რა ბედი ელის "ზესტაფონს" - ილია კოკაიას ორი გზა

AutoSharing Option
უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელის საქართველოს ორგზის ჩემპიონსა და თასის მფლობელ "ზესტაფონს".

მოვლენათა განვითარების არცერთი სცენარი არ არის გამორიცხული. ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, რა გზას აირჩევს კლუბის მფლობელი ილია კოკაია...

კოკაიას პირველი გზა
სრული 10 წელია, ილია კოკაია ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობს. მისი პიროვნება ქართულ საფეხბურთო თემში დღესაც განსჯის საგანია და შეფასებებსაც არაერთგვაროვანს მოისმენთ, თუმცა ფაქტია - კოკაიამ შექმნა "ზესტაფონი" და ის დღესაც კლუბის ერთადერთი მეოხია.

ფაქტი ჯიუტია - ქალაქ ზესტაფონის ხელმძღვანელობას, პირად თუ საჯარო საუბრებში, არაერთხელ
დაუფიქსირებია, რომ კლუბის შენახვა არ ძალუძს და მხოლოდ ის შეუძლია (ისიც - გარკვეული წინაპირობებით), რომ ადგილზე არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურის (სტადიონი, ბაზა) მოვლა-პატრონობაში დაეხმაროს "ზესტაფონის" მფლობელს.

ასეთ ვითარებაში ვინ, თუ არა თავად კოკაიამ უნდა იცოდეს, რომ მისი წასვლის შემთხვევაში გუნდს ამბიცია, პატრონი და სახსრები მოაკლდება. ალბათ, "ზესტაფონი" ჩაამთავრებს საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატს, თუმცა გუნდი იმაზე გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე ახლაა. მეტიც, უფულო "ზესტაფონი" მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით თუ ითამაშებს ჩემპიონატში, რათა არსებული "თექვსმეტობანა" არ ჩამოიშალოს.

კოკაიას ადრეც არაერთხელ განუცხადებია ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე, თუმცა ახლა ყველაფერი უფრო სერიოზულადაა.

ჯერაც ვერ დაედგა თავი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნას, რომელიც ბიზნესმენს შეღავათებს დაუწესებს და ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

უკრაინაში მიმდინარე ომმა ბევრი ჩვენებურისთვის შეცვალა ბიზნესკლიმატი.

ესეც არ იყოს, კოკაიას მოუხდა, ალბათ, ყველაზე არასასურველი და არაპრესტიჟული ნაბიჯის გადადგმა მთელი თავისი ათწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში - ევროპალიგაზე სლოვაკურ "სპარტაკთან" განცდილი წარუმატებლობის შემდეგ მან დაშალა "ზესტაფონი", რომელიც ძველ სიმაღლეებზე უნდა ასულიყო.

სადღეისოდ გუნდში აბსოლუტურად გაურკვეველი ვითარებაა. "ზესტაფონიდან", პრაქტიკულად, წასულია მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და მისი სამწვრთნელო შტაბი (მწვრთნელსა და მის თანაშემწეებს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურათ).

წავიდა რამდენიმე საკვანძო მოთამაშეც, მათთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე კი ჯერ არავის უსაუბრია.

საერთოდ, გარედან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კოკაია დაიღალა. ეს ბუნებრივიცაა - მთელი ამ წლების განმავლობაში მას, პრაქტიკულად, მარტოს უწევდა საფეხბურთო კატაკლიზმებით სავსე, წინააღმდეგობით გაჯერებულ გარემოში მოღვაწეობა.

ამ დროის განმავლობაში მან ბევრი გააკეთა გუნდისთვის და ბევრი შეცდომაც დაუშვა, თუმცა ფაქტია - ზესტაფონი, რომლის მთავარი სპორტული არენა კოკაიას მოსვლამდე ძროხების თავშესაფრად იყო გადაქცეული, საფეხბურთო ქალაქი გახდა.

გუნდმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ითამაშა ევროთასებსა და საქართველოში ერთგული გულშემატკივარი გაიჩინა. ზესტაფონში მოზარდთა უმრავლესობა ქუჩას ასცდა და ფეხბურთზე დაიწყო სიარული. ინდუსტრიულ, სანახაობასა და ნათელ ფერებს დანატრებულ ქალაქში ფეხბურთის სახით საერთო-სახალხო სიხარული გაჩნდა.

კოკაიას პირველი გზა - მან უნდა დატოვოს ეს ყველაფერი და წავიდეს. ამაში საერთო-ქართული საფეხბურთო საზომებით, იქნებ დიდი ტრაგედია არც იყოს, თუმცა ზესტაფონელთათვის ერთი დიდი, ლამაზი ისტორია დასრულდება.

რა თქმა უნდა, შეუცვლელი არავინაა, თუმცა ამ ფორმაციის "ზესტაფონის" არსებობა კოკაიას გარეშე წარმოუდგენლად მოჩანს. უფულობის პირობებში გავერანდება ის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, რომელიც სადღეისოდ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

მეორე გზა
სულ მალე კოკაია საქართველოში ჩამოვა და თავად გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ქართულ ფეხბურთსა და "ზესტაფონში". რა თქმა უნდა, კლუბის მფლობელი არჩევანში თავისუფალია, თუმცა უნდა გავიხსენოთ მისი დანაპირები, ზესტაფონელ გულშემატკივარს ერთ-ერთი შეხვედრისას რომ მისცა:

"მე გპირდებით თქვენ, რომ ჩამოვიტან ამ ქალაქში ჩემპიონთა ლიგის ზეწარს და ერთად მოვისმენთ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს".

"ზესტაფონმა" რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ითამაშა ევროასპარეზზე, თუმცა სანუკვარი მიზანი ჯერ გუნდს არ შეუსრულებია.

"ზესტაფონისთვის" კი არა, წამყვანი ევროპული კლუბებისთვისაც არ არის უცხო ფინანსური რყევები, მით უმეტეს, ჩვენს არაპროგნოზირებად დროში და ისიც - პოსტსაბჭოთა სივრცეში. სადღეისოდ, მთავარია, გუნდი გადარჩეს და რადგან ჯერ არ ჩანს და არც ჰორიზონტზე ილანდება ახალი სპონსორი, ეს მისია კოკაიამ უნდა იკისროს.

"ზესტაფონის" დევიზი ასეთია - "ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე". ჩვენი ფეხბურთისთვის ამ უმძიმეს დროს კოკაიას წასვლა ნამდვილად არ არგებს ქართულ ფეხბურთს. იქნებ მალე სახელმწიფო პროგრამაც ამოქმედდეს, კერძო ბიზნესმენმა თავი გარიყულად არ იგრძნოს და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც გამოსწორდეს ვითარება.

ცხოვრების კანონზომიერებას ვერასდროს ვერავინ შეცვლის - არსებობს ჟამი აღმაფრენისა და ჟამი დაღმასვლისა, ჟამი სიხარულისა და ჟამი გაძლებისა. ეს ყველა მოკვდავს ეხება და, რა თქმა უნდა, ეხება კოკაიასაც.

წლების განმავლობაში, ზესტაფონელი ბავშვების მომავალი ქუჩასთან ასოცირდებოდა. ქალაქში უფასო საფეხბურთო სექციების გახსნამ ვითარება მთლიანად შეცვალა. დღემდე, ზესტაფონში ფეხბურთი ერთადერთი ისეთი გასართობია, მოზარდის ხვალინდელ დღეს რომ რგებს.

მოკლედ, ყველაფერი მალე გაირკვევა. ვნახოთ, რომელ გზას აირჩევს ილია კოკაია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
პირიქიტ არ უნდა წავიდეს, ესეტი ხალხი საჩიროა ქარტულ ფეხბურტში
soso
22:09 15-12-2014
0
ამ კოკაიამაც თუ მიდის წავიდეს და დაგვანებოს თავი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული