი არ არის, ფრანგულ "ლე მანს" გაბონის
ნაკრების მეკარე დიდიე ოვონოს ტრანსფერში შეთანხმებული 700 ათასი ევრო ბოლომდე არ გადაუხდია. ეს კი "დინამოსთვის" პატარა თანხა არ არის.

სწორედ ამ გაჭირვებისა და პრობლემების გამო, აგრეთვე მერაბ ჟორდანიას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კიდევ ერთხელ აგორდა ხმები, რომ თბილისის "დინამოსა" და ეროვნულ სტადიონს, ჟორდანიას დახმარებით, რომან აბრამოვიჩი ყიდულობს.
მერე ეს ყველაფერი 2008 წელს დაწერილი და კარგად დავიწყებული ძველი ამბავი აღმოჩნდა - გამეორება ხომ ცოდნა დედაა. ჩვენამდე კი სულ სხვა ამბები მოვიდა - გაცილებით შინაარსიანი და მასშტაბური, ვიდრე თბილისის "დინამოს" ერთიდან მეორე მეპატრონის ხელში გადასვლაა.

გასაგები მიზეზის გამო, წყაროს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ არც იმას გეტყვით, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა-თქო. ჟორდანია აბრამოვიჩთან მეგობრობაზე ლაპარაკს ერიდება, მაგრამ მეგობრობს და "ჩელსის" მეპატრონე რუსი ოლიგარქი ისე ენდობა, ორი წლის წინ ბრაზილიაში კლუბის შესყიდვაც სთხოვა. ახლა კი ჟორდანიას ევროპაში - ბელგიაში, ჰოლანდიაში ან გერმანიაში (უფრო რეალური ამ ქვეყანაში ჩანს) კლუბის შესყიდვა და მისი თავკაცობა შესთავაზა.

"დინამო" მხოლოდ პირამიდული სქემის ნაწილი ჩანს, სადაც პირამიდის თავში "ჩელსი" იქნება, შემდეგ კიდევ რომელიმე ევროპული კლუბი და მერე - მისი რეგიონული პარტნიორი კლუბები, მათ შორის, თბილისის "დინამოც". ეს ჟორდანიას ჩანაფიქრია, რომელიც ფინანსურ გაჭირვებას ამ სქემაში ჩართვით დააღწევს თავს და საბჭოეთის დროინდელ ამბიციას თუ ვერ დაიბრუნებს, წელში მაინც გაიმართება.
ჩვენთვის განდობილი კიდევ ერთი ინფორმაცია - ივლისში "დინამოს" ძველ და ახალ მეპატრონეთა ლონდონში შესაძლო შეხვედრას უკავშირდება. როგორც ამტკიცებენ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახში ბუბა ტყავაძე და ჟორდანია უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და კლუბის ბედი გაერკვიათ.

ტყავაძე და ჟორდანია მართლაც იმყოფებოდნენ ლონდონში, მაგრამ შეხვედრა არ შედგა. თუმცა "დინამოს" გარშემო ვნებები არ ცხრება და არც ჩაცხრება - თბილისის "დინამო" მთელი ერის გუნდია და გულშემატკივარი მის მდგომარეობას სხვებზე მეტად განიცდის, თან იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან "დინამო" ძველი დიდებით დაგვიბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული