გურია დაყადაღებულია

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის 15 დეკემბრის სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წერილი განიხილეს - ლანჩხუთელებმა ''გურიასთვის" სახელის გადარქმევა გადაწყვიტეს, მაგრამ რა მოტივით, უცნობი იყო.

გუშინ გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძეს ამის გასარკვევად დავუკავშირდით.

- ''გურიისთვს" სახელის გადარქმევა რატომ გადაწყვიტეთ?
- აღმასკომის წევრებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა მიმართა წერილით. ''გურია 2000", რომელიც პირველ ლიგაში მონაწილეობს, დაყადაღებულია და ფაქტობრივად, საქმიანობის უფლება ჩამორთმეული აქვს.

კლუბი დაყადაღებულია იმიტომ, რომ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა 210 ათას ლარამდე ვალი. ეს არის ქონებისა და მიწის გადასახადი, აგრეთვე დარიცხული საურავები. ვალი 90 ათასი
ლარია, საურავებმა კი 120 ათასი შეადგინა. კლუბი საბიუჯეტო დაფინანსებაზე იყო, მაგრამ ფულს ვერ იღებდა და ვალები დაგროვდა. მუნიციპალიტეტმა კი თხოვნით მიმართა აღმასკომს, იქნებ ახალი კლუბი ჩამოყალიბდეს, რომელიც ''გურიას" ჩაენაცვლება.

- ახლა რა კლუბის ჩამოყალიბებას აპირებთ?
- მუნიციპალიტეტი აპირებს, ჩამოაყალიბოს ''აი-პი'' საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის ''გურია".

- გადაწყვეტილება აღმასკომის წევრებმა არ დაამტკიცეს.
- დიახ, არ დაამტკიცეს იმის გამო, რომ გათამაშებაში მონაწილეობას ვინც დაიწყებს, მანვე უნდა გააგრძელოს, მისი ჩანაცვლება არ შეიძლება. მაგრამ არსებობს გარკვეული გამონაკლისი და ახლა საკითხი განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცეს, რომელიც გადაწყვეტილებას იანვარში მიიღებს.

- საერთოდ, სახელს ახალი მეპატრონის მოსვლისას იცვლიან. ''გურიაში" რაიმე სიახლეს ხომ არ ველოდოთ?
- სამწუხაროდ, არანაირი სიახლე არ არის, გუნდის პატრონობის მსურველი არ გამოჩენილა. სახელის გადარქმევა ელემენტარული დაფინანსების გამო გვსურს. დაყადაღებული კლუბი სრულყოფილად ვერ მუშაობს, მხოლოდ ეს არის მიზეზი.

- მთელ რეგიონში ერთ წელიწადში გამართული კლუბი როგორ ვერ ჩამოყალიბდა?
- სამწუხაროდ, დაფინანსებაა პრობლემა. კაცი იმედით ცოცხლობს, უმაღლესში გუნდის დაბრუნების ამბიცია არ დაგვიკარგავს, მაგრამ უფულოდ ეს შეუძლებელია. პოტენციურ ინვესტორს, რომელსაც წელიწადში მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა, ''გურიასთან" ერთად გრიგოლეთის ბაზას სთავაზობდნენ. ურიგო წინადადება არ არის, მაგრამ არავინ გამოჩნდა. სხვათა შორის, გურიაშიც აჭარის მსგავსი პროექტის განხორციელება გვსურდა, ანუ ინვესტორისთვის მიწის ნაკვეთი უფასოდ გადაეცათ, სანაცვლოდ კი ''გურიასა" და გრიგოლეთის ბაზისთვის ეპატრონათ. სამწუხაროდ, ამ წინადადებითაც არავინ დაინტერესებულა. სხვა რა გზაა, უნდა დაველოდოთ, იქნებ ვინმე გამოჩდეს და გვეშველოს.

"გურიას" გასაჭირმა კიდევ ერთხელ დაგვაბრუნა იმ პრობლემებთან, ქართულ ფეხბურთში რომ არსებობს: სახელმწიფოსა და კლუბის ურთიერთობა დასარეგულირებელია. კურიოზული ვითარებაა: ლანჩხუთის კლუბი სახელმწიფოს უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ რამდენიმე წელია, ამას ვეღარ ახერხებს, რადგან ლანჩხუთს საქართველოს რაიონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწირი ბიუჯეტი აქვს. ამის გამო ''გურიას", ანუ ამ შემთხვევაში მის მესაკუთრე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს (რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო სტრუქტურაა), ისევ და ისევ სახელმწიფოს ვალი დაუგროვდა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული კლუბი შეეწირა. მოკლედ სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში არსებულმა გაუგებრობამ საფეხბურთო კლუბი შეიწირა. ეს ტიპური მაგალითია, როგორ გადააყოლეს ნაბან წყალს ბავშვი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული