მეტალურგი-მეშახტე 2:1 - უჭირს, მაგრამ მაინც იგებს

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის ყველაზე გაჭირვებული და, ფაქტობრივად, ყველასგან მიტოვებული გუნდი - რუსთავის "მეტალურგი" მაინც აგრძელებს სეზონის განახლებისთვის მზადებას.

ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა 4 თებერვალს მშობლიურ "ფოლადის" სტადიონზე პირველი ლიგის წარმომადგენელ ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა 39-ე წუთზე კონსტანტინე გაბაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი სიხარულიძემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ვარლამ კილასონიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: ბედიაშვილი - გოცაძე, ნარიმანიძე, მიქაუტაძე, ლ. ნოზაძე, კ. ხიზანეიშვილი - ვასაძე, სარიშვილი, ჯოხაძე - გაბაშვილი, სიხარულიძე; მეორე ტაიმში
შეცვლაზე შევიდნენ: გულუა, მიქელაძე, ბერაძე, გუჯაბიძე, ზ. გელაშვილი, ზ. მამასახლისი, სალარიძე, ადეიშვილი, ფეიქრიშვილი, მაისურაძე.

ავადმყოფობის გამო კვლავაც არ უთამაშია მასპინძელთა საყრდენ ნახევარმცველს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრს, გიორგი კილასონიას.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში "მეტალურგმა" მანამდე სამი სპარინგ-მატჩი გამართა: "ცხინვალთან" 0:4 წააგო, გორში "დილას" 2:0 მოუგო, ხოლო რუსთავში სტუ-ს - 1:0.

"მეტალურგის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა თუ გუნდის მართლაც გაუსაძლის სიტუაციაზე ახალი რაღა უნდა ვთქვათ. არადა, ორიოდე კვირაც და რუსთაველთა გუნდს 2015 წლის პირველი ოფიციალური მატჩი ელის - საქართველოს თასის მეოთხედფინალში, "ჩიხურას" წინააღმდეგ.

რა კონტინგენტი ეყოლებათ მასპინძლებს, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელია. ისიც უცნობია, თუ რა რესურსით აპირებს "მეტალურგი" ჩემპიონატის ჩამთავრებას - პირველი წრის შემადგენლობიდან ხომ მხოლოდ 4-5 ფეხბურთელია შემორჩენილი...

"ჩიხურასთან" სათასო მატჩამდე "მეტალურგს" კიდევ ორი სპარინგი აქვს დაგეგმილი: 7 თებერვალს - მარნეულის "ალგეთთან" და 11 თებერვალს - "ზესტაფონთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული