მერანი-სამტრედია 0:0 - ზავი ნეიტრალურზე

AutoSharing Option
"მერანმა" "სამტრედიას" ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე" უმასპინძლა. მატჩს წინ დაჯილდოების ცერემონიალი უძღვოდა.

გუნდის კაპიტანმა ზურაბ მამალაძემ და პაპუნა ფონიავამ კლუბის პრეზიდენტ ფრიდონ ინჯიას დაბადების დღე მიულოცეს და საჩუქრები - "მერანის" მაისურა და ბურთი (ფეხბურთელთა ხელმოწერებით) უსახსოვრეს.

...მერანელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ლობასმა გარკვეული ტაქტიკური გადაადგილებები განახორციელა - ლევან გეგეჭკორი, რომელიც ბოლო დროს მარცხენა ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებდა, ცენტრალურ მცველად გაამწესა.

ლობასს შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემა მაშინაც შეექმნა, როცა ფონიავამ 25-ე წუთისთვის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, ცივმა და ქარიანმა ამინდმა
თამაშს თავისი დაღი დაასვა. ბრძოლა და მონდომება არც ერთ გუნდს არ დაეწუნებოდა, თუმცა, შექმნილი მწირი მომენტებიდან გამომდინარე, საბოლოო ფრე კანონზომიერ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. თუ პირველ ტაიმში მცირე ტერიტორიულ უპირატესობას ნომინალური მასპინძლები ფლობდნენ, მეორე ნახევარში ეს კომპონენტი სტუმართა სასარგებლოდ შეიცვალა.

პირველი და, ალბათ, ყველაზე რეალური მომენტი მე-13 წუთზე სტუმრებმა შექმნეს. მცველის მიერ დაბრუნებული ბურთი ზურაბ მამალაძემ ხელში აიღო. არბიტრმა მარტვილელთა კარის მიმართულებით "თავისუფალი" დანიშნა. საბოლოო დარტყმა გიორგი გაბედავამ ითავა, მაგრამ... ბურთი ხარიხას მოხვდა და ხიფათიც ჩაცხრა.

ცოტა ხანში "მერანიც" გააქტიურდა. განსაკუთრებით კარგად კიჭი მელიავა და დავით ბოლქვაძე ირჯებოდნენ. ამ უკანასკნელმა შორი მანძილიდან ორჯერ სცადა ფონს გასვლა, თუმცა ორივეჯერ ააცილა მუჯრიშვილის კარს.

მე-40 წუთზე მარჯვენა ფრთაზე შულაიამ გაილაღა - მართალია, სახიფათოდ კი ჩააწოდა, თუმცა მცველებმა იყოჩაღეს და ჩიმაკაძეს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა არ მისცეს.

შესვენების შემდეგ განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრის სიახლოვეს მიმდინარეობდა. მატჩის მოსაგებად ზაზა ზამთარაძემ ორმაგი ცვლილება განახორციელა - ინერტული გრიგოლ დოლიძისა და გაბედავას ნაცვლად, ლეონარდო და მელქაძე შეუშვა, თუმცა, როგორც ანგარიშიდან ჩანს, უშედეგოდ.

და მაინც, გამოსაყოფია შეცვლაზე შესული ლეონარდოს დარტყმა, რომელიც მეტოქის მეკარემ ხელებში დააფიქსირა. ბოლოს კი იყო საკმაოდ სადავო ეპიზოდი: მელიავა მარცხენა ფრთაზე კარგად გავიდა, ჩაწოდებული ბურთი დავით კვირკველიას ხელზე მოხვდა (თუ ხელით ითამაშა), თუმცა არსენ ნონიკაშვილმა ამ ეპიზოდზე რეაგირება არ მოახდინა.

გუშინდელი ფრით "მერანმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი კოლექტივია. აქვე, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზამთრის პაუზის შემდეგ გუნდი მატჩებს მშობლიურ რაიონში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ გამართავს.

მატჩის შემდეგ:
ვლადიმირ ლობასი (მერანი): "შეიძლება ითქვას, რიგ ეპიზოდებში "სამტრედიას" გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, რაც ძირითადად ბურთის ფლობაში აისახებოდა. თუმცა ამაში მოულოდნელი არაფერია - მათ საკმაოდ კარგი გუნდი და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ. საერთო ჯამში, შედეგს ლოგიკურად მივიჩნევ".

ზაზა ზამთარაძე (სამტრედია): "ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. "მერანი" ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც უბრძოლველად არაფერს თმობს. მათ 15 მატჩიდან მხოლოდ 10 გოლი გაუშვეს, რაც მშვენიერი მაჩვენებელია. ბუნებრივია, ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ... რაც შეეხება მიზანს, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, გარდა ერთისა - ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
07.12. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 600 მაყურებელი
მერანი-სამტრედია 0:0

მერანი (4-5-1): მამალაძე - მელიავა, ორბელაძე, გეგეჭკორი, კიკნაველიძე - წყაროზია, ბოლქვაძე, ფონიავა (23. ჯღამაია), წულაია, შულაია (65. წურწუმია), ჩიმაკაძე (73. ციცხვაია).
სათადარიგოები: ხაინდრავა, გეგია, მარგველაშვილი, რუხაია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
სამტრედია (4-4-2): მუჯრიშვილი -კვირკველია, ბეჭვაია, თ. შალიკაშვილი, კაკუბავა -დოლიძე (67. პავლიაშვილი), კიკაბიძე, ი. კერძევაძე (80. ლეონარდო), გორგიაშვილი - გაბედავა (68. მელქაძე), გეწაძე.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, პაჭკორია, გედენიძე, შ. კერძევაძე
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: კვირკველია (35), ჯღამაია (40), წულაია (41), მელიავა (55)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი) 6

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-ჩიხურა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოიყვანეტ ზოზუასვილი სამტრედიასი
პანტე
21:38 08-12-2014
0
მართალია მოიყვანეთ. რატო არაა ძოძუაშვილი თქვენ გვერდით რატო არაა ...
0

სიახლეები პოპულარული