"იმ დღიდან, როცა გუნდმა მიმდინარე სეზონისთვის მზადება დაიწყო, კლუბის წევრებთან და თანამშრომლებთან გაფორმდა კონტრაქტები და ყველა დეტალზე მოვილაპარაკეთ. ჩვენი მხრიდან არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ხელფასებიც დროულად რიგდება და პრემიებიც. კლუბს არავის წინაშე დავალიანება არ გააჩნია. მე შემიძლია ნებისმიერ პიროვნებას წარვუდგინო ყველა ხარჯის შესაბამისი დოკუმენტი", - ამბობს პაპიაშვილი (იხილეთ სრულად).
ცხადია, კომენტარისთვის რევაზ ძოძუაშვილს
- საკვებიც გვაქვს, ხელფასებიც, პირობებიც და ბაზაც. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ "ვისოლი" განზე გადგა და არაფერს გვიკეთებს. მაგრამ საქმე ისაა, რა მიზნები აქვს გუნდს დასახული.
ჩვენ გვსურდა სამეულში მოხვედრა და არა ლიგაში დარჩენა. საამისო პირობები კი ნამდვილად არ გვაქვს. ან რა უნდა იყოს სამ თვეში გაკეთებული გუნდი, სადაც მოთამაშეებს ნახევარწლიან კონტრაქტებს ვუფორმებთ და გაურკვეველი მომავალია? ისიც არ ვიცით, დეკემბრის შემდეგ რომელი ფეხბურთელი დარჩება და ვის იმედად უნდა ვიყოთ. კონტრაქტები დაუმთავრდებათ და მეშინია, ისევ ახალი გუნდის აწყობა არ მომიხდეს.
სწორედ ეს გაურკვევლობაა გუნდის პირველი მტერი, მოთამაშეებსა და მწვრთნელებს სტრესულ ვითარებაში რომ გვაგდებს. დიახ, ვიტამინები არის, აღდგენებიც და დასვენებაც. მაგრამ უკეთესი პირობებით მეტს მივაღწევთ.
"დინამო" ჩვენზე ბევრად მდიდარია, მაგრამ ქუთაისში თამაშს თავი შეაკლეს და აგერ, ბათუმის "დინამოსთან" წააგეს. როგორც მითხრეს, გუნდი გამოფიტული ყოფილა. არადა, აღდგენები ხომ ჩვენზე ბევრად უკეთესი აქვთ? გამოდის, ესეც არ ყოფილა საკმარისი და რა გასაკვირია, რომ ჩვენც უკეთესი გვსურს.
- თქვენ "ვისოლთან" გაქვთ პრეტენზია?
- პრეტენზია კი არ გვაქვს, გაურკვეველ მომავალზე ვდარდობთ. მაგრამ სანამ გუნდში არიან, ერთად მეტი შეგვიძლია.
- რას გულისხმობთ?
- ბოლო თამაშებია, ვერ ვიგებთ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცის უხილავი ხელი გვებრძვის. მსაჯებთანაც საჭიროა დალაპარაკება და ფეხბურთის ფედერაციასთანაც, თორემ ვეღარ გავიგე, რა ხდება ჩვენს თავს.
მეორეცაა - "დინამოს" ფეხბურთელებს ჩვენთან მოგებისთვის პრემიად 5 ათასი ლარი დაუწესეს, ჩვენ კი მხოლოდ 500 ლარი გვქონდა. ცხადია, მეტი მოტივაცია მეტი სტიმულია და ფეხბურთელს სულ სხვაგვარად ათამაშებს.
გარდა ამისა, ჩვენ ხელფასის ნაწილს გვირიცხავენ, ნაწილი კი ფედერაციისგან დარიცხულით გაისტუმრეთო.
- ყველა ვხედავთ, სხვა გუნდები რა დღეში არიან. ამის ფონზე, "ტორპედოს" ახლა მცირედითაც რომ ეხმარებიან, ესეც შვება უნდა იყოს თქვენთვის...
- როგორ არ გვეხმარებიან, მაგრამ ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ქუთაისელ გულშემატკივრებს გაახარებს, ჯერჯერობით შეუძლებელია. სამწუხაროდ, "ვისოლს" ფეხბურთიდან წასვლა სურს და ასეთ პირობებში, ვიმეორებ, მათთან პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს.
მაგრამ "ტორპედოს" რა ეშველება? სულ ასეთ გაურკვევლობაში ხომ არ უნდა ვიყოთ? საერთოდ, საით მივექანებით კრიზისში მყოფი გუნდებით?
მეორე ამბავიც არის: როცა ხედავენ, რომ გუნდის პრობლემებით რეალურად არავინ ინტერესდება, მერე ასეთი გუნდი იჩაგრება.
- ვისგან იჩაგრება?
- ვისაც ეს შეუძლია. ბოლო ხუთი ტურია, არ მოგვიგია და თითოეულ ამ შემთხვევაში მსაჯებთან კითხვები მქონდა.
- იქნებ დაგვიკონკრეტოთ?
- 8 მსაჯი დაიჭირეს და მიკვირს, ეს საკმარისი არ არის? ზოგჯერ ვფიქრობ, ხალხი ვიღაცის დავალებით ხომ არ მუშაობს, რომ "ტორპედო" დაიძიროს? მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ბევრი რამ დასაფიქრებელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"