უმაღლესი ლიგის I წრის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ავად თუ კარგად, უმაღლეს ლიგაში პირველი წრე დამთავრდა და საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მწვრთნელ-ფეხბურთელებიც მართლაც რომ დამსახურებულ შვებულებაში არიან.

თუმცა ყველა გუნდს ერთნაირი შესვენება-დასვენება ნამდვილად არ ექნება: ზოგი იანვრის დასაწყისში შეიკრიბება და, სავარაუდოდ, უცხოეთსაც მიაშურებს ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად, ზოგან კი... სრული გაურკვევლობაა!..

ჰო, თითქმის ისეთივე სიტუაციაა, როგორიც შარშან ამ დროს: 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, XXV ჩემპიონატის პირველი ეტაპის შეჯამებისასაც ვწერდით, რომ უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა გუნდში (ერთი-ორის გამოკლებით) გაურკვეველი სიტუაციაა და ისიც კი გვეეჭვებოდა, ყველა გუნდი განაახლებდა თუ არა მეორე
ეტაპიდან ჩემპიონატს.

თუმცა, როგორც უკვე "ტრადიციად" იქცა, ამა წლის თებერვალში წინა სეზონის მეორე ეტაპიც განახლდა და, საერთოდაც, ჩემპიონატიც "სრულად" ჩამთავრდა!

ჰოდა, დღესდღეობითაც, ფაქტობრივად, იგივე სიტუაციაა: ძალიან ბევრ გუნდში კი არა, ლამის თითქმის ყველგან (კვლავაც ერთი-ორის გამოკლებით), დაზუსტებით ვერ გეტყვიან, თუ სად ან როგორ უნდა მოემზადონ, რა კონტინგენტს უნდა დაეყრდნონ და ასე შემდეგ; თუმცა, როგორც კი თებერვლის შუა რიცხვები მოახლოვდება, უცბად "ყველაფერი მოგვარდება" და ჩემპიონატიც განახლდება.

ოღონდ აქედანვე უნდა "შევემზადოთ" აქამდე არნახული სატრანსფერო აქტივობისათვის! მოგეხსენებათ, რომ ერთი-ორი გუნდის გარდა, თითქმის ყველა დანარჩენში მოასპარეზე ფეხბურთელებს კონტრაქტი ამა წლის ბოლომდე ჰქონდათ.

ჰო, ეს ხომ არახალი ამბავია, რომ საქართველოში ყველაზე "მოდური" სწორედაც ნახევარწლიანი კონტრაქტების გაფორმებაა და ჩვენი ფეხბურთელების ძალიან, ძალიან დიდი ნაწილი ყოველ ნახევარ წელიწადში გუნდიდან-გუნდში გადადის თუ გადმოდის; რაღა შორს მივდივართ: ამ ზაფხულს, XXVI ჩემპიონატის დაწყებამდე შიდა სატრანსფერო აქტივობამ ისეთი მასშტაბები მიიღო, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, "ლელოს" თავის ტრადიციულ რუბრიკაზე ("სატრანსფერო მიდი-მოდი") მოუხდა უარის თქმა!

უფრო ზუსტად, შეუძლებელიც იყო 16-გუნდიანი ჩემპიონატის დაწყებამდე ყველა წამსვლელ-მომსვლელის ზუსტად კი არა, მიახლოებითი აღრიცხვაც! თანაც, ერთი და ორი კი არა, რამდენიმე ათეული (!) ფეხბურთელი ამ სეზონის დაწყებამდე ლამის სამ-ოთხ გუნდთან "ასწრებდა" ვარჯიშს და, საბოლოოდ, მაინც სხვა გუნდში ჩაირიცხებოდა!

ვეჭვობთ, რომ ამ ზამთრის პაუზის დროს განსხვავებული სიტუაცია იყოს: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თავიანთ გუნდებთან კონტრაქტდამთავრებულ რამდენიმე ასეულ (!) ფეხბურთელს დაბინავება ხომ სჭირდება?..

უსიამოვნო პარალელები
უკვე მერამდენე წელიწადია, ყოველი სეზონის დასრულების მერე "ლელო" საქართველოს ჩემპიონატის რჩეულებს ასახელებს ხოლმე: საუკეთესო ფეხბურთელს, მწვრთნელს, მეკარეს, მცველს, ნახევარმცველს, თავდამსხმელს, ლეგიონერს, დებიუტანტს, აღმოჩენას და ასე შემდეგ;

ეგ კი არა, ასევე წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, შუალედური ნომინანტებიც გვყოლია, - ანუ პირველი ეტაპის მიხედვით ვასახელებდით ამა თუ იმ ამპლუაში ნომინანტებს და, სხვათა შორის, უმცირესი გამონაკლისის გარდა, სეზონის დამთავრების შემდეგაც სწორედ ის ნომინანტები ხდებოდნენ კიდეც "ლელოს" რჩეულნი.

სამწუხაროდ, სწორედ წინა სეზონის აი, ამ პერიოდში დავარღვიეთ ეს ტრადიცია და ეს "თავშეკავებაც" სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული; უპირველესად კი, იმით, რომ მთელ რიგ სავარაუდო ნომინაციებში გამოკვეთილი ფავორიტები, ფაქტობრივად, არც იყვნენ და ამიტომაც რჩეულთა დასახელებაც სეზონის ბოლოსკენ გადავდეთ.

დაახლოებით კი არა, ფაქტობრივად, ახლაც იგივე სიტუაციაა: კი ბატონო, არის ერთი-ორი ისეთი ფეხბურთელი, თავის ამპლუაში მეტ-ნაკლებად წარმატებითა თუ სტაბილურობით რომ წარმოჩინდა პირველ ეტაპზე, მაგრამ საკმარისი რაოდენობა ეს ნამდვილად არ არის.

მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, მეორე წრეს დაველოდოთ, მანამდე კი ძალიან მოკლედ გვინდა პირველი წრის დამახასიათებელ ტენდენციებზე ვისაუბროთ. ოღონდ, წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის ფინანსური პრობლემები აღარ უნდა გავიხსენოთ, - აგვისტოდან მოყოლებული დღემდე ხომ ეს თემა იყო ყველაზე აქტუალური ჩვენს ჩემპიონატში!

აღარც იმაზე ღირს ყურადღების გამახვილება, გაამართლა თუ არა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა: მართალია, სატურნირო ცხრილში პირველი წრის შემდეგ დიდი სიმჭიდროვეა და საერთოდაც, პირველ წრეში "ლიდერისა" და "აუტსაიდერის" ცნებები, ძალიან ბევრჯერ, პირობით ხასიათს ატარებდა, მაინც მიგვაჩნია, რომ ჩვენი პირველობის დონე წლიდან-წლამდე ქვემოთ და ქვემოთ მიდის და გუნდების საერთო გათანაბრების პროცესიც ამას უნდა მივაწეროთ...

პირველ წრეს როცა ვიხსენებთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთიანად შეცვლილი და გაახალგაზრდავებული "დინამო თბილისის" რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი. ასევე სასიამოვნო მოულოდნელობა იყო უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი "მეტალურგის" წარმატებული თამაში, ისე, როგორც ბევრი არ ელოდა "დილას", "სპარტაკისა" და "მერანის" ასევე დამაჯერებელ ასპარეზობას;

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ლიგიდან აღზევებულ "სამტრედიასა" და ბათუმის "დინამოს" ამბიციური მიზნები აღმოაჩნდათ და გვჯერა, რომ მეორე წრეშიც ასე იქნება.

სამწუხაროდ, აშკარად ბევრს ელოდნენ "ზესტაფონის", "ტორპედოსა" და "სიონის" ქომაგები თავიანთი საყვარელი გუნდებისგან;

ამას გარდა, პირველ წრეში ხმაურიანზე-ხმაურიანი სკანდალი ატყდა მსაჯებთან დაკავშირებით, როცა სექტემბრის თვეში ერთდროულად 8 ქართველი არბიტრი სამართალდამცველებმა დააკავეს "ჩაწყობილ თამაშებთან" დაკავშირებით. ისე, მსაჯობის თემა ლამის "საფირმო ნიშნად" იქცა პირველ წრეში: ლამის ყოველი ტურის მერე ამა თუ იმ გუნდის წარმომადგენლები საჯაროდ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, მათი აზრით, არბიტრთა ტენდენციურობის გამო...

... "შუალედურ ნომინანტებზე" უარი კი ვთქვით, მაგრამ ერთ კონკრეტულ პიროვნებას ეს არ ეხება და, საერთოდაც, XXVI ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ მოვლენადაც შეიძლება მივიჩნიოთ ჩისკოს წასვლა! ჰო, ძალიან სამწუხაროა, ბოლო ორი სეზონის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ("ლელოს" ვერსიით) და ასევე, ორგზის საუკეთესო ბომბარდირი ჩვენს პირველობას რომ დაემშვიდობა.

ახლა კი XXVI ჩემპიონატი ციფრებში: ყველა გოლი, ერთადერთი ჰეთ-თრიკი, ყველა "დუბლი", ყველა "ავტოგოლი", გამოუყენებელი პენალტები, სამწვრთნელო გადაადგილებები და, რაღა თქმა უნდა, პირველი წრის სიმბოლური ნაკრებიც, თანაც... ორი!

ყველა გოლი
ზესტაფონი - 29
ჯაბა დვალი - 10, გიორგი ილურიძე - 4, თორნიკე კაპანაძე - 3, გიორგი ფანცულაია - 2, ლევან შარიქაძე - 2, მიშიკო სარდალიშვილი - 2, თედორე გრიგალაშვილი - 1, ლაშა გვალია - 1, გიორგი ჭანკოტაძე - 1, ვახტანგ ჭანტურიშვილი - 1, გიორგი ხიდეშელი - 1, თეიმურაზ ღონღაძე - 1;

დინამო (თბ) - 26
გიორგი პაპუნაშვილი - 7, ნიკა საბანაძე - 5, ჩისკო - 4, ირაკლი ძარია - 3, გიორგი ჩირგაძე - 2, ლაშა შერგელაშვილი - 2, ლაშა პარუნაშვილი - 1, მათე ცინცაძე - 1, საბა ლობჟანიძე - 1;

დილა - 22
ირაკლი მოდებაძე - 8, ნიკა კვეკვესკირი - 3, გივი ქარქუზაშვილი - 2, რომან ახალკაცი - 2, გურამ ადამაძე - 2, ლუკა რაზმაძე - 1, ბაჩანა არაბული - 1, გიორგი ერისთავი - 1, გიორგი სეთურიძე - 1;
გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი", საკ. კარში).

მეტალურგი - 19
დაჩი ცნობილაძე - 5, ირაკლი სიხარულიძე - 3, გიორგი ქავთარაძე - 3, დავით გელაშვილი - 3, ვარლამ კილასონია (უმცროსი) - 3, გიორგი ჯოხაძე - 1, გიორგი ალავერდაშვილი - 1;

ტორპედო - 17
ოთარ კვერნაძე - 7, თენგიზ ჩიკვილაძე - 3, ოლეგ მამასახლისი - 2, გოგა ფიფია - 1, ნიკა კვასხვაძე - 1, ბექა ტუღუში - 1, ვალერი აბრამიძე - 1, ვალერი ბონდარენკო - 1;

ჩიხურა - 17
თორნიკე მუმლაძე - 5, ჯაბა ჯიღაური - 2, თეიმურაზ ღონღაძე - 2, გიორგი კორიფაძე - 2, შოთა კაშია - 1, ლაშა ჭელიძე - 1, ლაშა კუჭუხიძე - 1, ზვიად სიხარულია - 1;
გურამ ადამაძე ("დილა", საკ. კარში), კონსტანტინე ხიზანეიშვილი ("მეტალურგი", საკ. კარში);

დინამო (ბთ) - 17
თეიმურაზ შონია - 3, ბადრი ტეტუნაშვილი - 3, გელა გოგიტიძე - 2, გიორგი ბერიაშვილი - 2, დიმიტრი ტატანაშვილი - 2, ამირან მუჯირი - 2, ირაკლი ჩირიკაშვილი - 1, ნიკა დიასამიძე - 1, ვალერიან თევდორაძე - 1;

სამტრედია - 17
თორნიკე გორგიაშვილი - 3, გრიგოლ დოლიძე - 2, დავით კვირკველია - 2, ილია კერძევაძე - 2, ლევან ბაკურაძე - 1, გიორგი დათუნაიშვილი - 1, გიორგი გაბედავა - 1, გიგა ბეჭვაია - 1, გიორგი მელქაძე - 1, ლევან კაკუბავა - 1, გიორგი პაჭკორია - 1;
გიორგი გეთიაშვილი ("ვიტ ჯორჯია", საკუთარ კარში);

გურია - 16
კობა შალამბერიძე - 5, საბა ლომია - 3, გიგა ჟვანია - 2, ალექსანდრე კოშკაძე - 2, ერეკლე კილაძე - 1, დავით მეგრელიშვილი - 1, შოთა გაბრიჭიძე - 1;
ვალერი ბონდარენკო ("ტორპედო", საკუთარ კარში);

სპარტაკი - 15
ნიკა კაჭარავა - 2, მერაბ გიგაური - 2, ლაშა შინდაგორიძე - 2, ირაკლი ლექვთაძე - 2, გიორგი ივანიშვილი - 2, ლევან ჭაფოძე - 1, უჩა ბურძენაძე - 1, გიორგი ცერცვაძე - 1, რევაზ ქემოკლიძე - 1, გიორგი კაჭკაჭიშვილი - 1;

ვიტ ჯორჯია - 14
მათე კვირკვია - 3, ლევან საბაძე - 3, ელგუჯა ლობჯანიძე - 1, კახა კახაბრიშვილი - 1, გიორგი კალანდია - 1, შოთა დავლაშელიძე - 1, ვანო კურდღელაშვილი - 1, ლევან კუხალეიშვილი - 1, ბესიკ მურუსიძე - 1, ნიკოლოზ დადიანი - 1;

შუქურა - 14
გიორგი ჩელებაძე - 3, ზვიად მეტრეველი - 3, ზაზა ტუღუში - 3, ლაშა ჩალაძე - 1, დავით ხოჭოლავა - 1.

კოლხეთი - 13
დათა სიჭინავა - 6, შოთა ჯიქია - 2, გიგა ამბროლაძე - 2, ლუკა გუგუჩია - 1, ნიკა სიჭინავა - 1, თამაზ ჟიშკარიანი - 1;

სიონი - 12
დავით სირაძე - 3, გივი კვარაცხელია - 3, ჯაბა უგულავა - 2, ზვიად ლობჯანიძე - 2, გიორგი ფოფხაძე - 1, ალექსანდრე გოგობერიშვილი - 1;

მერანი - 11
ბესიკ ჩიმაკაძე - 3, დავით ციცხვაია - 3, პაპუნა ფონიავა - 2, დავით ბოლქვაძე - 1, აკაკი წყაროზია - 1, ლაშა ჯღამაია - 1;

ზუგდიდი - 8
შოთა ლომია - 5, ირაკლი ეხვაია - 2, ლევან წურწუმია - 1.

ჰეთ-თრიკი
X ტური: გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო" თბ-"სპარტაკი")

დუბლი
ჯაბა დვალი ("ზესტაფონი") - 3, ნიკა საბანაძე ("დინამო თბილისი") - 2, მათე კვირკვია ("ვიტ ჯორჯია") - 1, ლევან საბაძე ("ვიტ ჯორჯია") - 1, დავით სირაძე ("სიონი") - 1, ირაკლი ძარია ("დინამო თბილისი") - 1, ბესიკ ჩიმაკაძე ("მერანი") - 1, საბა ლომია ("გურია") - 1, ბადრი ტეტუნაშვილი ("დინამო", ბათუმი) - 1, ვარლამ კილასონია-უმცროსი ("მეტალურგი") - 1, დავით ციცხვაია ("მერანი") - 1, ირაკლი მოდებაძე ("დილა") - 1, ოთარ კვერნაძე ("ტორპედო") - 1, ირაკლი ლექვთაძე ("სპარტაკი") - 1, დავით გელაშვილი ("მეტალურგი") - 1, ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო") - 1, ილია კერძევაძე ("სამტრედია") - 1, დათა სიჭინავა ("კოლხეთი") - 1.

შეცვლაზე შესულთა გოლები
ირაკლი ლექვთაძე ("სპარტაკი") - 2, თორნიკე კაპანაძე ("ზესტაფონი") - 2, ილია კერძევაძე ("სამტრედია") - 2, გიორგი ჩირგაძე ("დინამო თბილისი") - 2, უჩა ბურძენაძე ("სპარტაკი") - 1, თორნიკე მუმლაძე ("ჩიხურა") - 1, გიგა ამბროლაძე ("კოლხეთი") - 1, ნიკოლოზ დადიანი ("ვიტ ჯორჯია") - 1, ოთარ კვერნაძე ("ტორპედო") - 1, დავით გელაშვილი ("მეტალურგი") - 1, ნიკა დიასამიძე ("დინამო", ბათუმი) - 1, რომან ახალკაცი ("დილა") - 1, ბექა ტუღუში ("ტორპედო") - 1, ლაშა ჯღამაია ("მერანი") - 1, გიორგი ალავერდაშვილი ("მეტალურგი") - 1, ლევან კუხალეიშვილი ("ვიტ ჯორჯია") - 1.

გოლები ორი გუნდის შემადგენლობაში
თეიმურაზ ღონღაძე: "ზესტაფონი" - 1, "ჩიხურა" - 2.

ავტოგოლები
II ტური: გიორგი გეთიაშვილი ("სამტრედია"-"ვიტ ჯორჯია")
IV ტური: კონსტანტინე ხიზანეიშვილი ("ჩიხურა"-"მეტალურგი")
VI ტური: გურამ ადამაძე ("ჩიხურა"-"დილა")
IX ტური: გიორგი ხიდეშელი ("დილა"-"ზესტაფონი")
IX ტური: ვალერი ბონდარენკო ("ტორპედო"-"გურია")

გამოუყენებელი პენალტები
II ტური: ვახტანგ კვარაცხელია ("ზუგდიდი"-"მეტალურგი", ხარიხა)
III ტური: ალექსანდრე გოგობერიშვილი ("სიონი"-"სამტრედია", მეკარე)
V ტური: ოთარ ხიზანეიშვილი ("შუქურა"-"სიონი", მეკარე)
VIII ტური: ირაკლი ძარია ("დინამო" თბ-"მერანი", ხარიხა)
VIII ტური: ირაკლი მოდებაძე ("სიონი"-"დილა", ააცილა)
VIII ტური: გიორგი ჩელებაძე ("შუქურა"-"მეტალურგი", ძელი)
X ტური: ომარ გოგონაია ("მეტალურგი"-"კოლხეთი", ძელი)
XII ტური: გიორგი გეთიაშვილი ("შუქურა"-"ვიტ ჯორჯია", მეკარე)
XIII ტური: გიორგი ჩელებაძე ("სპარტაკი"-"შუქურა", ააცილა)
XIII ტური: ამირან მუჯირი ("დინამო" ბთ-"სიონი", ძელი)
XIV ტური: ნიკა კვეკვესკირი ("დილა"-"მერანი", ძელი)
XV ტური: შოთა ლომია ("ზუგდიდი"-"ზესტაფონი", მეკარე)
XV ტური: გიორგი ცხადაია ("გურია"-"სიონი", ააცილა)

სამწვრთნელო გადაადგილებები

1) III ტურის მერე ბესიკ შეროზიას ნაცვლად "შუქურას" მთავარ მწვრთნელად ამირან გოგიტიძე დაინიშნა;
2) IX ტურის მერე რამაზ მუმლაძე "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბესიკ შეროზიამ შეცვალა;
3) X ტურის მერე გელა სანაიას ნაცვლად "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელად ზაზა ზამთარაძე დაინიშნა;
4) XI ტურის მერე "შუქურას" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი სპეციალისტი კონსტანტინ ფროლოვი დაინიშნა;
5) პირველი წრის დამთავრებისთანავე "ტორპედოსა" და რევაზ ძოძუაშვილის გზები გაიყო და ქუთაისელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად, სულ ახლახან, გიორგი დარასელია დაინიშნა.

პირველი წრის სიმბოლური B ნაკრები
თევდორაძე (ზუგდიდი)
საბაძე (ვიტ ჯორჯია), ტეტუნაშვილი (დინამო ბთ), ჩიკვილაძე (ტორპედო), კიკნაველიძე (მერანი)
შულაია (მერანი), ჭანტურიშვილი (ზესტაფონი), გორგიაშვილი (სამტრედია), ქავთარაძე (მეტალურგი)
კვირკვია (ვიტ ჯორჯია), კვერნაძე (ტორპედო).

მწვრთნელები: ვარლამ კილასონია (მეტალურგი), კახა კაჭარავა (სპარტაკი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ცინცაძე რო ვერ მოხვდება ამ შემადგენლობებში სირცხვილია უბრალოდ
anknown
13:18 19-12-2014
0
შენ თუ გაქვს ნანახი მისი თამაში?დინამოს ისეთი გოლი გაუტანა მარტო მაგიტომ უნდა იყოს!
devidball
15:45 17-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული