იყო დრო, გიორგი მანწკავა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ნახევარმცველად ითვლებოდა. მას შემდეგ მან ითამაშა თბილისის "ლოკომოტივში", ბათუმის "დინამოში", საჩხერის "ჩიხურაში", ცხინვალის "სპარტაკში", ბოლნისის "სიონსა" და მარტვილის "მერანში". ამ უკანასკნელში ისეთი შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, 30 წლისა სომხურ "ულისეში" მიიწვიეს.
ბოლო ორი წელია, "სასკოს" პატრონობს და შეთავსებით, თამაშობს კიდეც. თანაც, უნდა ნახოთ, როგორ თამაშობს
"როცა დიდი სახსრები არ არის და გუნდს უჭირს, ცხადია, შენც უნდა გაიჭირვო და ვცდილობ, ეს სამი საქმე ერთმანეთს შევუთავსო. ყველამ იცის, რომ "სასკოს" ფინანსურად უჭირს. გუნდი შემოდგომაზე ჩავიბარე, როცა ცნობილი გახდა, რომ კლუბში მოსული კომპანია "სასკოს" ფინანსურად ვერ დაეხმარებოდა და გუნდში სეზონის დაწყებიდან ორი ტურის შემდეგ დავბრუნდი.
"სასკო" ხელახლა იყო შესაკრები. ამის მიუხედავად, რამდენიმე გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდა მაინც ავიყვანეთ. მაგალითად - მეკარე შერმადინი, ღირდალაძე, ჩანგელია, გამოცდილი ქუცურუა და ძამსაშვილი. ბიჭები გვერდში დაგვიდგნენ. მათ იციან - როცა ფინანსური წყარო გამოჩნდება, შრომა არ დაეკარგებათ, მეგობრობაცა და გვერდში დგომაც დაუფასდებათ.
ფეხბურთის ფედერაციამ 50 ათასი ლარი დაგვირიცხა, რაც, ძირითადად, დავალიანებაში წავიდა - სტადიონის, ბურთებისა და ეკიპირების ვალი გვქონდა", - ამბობს მანწკავა.
მისი ხელმძღვანელობით, "სასკო" საკმაოდ სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობს:
"პრობლემების მიუხედავად, ყოველდღე ვვარჯიშობთ და ფიზიკურ მომზადებასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ბიჭები ვარჯიშებზეც ინდომებენ და თამაშებშიც სულსა და გულს დებენ. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან ყველას თამაში უნდა და ფონს ამის ხარჯზე გავდივართ.
ბიჭების თანადგომის გარეშე მე არაფერი გამომივიდოდა. ეს შედეგებშიც აისახება - პირველი ლიგის A ზონაში მე-6 ადგილზე ვართ. მეორე ფაქტორიც არის: ახალგაზრდებს თავის გამოჩენისა და დაწინაურების შანსს ვაძლევთ. ადამიანი სტადიონზე რომ მოდის, ჩვენი თამაშით გულდაწყვეტილი არ უნდა დარჩეს, ფეხბურთელი კი - უნდა გამოჩნდეს".
ათასგვარი პრობლემის მიუხედავად, "სასკოს" ახალგაზრდა ხელმძღვანელი მდგომარეობის გამოსწორებას იმედოვნებს:
"უკეთესობის იმედი იმიტომ მაქვს, რომ თანამშრომლობა შემოგვთავაზეს. იყო მოლაპარაკება შესაძლო სპონსორთან, რომელსაც პრობლემები შეექმნა, მაგრამ იმედია, მალე დაგვიბრუნდება და "სასკო" ამოისუნთქავს.
ხალხი შეცდომაში რომ არ შევიდეს, დავაკონკრეტებ - ლაპარაკი არ არის იმ ჯგუფზე, რომელიც ზაფხულში მოვიდა. მათ იჯარის ფულიც ვერ გადაიხადეს, დაგვიტოვეს ვალები და გატეხილი სახელი. ამიტომ ჩვენ შორის თანამშრომლობაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. ახლა ფეხზე წამოდგომას ვლამობთ და მჯერა, ასეც მოხდება".
გიორგი მანწკავამ თავი გამოიჩინა მოთამაშე-მწვრთნელის როლში, რაშიც "სასკოს" თამაშის ხილვის შემდეგ თავადაც დარწმუნდებით, მაგრამ ჯერ მწვრთნელობაზე არ ფიქრობს:
"კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ძველებურად მინდა თამაში. მერე რა მოხდება, ამის თქმა გამიჭირდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"