"ზესტაფონში" რევოლუცია მოდის! საბოლოო სიტყვას ილია კოკაია იტყვის

AutoSharing Option
საქართველოს ორგზის ჩემპიონი "ზესტაფონი" ტრანსფორმაციის გზას ადგას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სეზონის განახლებისთვის მარგველებს მნიშვნელოვნად სახეცვლილი გუნდი ეყოლებათ...

როგორც შევიტყვეთ, კლუბთან კონტრაქტები დაუსრულდათ ლაშა გვალიას, გიორგი ხიდეშელს, ბოიან პავლოვიჩსა და ჯაბა დვალს. უკვე გვეწერა, რომ დვალმა ახალი ნავსაყუდელი მონახა - მოლდოვურ "დაჩიაში" გადავიდა (იხილეთ).

კალენდარული წლის ბოლოსთვის უსრულდებათ ხელშეკრულება "ზესტაფონთან" გურამ სამუშიას და ლევან შარიქაძეს.

რაც შეეხება გუნდის ბრაზილიელ ლეგიონერ რენე ფერეირას, მას მოქმედი კონტრაქტი აქვს კლუბთან და ტრანსფერის შემთხვევაში, "ზესტაფონს" შეუძლია, იხეიროს. არსებული ინფორმაციით, ფერეირას გადაბირებით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.
მათ შორის, განსაკუთრებით, აზერბაიჯანელები აქტიურობენ. მოკლედ, ვნახოთ...

დვალი, პავლოვიჩი, გვალია, ხიდეშელი, შარიქაძე - ეს ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში გუნდის ლიდერები იყვნენ. პავლოვიჩის, გვალიას, ხიდეშელისა და შარიქაძის წასვლა "ზესტაფონიდან" ბეჭედდასმული ამბავი არ არის, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, დიდი ალბათობით, სწორედ ასე მოხდება.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ ისინი კარიერას. ერთი კი შევიტყვეთ, რომ ლევან შარიქაძე, დიდი შანსია, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "სამტრედიას" შეუერთდეს.

უმაღლეს ლიგაში გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო არ არის. საქართველოს ორგზის ჩემპიონს მე-9 ადგილი უჭირავს, რაც წარმატებად ვერაფრით ჩაითვლება.

ცხადია, "ზესტაფონს" გაძლიერება დასჭირდება. საბოლოო სიტყვას კლუბის მფლობელი ილია კოკაია იტყვის. რამდენიმე დღეში გაირკვევა, ვინ გაწვრთნის "ზესტაფონს".

საქმე ისაა, რომ გუნდში გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით დასაქმებულ სამწვრთნელო შტაბის წევრებს კლუბთან კონტრაქტები ამოეწურათ. რამდენიმე დღეში კოკაია გეგუჩაძეს და მის ასისტენტებს შეხვდება. სწორედ მაშინ გაირკვევა, დარჩება თუ არა გუნდში ამჟამინდელი დამრიგებელი.

ფაქტია - კოკაიას ერთხელაც მოუწევს ძალების მოკრება და ახალი გუნდის გაკეთება. მომთხოვნი ზესტაფონელი ქომაგი წლეულს, სულ მცირე, ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას ელის.

სწორედ გუნდის არათანაბარი ასპარეზობის ბრალია ის, რომ ბოლო დროს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო. ასეა, როცა გულშემატკივარი გამარჯვებებს შეეჩვევა, მერე კი...

ვინ შეიძლება ჩაიბაროს "ზესტაფონი" იმ შემთხვევაში, თუ გეგუჩაძე წავა? კულუარებში ჯერ მხოლოდ ლადო ბურდულის კანდიდატურა დასახელდა, ვინც ახლა ბოლნისის "სიონს" წვრთნის.

"გულწრფელად გეუბნებით, "ზესტაფონის" შესახებ არაფერი მსმენია", - გვითხრა ბურდულმა, როცა გუშინ შევეხმიანეთ.

სწორედ კულუარებში გავრცელებულმა ინფორმაციამ გვიბიძგა, ბურდული შეგვეწუხებინა, თორემ გეგუჩაძისა და მისი სამწვრთნელო შტაბის მომავალი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ახლო მომავალში გასამართ შეხვედრაზე აუცილებლად დაისმება გუნდის გაძლიერების საკითხი და გეგუჩაძის ზესტაფონური პერსპექტივაც სწორედ ამაზე გვგონია დამოკიდებული.

შევიტყვეთ ისიც, რომ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ არის კონკრეტული ინტერესი ქართული კლუბების მხრიდან.

მოკლედ, ვნახოთ. მალე "ზესტაფონში" საინტერესო მოვლენების მომსწრენი უნდა გავხდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბატონო ილია არ დაშალო გუნდი და როგორც ყოველთვის გვერდით დაგიდგებით! ზესტაფანს
ilos
16:05 11-12-2014
0
ჩვენ სხვა იმედი და გასართობი არ გვაქვს. ჩვენი ბავშვები დარჩებიან ქუჩაში ბევრს არ მოსწონს ზესტა მაგრამ მათ ბევრი სიხარული აქვთ და ჩვენ ერთი გადაარჩინეთ გუნდი
zesta
16:13 11-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული