კობა შალამბერიძე: "დინამოსთან" მატჩისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით

AutoSharing Option
ფოტოზე: კობა შალამბერიძე (მარცხნივ) "დილასთან" შეხვედრაში

ლანჩხუთის "გურიამ" "დინამო არენაზე" დიდი სენსაცია "გამოაცხო" და ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი "დინამო" საკუთარ მოედანზე დაამარცხა.

ლანჩხუთელები წლეულს დიდ გასაჭირში არიან და თემურ ლორიას გუნდის წარმატება სწორედ ამიტომ იყო მოულოდნელი. ამაში დიდი როლი "გურიას" ფლანგის თავდამსხმელმა კობა შალამბერიძემ ითამაშა - პირველი ტაიმის ბოლოს ის თბილისელთა მცველს დაუსხლტა და გასწვრივი პასით ალეკო კოშკაძეს გაატანინა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი შალამბერიძე მასპინძელთა ორ ფეხბურთელს გაექცა და დაახლოებით 25 მეტრიდან გაიტანა ულამაზესი გოლი, რომელიც გამარჯვებისა აღმოჩნდა.


"კარგად გვესმოდა, რომ "გურიას" მოგება ბევრისთვის დაუჯერებელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო.

რა თქმა უნდა, მძიმე შეხვედრას ველოდით, რადგან "დინამო" წლეულს ყველაზე კარგი გუნდია, მაგრამ მატჩისთვის საგანგებოდაც ვემზადებოდით, ტაქტიკა კარგად გვქონდა შერჩეული და სათამაშო დისციპლინის დაცვასაც ვცდილობდით. ვიცოდით, რას ვთამაშობდით, რა გვინდოდა და შედეგსაც ამიტომ მივაღწიეთ.

სხვათა შორის, "დინამოსთან" თამაში სულ გამოგვდის. შარშან ზუსტად ამ ანგარიშით ქობულეთშიც მოვუგეთ", - ამბობს შალამბერიძე.

ფეხბურთელი ამბობს, რომ მატჩისთვის თავადაც განსაკუთრებულად ემზადებოდა:

"პირადად მეც აშკარად მოტივირებული ვიყავი. მინდოდა, მეჩვენებინა, რაც შემეძლო და გახარებული ვარ, კარგი მატჩი რომ ჩავატარე. საგოლე გადაცემა ყველა ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა, მაგრამ გადამწყვეტი გოლის გატანა კიდევ უფრო სასიხარულოა.

როცა ცინცაძეს გავცდი, ჩემკენ მცველი წამოვიდა. ამ დროს "გურიას" არც ერთი ფეხბურთელი არ მეხსნებოდა და მცველს ბურთი რომ არ აერთვა, კარს დავუმიზნე. მერე ყველამ ნახა, რომ საკმაოდ კარგი გოლი გავიდა".

შალამბერიძე დასძენს, რომ ფეხბურთელებს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება:

"ლანჩხუთში ფეხბურთი კი უყვართ, მაგრამ წლეულს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პირობები "გურიაშია". ეს სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია. ამის მიუხედავად, ფეხბურთელები ვცდილობთ, კარგად ვივარჯიშოთ და ფორმა შევინარჩუნოთ.

ახლახან დავალიანება ფედერაციის მიერ დარიცხული თანხით გაგვისტუმრეს, რამაც ჩვენზე სასიკეთოდ იმოქმედა - რაც უნდა ვთქვათ, ფეხბურთი ჩვენი სამსახურია და უფულოდ თამაში ძნელია. ახლა კი დიდი სტიმული გაგვიჩნდა".

გამოცდილი ფეხბურთელი არ მალავს, რომ დეკემბერში კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს:

"რაღაც ისე აეწყო, რომ ლანჩხუთის "გურია" ჩემთვის მშობლიურ კლუბად გადაიქცა და აქ თავს კარგად ვგრძნობთ. იმედია, ჩვენს პრობლემებს იანვრიდან მოუვლიან და თუ "გურიაში" ვითარება გაუმჯობესდება, სიამოვნებით დავრჩები.

მაგრამ, თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, გურიაში დარჩენა გამიჭირდება. შემოთავაზებები კი მაქვს და ვნახოთ, იანვრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და შესაძლოა, გუნდში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაი ხო ნუ გაბლატავდით რა. მოიგეთ და შეირგეთ. თან ფრთხილად იყავით ცხვირში ძმრად არ ამოგივიდეთ. ტოჟე მნე ...
grisha
17:01 02-12-2014
0
გრიშა ზედმეტი ხომ არ მოგდის ?
devidball
17:17 02-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული