რატომ სჯობია ორი ერთს? ანუ ხონური მოდელი განსჯისთვის

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე "სამტრედია" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. შევიტყვეთ, რომ პირველი ლიგის ტყიბულის "მეშახტეში" გადავიდა აკაკი ჯანელიძე. 23 წლის ნახევარმცველი პირველ წრეში "სამტრედიაში" კი ირიცხებოდა, მაგრამ ამ გუნდის ფორმით მხოლოდ ერთი არასრული შეხვედრა ჩაატარა და სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო გუნდი დატოვა.

კიდევ ორი ექსსამტრედიელი აღმოჩნდა ახალ კლუბში, რაზეც "ლელო" უკვე წერდა - თავდამსხმელები ბიჭიკო გედენიძე და ილია პავლიაშვილი. უმაღლესის გუნდებთან მოლაპარაკების მიუხედავად (პავლიაშვილის აყვანას "სიონი", ხოლო გედენიძის დამატებას "დილა" აპირებდა), მათ კარიერის ხონის "იმერეთში" გაგრძელება გადაწყვიტეს, სადაც კობა ჟორჟიკაშვილი
კონსულტანტად იმუშავებს.

შევიტყვეთ, რომ "იმერეთი" "სამტრედიასა" და უმაღლეს ლიგაში ნათამაშები კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდება.

"გიორგი მელქაძე გორის "დილაში" უნდა წასულიყო, მაგრამ მას დაველაპარაკეთ და გარკვეულ დეტალებს თუ მოვაგვარებთ, ჩვენთან ითამაშებს. გადაწყვეტილია "სამტრედიის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის, თორნიკე კაკუშაძის დამატების საკითხიც.

უმაღლესი ლიგიდან დავიმატეთ მარტვილის "მერანის" ყოფილი მცველი გელა ხუბუა და "ზესტაფონის" თავდამსხმელი ნიკა ჩიხლაძე.

გარდა ამისა, ჩვენთან ითამაშებენ ვანის "სულორის" მცველი გიორგი მემარნიშვილი და გიორგი ხუმარაშვილი, რომელიც ბოლოს "სასკოში" იყო", - ამბობს "იმერეთის" ხელმძღვანელი გუგა ხვიჩია.

პირველი წრის შემდეგ "იმერეთი" მეორე ლიგის დასავლეთ ჯგუფის ლიდერია და წყალტუბოს "სამგურალს" სულ ერთი ქულით უსწრებს. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების გარდა, "იმერეთს" გვერდში ინვესტორიც დაუდგა, ხონში სტადიონს გაარემონტებენ... ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ გუნდს მიზნად უმაღლეს ლიგაში თამაში დაუსახეს.

ხვიჩია საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს:

"ჩვენთან ფეხბურთის განვითარებით ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდა. შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, რომ ამ სიტყვებს ჰაერზე ვამბობ. სინამდვილეში, მართლაც ასეა - ხონში სტადიონის აშენება და გუნდის უმაღლეს ლიგაში გადაყვანა გვსურს.

ამასთან ერთად, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები ვცდილობთ, ვითანამშრომლოთ. მიმაჩნია, რომ დღეს ეს მოდელი სხვა რაიონების კლუბებისთვისაც მისაღებია, რადგან მარტო არც სახელმწიფოს და არც ბიზნესს შეუძლია კლუბის შენახვა.

სხვაგვარად, რეგიონული ლიგის გუნდს ამხელა ამბიცია არც ექნებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული