გიორგი ჭიაბრიშვილი: ...ამიტომ გვიჭირს ევროპაში თამაში

AutoSharing Option
პირველი ლიგის A ჯგუფის ბინადარი "საბურთალო" თურქული შეკრებიდან დაბრუნდა, ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" მეორე ეტაპის პირველი მატჩიც გამართა და 3:0 გაიმარჯვა.

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ყურადღება შეკრებაზე დანახულ ნაკლოვანებაზე გაამახვილა.

"თურქულ შეკრებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია. გვაქვს იმის რესურსი, რომ თამაშს კიდევ უფრო მოვუმატოთ და თავი უკეთ წარმოვაჩინოთ.

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ასეთ მაღალ დონეზე თუ ვითამაშებდით. მართალია, ამხანაგური მატჩები გავმართეთ, მაგრამ ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვის პირველი სერიოზული გამოცდა იყო. თურქულ შეკრებაზე მოწყობილი
სპარინგები მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.

რაც შეეხება უარყოფით მხარეს - აშკარად გამოჩნდა, რომ მოედანზე მეტოქეზე ბევრად ნაკლებს ვმოძრაობთ. ეს არა მარტო "საბურთალოს", არამედ, ზოგადად, ქართული კლუბების პრობლემაა. ისეთ პირველობაზე გვიწევს ასპარეზობა, რომ ტემპი დაბალია, მოძრაობა - ნაკლები. ამიტომაა, მერე ევროპულ ასპარეზზე თამაში რომ გვიჭირს.

უნდა ვეცადოთ, რომ ამ კუთხით მდგომარეობა გამოვასწოროთ", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

ცნობილი გახდა, რომ "საბურთალოს" მალე დაუბრუნდება ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მენთეშაშვილი. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პირველი წრის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა:

"ამ ეტაპზე ზურა ინდივიდუალურად ვარჯიშობს. თუმცა ტრავმის სრულად მოსარჩენად და გუნდთან ერთად სავარჯიშოდ გარკვეული დრო კიდევ სჭირდება. კარგი იქნება, მეორე წრეში რამდენიმე შეხვედრას თუ ჩაატარებს.

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება თუ მოვიპოვეთ, იქ ზურას გამოცდილება ძალიან წაგვადგება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული