ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა 4 თებერვალს მშობლიურ "ფოლადის" სტადიონზე პირველი ლიგის წარმომადგენელ ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა 39-ე წუთზე კონსტანტინე გაბაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი სიხარულიძემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
ვარლამ კილასონიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: ბედიაშვილი - გოცაძე, ნარიმანიძე, მიქაუტაძე, ლ. ნოზაძე, კ. ხიზანეიშვილი - ვასაძე, სარიშვილი, ჯოხაძე - გაბაშვილი, სიხარულიძე; მეორე ტაიმში
ავადმყოფობის გამო კვლავაც არ უთამაშია მასპინძელთა საყრდენ ნახევარმცველს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრს, გიორგი კილასონიას.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში "მეტალურგმა" მანამდე სამი სპარინგ-მატჩი გამართა: "ცხინვალთან" 0:4 წააგო, გორში "დილას" 2:0 მოუგო, ხოლო რუსთავში სტუ-ს - 1:0.
"მეტალურგის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა თუ გუნდის მართლაც გაუსაძლის სიტუაციაზე ახალი რაღა უნდა ვთქვათ. არადა, ორიოდე კვირაც და რუსთაველთა გუნდს 2015 წლის პირველი ოფიციალური მატჩი ელის - საქართველოს თასის მეოთხედფინალში, "ჩიხურას" წინააღმდეგ.
რა კონტინგენტი ეყოლებათ მასპინძლებს, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელია. ისიც უცნობია, თუ რა რესურსით აპირებს "მეტალურგი" ჩემპიონატის ჩამთავრებას - პირველი წრის შემადგენლობიდან ხომ მხოლოდ 4-5 ფეხბურთელია შემორჩენილი...
"ჩიხურასთან" სათასო მატჩამდე "მეტალურგს" კიდევ ორი სპარინგი აქვს დაგეგმილი: 7 თებერვალს - მარნეულის "ალგეთთან" და 11 თებერვალს - "ზესტაფონთან".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"