ვახტანგ ჭანტურიშვილი: დიახ, თბილისის "დინამოსთან" მოლაპარაკება მაქვს

AutoSharing Option
არახალია, რომ "ზესტაფონიდან" ყველა ფეხბურთელი წავიდა. ცხადია, მათ შორისაა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ჭანტურიშვილიც, რომელმაც ბოლო დროს საგრძნობი პროგრესი განიცადა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა.

21 წლის ფეხბურთელს რამდენიმე საინტერესო საკითხზე ველაპარაკეთ...

- პირველ რიგში, "ზესტაფონში" განვითარებულ მოვლენებზე გკითხავთ...
- ყველანი ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. რა თქმა უნდა, გუნდის დაშლას ვერ წარმოვიდგენდით. ჩემთვის "ზესტაფონი" განსაკუთრებული გუნდია და ასეთად დარჩება, რადგან ეს არის პირველი უმაღლესლიგური კლუბი ჩემს კარიერაში.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ზესტაფონელ ქომაგს. მე
სულ ბავშვი მოვედი ამ კლუბში და პირველი დღიდანვე მათგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობდი. ამ ეტაპზე თუ რამეს მივაღწიე და ფეხბურთში რამეს წარმოვადგენ, ყველაფერი "ზესტაფონის" დამსახურებაა.

მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს ქალაქი უფეხბურთოდ არ დარჩება.

- თქვენი აზრით, რას უნდა დაბრალდეს "ზესტაფონის" ასეთი არადამაჯერებელი თამაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ეტაპზე? ფაქტია, რომ გუნდს კარგი შემადგენლობაც ჰყავდა და საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული დამრიგებელიც...
- ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ცვლილება იყო "ზესტაფონში" და ეს შედეგიც ამან მოიტანა. გეხსომებათ, სლოვაკურ "სპარტაკთან" ევროპალიგის მატჩის შემდეგაც იყო ლაპარაკი "ზესტაფონის" დაშლაზე. მერე არაერთი ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან, ბიუჯეტი შემცირდა... მოკლედ, მთავარი მიზეზი ეს მგონია.

- სანამ სხვა თემებს შევეხებოდეთ, პირდაპირ გკითხავთ: გავიგეთ, რომ თქვენით თბილისის "დინამოა" დაინტერესებული...
- კი, მაქვს "დინამოსთან" მოლაპარაკება...

- ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის "დინამო" განსაკუთრებული კლუბია...
- ასეა. ჩემთვისაც დიდი პატივი და გამოწვევაა "დინამოს" ინტერესი.

- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზეც გკითხავთ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაო ხანია, ჩვენს ჩემპიონატში თამაშობთ. პროგრესს უფრო ამჩნევთ თუ რეგრესს?
- ყველა იმას ამბობს, რომ რთული ვითარებაა. მეც ასე ვიტყოდი - არ ჩანს პროგრესი. პირადად მე არ ვყოფილვარ ასეთ ვითარებაში, მაგრამ სხვა გუნდებში მოთამაშე ბიჭებისგან გამიგონია, რომ არის ელემენტარული პრობლემები. ხელფასს რომ თავი დავანებოთ, ვგულისხმობ საყოფაცხოვრებო ნიუანსებს.

როგორ გინდა, ფეხბურთელს მოსთხოვო მაღალ დონეზე თამაში, როცა მას კვების პრობლემა აქვს?

თუ იქნება შედარებით უკეთესი პირობები, ჩემპიონატის დონე მოიმატებს. დღეს რა დონეც გვაქვს, ამაში ჩვენი, ფეხბურთელების პასუხისმგებლობაცაა, თუმცა პირობებზე საუბარსაც ვერ გავექცევით.

- თქვენს პროგრესს ყველა აღნიშნავს. კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით?
- გულწრფელად გეუბნებით: ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია. საკუთარი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი და ვცდილობ, მუდმივად განვიცადო პროგრესი, მოვუმატო. ერთი კია - ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და შრომა არასოდეს დამზარებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული