ოთარ კვერნაძე: ვიცი, რომ ბელგიელი აგენტი დაინტერესებულია, მაგრამ...

AutoSharing Option
ოთარ კვერნაძისთვის მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. 20 წლის ტანმაღალმა (194 სმ) თავდამსხმელმა 14 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და დინამოელ გიორგი პაპუნაშვილთან ერთად, ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირებში მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

თუმცა თავად კვერნაძე ამ შედეგით კმაყოფილი არ არის:

"ვერ ვიტყვი, რომ თავდამსხმელისთვის ერთ წრეში 7 გოლი დიდი წარმატებაა. უფრო ობიექტურად რომ ვთქვათ, სეზონი ურიგოდ არ დამიწყია და პირად სტატისტიკაში პროგრესი მაქვს. ეს მწვრთნელის, რევაზ ძოძუაშვილის ნდობის შედეგია და საწყენია, გუნდიდან რომ წავიდა.

საერთოდ, პირადი სტატისტიკა კარგია, მაგრამ "ტორპედოს" წარუმატებლობამ ყველაფერი
გააუფერულა. ქუთაისელი გულშემატკივრები მეტს ითხოვენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი იმედები, ჯერჯერობით, ვერ გავამართლეთ".

დარჩება თუ არა "ტორპედოში" ქუთაისელთა 45-ე ნომერი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ თავადაც არ აქვს:

"როცა "ტორპედოში" ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა გადაწყდება, მერე ყველაფერი მეცოდინება. საერთოდ, ფეხბურთელი ისეთ სპეციალისტთან უნდა მუშაობდეს, რომელსაც მისი სჯერა.

ჯერ ისიც არ ვიცით, საგაზაფხულო ეტაპიდან გუნდს რა პირობები ექნება. ეს მეც მაინტერესებს და გუნდის ყველა წევრსაც. დიდი სურვილი მაქვს, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. თუ ასე მოხდა, მირჩევნია, სეზონის ბოლომდე "ტორპედოში" დავრჩე და მშობლიურ ქალაქში ვითამაშო.

მაგრამ, თუ კარგი ვარიანტი გამოჩნდა, ცხადია, სიამოვნებით წავალ".

ოქტომბერში, კვერნაძე "ლელოსთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ ზამთარში წასვლა სურდა და ინტერესიც არსებობდა. ბოლო ინფორმაციით, მას საქართველოში მყოფი ბელგიელი აგენტი მარტინ ანგოტე დაელაპარაკა. "ტორპედოს" თავდამსმხელი აზუსტებს:

"ნამდვილად ვიცი, რომ ბელგიელი დაინტერესებულია. მაგრამ მას კლუბის ხელმძღვანელობა შეხვდა, მე არ დამლაპარაკებია.

მარტო დაინტერესება ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან კონკრეტული შემოთავაზება არ მქონია. ამიტომაც ვერ დავადასტურებ, რომ რომელიმე კლუბი მიწვევს. არც სხვა კლუბი შემხმიანებია. ასე რომ, ჯერ გაურკვევლობაში ვარ.

სატრანსფერო სეზონი ახლა გაიხსნა და იმედია, საინტერესო წინადადებები გამოჩნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლუბის ხელმძღვანელობა კი არა ძოძუაშვილი შეხვდა და თანხაზე ვერ მორიგდა!!! ეხლა მაინც თქვით სიმართლე
12345
15:40 13-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული