რაკი ვარჯიშებზე დიდად საინტერესო და დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა, მათ შესახებ უცებ გეტყვით და პრესკონფერენციაზე გადავინაცვლებთ.
ჩეხებმა ერთი საათით ივარჯიშეს, მაგრამ ღია მხოლოდ წვრთნის საწყისი 15 წუთი იყო, რის შემდეგაც ტრიბუნები დაცარიელდა. როგორც შევიტყვეთ, "ბანიკი" თბილისში ოპტიმალური შემადგენლობითა ჩამოვიდა. სტუმრები დღეს სავარაუდოდ, ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: დანეკი – რეჟნიკი, ნოივირტი, ბოლფი, ნევეში – ლუკეში, მარეკი, ჰუშბაუერი – შენკერიკი, ვარადი, პილიკი.
საღამოს 7
შეგახსენებთ, "ვიტ ჯორჯია"-"ბანიკი" დღეს ეროვნულ სტადიონზე, საღამოს 6 საათზე დაიწყება და ბილეთი 3 ლარი ეღირება.
მივუბრუნდეთ ხანმოკლე პრესკონფერენციას, სადაც ჩეხი ჟურნალისტები სჭარბობდნენ. "ბანიკს" ცხრა მედიელი ჩამოჰყვა, რომელთაც "ბანიკის" დამრიგებლისგან უპირველესად, ის აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ფლობდნენ ისინი "ვიტ ჯორჯიაზე". ბუნებრივია, კუბეკს კითხვები ქართველმა ჟურნალისტებმაც დავუსვით.
- ვნახეთ "ვიტ ჯორჯიას" მიერ საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე ჩატარებული რამდენიმე მატჩის ვიდეოჩანაწერი და დავრწმუნდი, რომ საქმე გვაქვს სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთის მოთამაშე გუნდთან. ისიც ვიცი, რომ სულ ცოტა ხსნის წინ "ვიტ ჯორჯია" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ არა მგონია, ამის გამო გუნდის ბრძოლისუნარიანობა დაცემულიყო.
- ვის მიიჩნევთ წყვილის ფავორიტად?
- დარწმუნებული ვარ, რომ წინ ორი რთული მატჩი გველის, მაგრამ ფავორიტი მაინც "ბანიკია" და ვალდებულნი ვართ, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ.
- თბილისური სიცხე ხელს ხომ არ შეგიშლით?
- არა, რადგან მსგავს ტემპერატურას უკვე შეჩვეულები ვართ. როცა ავსტრიაში საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ, იქაც ასეთივე სიცხე იყო, ანალოგიურ ტემპერატურაზე ვითამაშეთ სლოვაკურ "დუკლასთან" ამხანაგურ მატჩში, ასე რომ, თბილისში სიცხე ხელს ვერ შეგვიშლის. თანაც, ჩვენი გუნდი თამაშამდე სასტუმროდან გასვლას არ აპირებს და სასტუმროში გავგრლიდებით.
- ბოლო კვირაში ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარეთ. ეს გუნდის გადაღლას ხომ არ გამოიწვევს?
- გადაღლაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან სეზონი ახალი დაწყებულია და ფეხბურთელები შესანიშნავ კონდიციებში არიან.