ვილი ისიანი: მეხუმრებიან, გურიის ჰაერი შენზე კარგად მოქმედებსო

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" ურეკში მზადებას აგრძელებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ლორიამ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მიიწვია: 19-წლამდელთა ნაკრებისა და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მეკარე გაბრიელ თებიძე, ესპანური "ალავესის" ასაკობრივ გუნდში გაწვრთნილი კოკა ღაღანიძე, "ჭიათურის" ნახევარმცველი თორნიკე მოსიაშვილი, ლატვიური "დაუგავპილსის" ცენტრალური მცველი ბუკა ცინცაძე, თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი გიორგი მჭედლიშვილი და "დინამო 2"-ის თავდამსხმელი ვაჟა მათიაშვილი.

ორი მოთამაშე კი უკრაინიდან ჩამოვიდა: 20 წლის ნიკიტა კონოვალოვი და 27 წლის იური შეველი. პირველზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ დონეცკის "ოლიმპიკში" ირიცხებოდა, შეველი კი კიევის "დინამოს"
დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, შემდეგ უკრაინის პირველი ლიგის "ოდესაში", მოლდოვურ "დაჩიასა" და ბელცის "ოლიმპიაში" აგორებდა ბურთს. იყო უკრაინის 16, 18, 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების წევრი.

მთავარი კი, ალბათ, ის არის, რომ 8-თვიანი პაუზის შემდეგ ლანჩხუთში გასული სეზონის მთავარი გოლეადორი ვილი ისიანი დაბრუნდა. ზაფხულში ის მშობლიურ ბოლნისის "სიონში" გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ევროსარბიელზეც იასპარეზა და ალბანურ "ფლამურტარისთან" თავი ჩინებული გოლებითაც დაგვამახსოვრა.

ამ ზამთარს 23 წლის თავდამსხმელი აზერბაიჯანის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში, ლენქორანის "ხაზარში" ისინჯებოდა, მაგრამ... საბოლოოდ, ისევ "გურიაში" აღმოჩნდა. მან "გურიას" ფორმა ურეკში, ბათუმის "ადელთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო და გოლიც გაიტანა, ისევე, როგორც ლევან ინგოროყვამ და გუგა შეწირულმა. ამ გოლებით თემურ ლორიას გუნდმა 3:0 მოიგო.

"ლელომ" ვილი ისიანს ჰკითხა, თუ რატომ არ შედგა "ხაზარში" მისი ტრანსფერი:

"იანვრიდან "ხაზარში" ვემზადებოდი, მაგრამ მერე რაც მოხდა, გაუგებრობა იყო. მეტს აღარ დავაკონკრეტებ.

ტრანსფერი რომ არ გამოდის, იწყება გარკვევა, თუ ვინ იყო დამნაშავე. ფაქტია, რომ ამით ფეხბურთელი ზარალდება. გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება.

"გურიის" ხელმძღვანელობის მადლობელი ვარ, რადგან მათ ნდობას ვგრძნობ. მეგობრები მეხუმრებიან, შენზე გურიის ჰაერი კარგად მოქმედებსო და მართლებიც არიან.

არც მდიდარი კლუბია და პირობებითაც არ გამოირჩევა, მაგრამ გუნდში ისეთი ატმოსფეროა, თამაში გესიამოვნება. გულშემატკივრებისთვის ახლა მეტის გაკეთებას ვეცდები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა მოხდა მერე შე კაცო. სამტრედიის გუნდის ერთერთ ყოფილ ფეხბურთელს 2 პაჩკა წითელი პირელი არ ყოფნიდა დღეში და ვერ თამაშობდა კაი ფეხბურთს თუ რა
chiko
16:44 10-02-2015
0
სიგარეტი თუ გთხოვა მაგის გამო შეიძლება შეიძლება გვქონდეს რაიმე წარმოდგენა ადამიანზე? არავის ვესარჩლები უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე :)))
სალომე
16:22 10-02-2015
0

სიახლეები პოპულარული