"ზესტაფონის" ბაზისა და სტადიონის გადაბარების პროცესი იწყება

AutoSharing Option
"ზესტაფონის" ბაზა და დავით აბაშიძის სახელობის მთავარი სპორტული არენა მალე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადავა. გადაბარების პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამის თაობაზე "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ გვითხრა.

"ყოველდღიური შეხვედრების რეჟიმი გვაქვს ქალაქის ხელმძღვანელობასთან. მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში დაიწყება სახელმწიფოსადმი საკლუბო ინფრასტრუქტურის გადაცემის პროცესი. ვფიქრობ, ამ საკითხს საკრებულოს უახლოესი სხდომა განიხილავს", - გვითხრა ფუტკარაძემ.

ცუდი ისაა, რომ ამ დროისთვის "ზესტაფონი" დაცლილია ფეხბურთელებისაგან და გუნდის შეკრების თარიღიც უცნობია. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, "ზესტაფონს" აბსოლუტურად გამოუცდელი ფეხბურთელებით მოუწევს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში
ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, ან შეიძლება, საერთოდ ვერც გააგრძელოს ჩემპიონატში ასპარეზობა.

ერთიც - როგორც შევიტყვეთ, თბილისის "დინამოს" ზესტაფონელთა ბრაზილიელი ექსმცველის, რენე ფერეირას გადაბირება სურს. უახლოეს მომავალში ამ სავარაუდო ტრანსფერზე უფრო მეტი რამ უნდა გაირკვეს, მათ შორის - "დინამოს" პოზიციაც.

აქვე ვთქვათ "ზესტაფონის" ორ ახალგაზრდა ფეხბურთელზე - კახა მეშველიანსა და მალხაზ გაგოშიძეზე. მათ "ტორპედოსთან" ერთად კი დაიწყეს სამზადისი, თუმცა "ზესტაფონი", როგორც ამ ფეხბურთელების აღმზრდელი კლუბი, მათ სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხას ითხოვს. ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი "ტორპედოში" აღარ ითამაშებენ.

გაგოშიძეცა და მეშველიანიც უკვე კარგა ხანია, "ზესტაფონის" შემადგენლობაში ირიცხებიან. სეზონის პირველი ნახევრის განმავლობაში გია გეგუჩაძე გაგოშიძეს ხშირად ანდობდა ადგილს ზესტაფონელთა ძირითად შემადგენლობაში; მეშველიანი კი მარგველთა სერბი კიპერის, ბოიან პავლოვიჩის დუბლიორი გახლდათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კოკაია არსად არ მიდის, უბრალოდ ყველას აბოლებს, უმცირებს ხელფასებს და პრემიებს ფეხბურთელებს და ვითომ დაშლილი გუნდის ფეხბურთელებს ათავისუფლებს, სინამდვილეში კი ყველას ვინც ვითომ გაუშვა ფულს სთხოვს.
დათო
11:12 23-01-2015
0
გადახედეთ ერთი თქვენს არქივს და ნახეთ მერამდენედ "შლის" კლუბს კოკაია და ბოლოს ვითომ მაინც ზესტაფონელი ხალხის სასიკეთოდ ისევ აღადგენს გუნდს და მადლობელი დარჩება ზესტაფონელი ხალხი მისი ამ გადაწყვეტილებით :)ხედავს ეხლა ევროპაზე ვეღარ გავა გუნდი და დაიწყო ისევ როგორც ჩვევია :)
soso
16:01 21-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული