ადრიან პუკანიჩი: საქართველოში არის ნიჭი, მაგრამ მეტი შრომაა საჭირო

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურამ" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე საინტერესო მოთამაშე დაიმატა - ეს არახალია და გულშემატკივარმა იცის. მათ შორის, ყველაზე მეტად ადრიან პუკანიჩის ჩამოსვლამ გაგვაკვირვა.

ეს უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი საქართველოში ნათამაშებ ლეგიონერებში ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი ფეხბურთელია - დონეცკის "შახტარში" ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ნევიო სკალამ აიყვანა. სადებიუტო მატჩი მას 19 წლის ასაკში ჰქონდა. პუკანიჩს ანატოლი ტიმოშჩუკის შემცვლელადაც მოიაზრებდნენ. 2003-06 წლებში ის უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო (28 მატჩში, 6 გოლი), 2006 წელს კი ამ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რაშიც პირადად
ძალიან დიდი როლი ითამაშა.

ამას გარდა, ორჯერ მოირგო უკრაინის ნაკრების ფორმა და ეროვნული გუნდის მაისურით გოლიც აქვს გატანილი. მაგრამ მისი სანაკრებო კარიერა ვერ აეწყო.

"შახტარის" შემდეგ იყო პოლტავას "ვორსკლა", მარიუპოლის "ილიჩევეცი"... ამ გუნდში კაპიტნადაც აირჩიეს. 2013 წელს კი უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიეში" გადავიდა, თუმცა მას მერე აღარ ჩანდა და აგერ, ცოტა ხნის წინ ქობულეთის "შუქურაში" გამოჩნდა.

მის ჩამოყვანაზე საინტერესო ამბავი გვითხრა "შუქურას" გამოცდილმა ფეხბურთელმა კახა მჟავანაძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ალენ ჟირესის მწვრთნელობისას უთამაშია.

"კარგად იცით, რომ უკრაინაში წლების განმავლობაში ვთამაშობდი და იქ ბევრი მეგობარიც შევიძინე. ადრიან პუკანიჩი ოდესის "ჩერნომორეცში" ყოფნისას გავიცანი. მაშინ ის მარიუპოლის "ილიჩევეცში" იყო. დავმეგობრობდით.

გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია, კარგი ადამიანიცაა. წლეულს, ზამთარში, კიევის "დინამოს" ბაზაზე, კონჩა-ზასპეში, ვეტერანები ვთამაშობდით - რებროვი, ვაშჩუკი, კიდევ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი და მეც. პუკანიჩიც რომ მოვიდა, ძალიან გამიკვირდა. მითხრა - უგუნდოდ ვარო. ქართულ კლუბში თუ ითამაშებ-მეთქი, ვკითხე. სიამოვნებით, ოღონდ, ფორმა აღვიდგინოო.

ეს ამბავი რევაზ ჩელებაძეს ვუთხარი. ხომ იცით, აღარ ვთამაშობდი, მაგრამ მომენატრა ფეხბურთი და ჩელებაძემ "შუქურაში" დამაბრუნა. მეც ასეთი საჩუქრის გაკეთება გადავწყვიტე. ბატონ რეზოს პუკანიჩის ჩამოყვანის იდეა იმდენად მოეწონა, ყველა საკითხი ადვილად მოაგვარა.

ცხადია, თურქულ შეკრებაზე ჩამოსული ადრიანი ფორმაში არ იყო, მაგრამ კლასი აშკარად ეტყობოდა და დატოვეს. მიმაჩნია, რომ მალე სულ უფრო უკეთ ითამაშებს და დარწმუნებული ვარ, მალე მისით საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი გუნდებიც დაინტერესდებიან", - ამბობს მჟავანაძე.

უკეთ ათამაშდებაო და აგერ, 31 წლის პუკანიჩმა საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლიც გაიტანა. 28 თებერვალს, "შუქურამ" ლანჩხუთის "გურია" 2:0 რომ დაამარცხა, აქედან ერთი ბურთი, 72-ე წუთზე, უკრაინელემა ლეგიონერმა შეაგდო.

"ლელო" პუკანიჩს დაუკავშირდა და ასე შედგა ეს პატარა ინტერვიუც:

- საქართველოში თქვენი ჩამოსვლა მოულოდნელი იყო...
- მეც ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ცხოვრებაში ბედი სად წაგიყვანს, ამის გამოცნობა შეუძლებელია.

- საკმაოდ ტიტულოვანი ფეხბურთელი ხართ, 31 წელიც არაა კრიტიკული ასაკი და უკრაინაში უგუნდოდ როგორ დარჩით?
- საქმე ისაა, რომ სეზონი მარიუპოლის "ილიჩევეცში" დავიწყე. მაგრამ მწვრთნელი არ მათამაშებდა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიეში" გადავედი. იქ მწვრთნელთან უსიამოვნება მომივიდა. სეზონში მესამე გუნდს ვერ გამოვიცვლიდი და ნახევარი წლის განმავლობაში უკლუბოდ დავრჩი. თანაც, უკრაინაში ერთგვარ მოდად დამკვიდრდა - ახალგაზრდები აჰყავთ, 30 წელს გადაცილებულები ჩამოწერილები ვართ და ზაფხულშიც არავინ შემეხმიანა. ამ დროს გამოჩნდა ყაზახური კლუბის ვარიანტი, მაგრამ იქ უკვე 30 წელს გადაცილებულ ლეგიონერებზე დააწესეს ლიმიტი და ასე გამიცდა მთელი წელი.

სწორედ ამ დროს შევხვდი კახა მჟავანაძეს, რომელმაც რევაზ ჩელებაძესთან დამაკავშირა... ამ დაინტერესებამ ძალიან გამახარა.

- ევროპის ვიცე-ჩემპიონის ამბიციას საქართველოს ჩემპიონატის დონე როგორ პასუხობს?
- ევროპის ჩემპიონობის შემდეგ 9 წელიწადი გავიდა და უგუნდოდ მყოფისთვის "შუქურა" ოპტიმალური ვარიანტი იყო.

- ჩემპიონატზე რას იტყვით?
- რა თქმა უნდა, უკრაინის მსგავსი დონე და ტემპი არ არის. იქ ფეხბურთელები მოედანზე გაცილებით მეტ სამუშაოს ასრულებენ და უფრო ათლეტურებიც არიან. მაგრამ, სამაგიეროდ, საქართველოში ძალზე ნიჭიერი და ტექნიკური მოთამაშეები ვნახე. ამით ქართული ფეხბურთი ხომ ყოველთვის გამოირჩეოდა.

- ...და ახლაც გამოირჩევა?
- დამიჯერეთ, გამოირჩევა. ამ ბავშვებს ბევრის მიღწევა შეუძლიათ, ოღონდ, მეტი შრომისმოყვარეობაა საჭირო.

და კიდევ ეს უნდა ვთქვა - აქ ხალხი ძალიან თბილად დამხვდა. მიხარია, უკრაინელებს ძმებივით რომ გვიღებენ.

- თავის დროზე, ქართველების გვერდით გითამაშიათ...
- დიახ, ოქრიაშვილი და თარგამაძე ჩემი თანაგუნდელები იყვნენ. სამწუხაროდ, ახლა კავშირი არც ერთთან არ მაქვს. არადა, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვიცი, რომ ოქრიაშვილი ბელგიაში წავიდა და ეს ძალიან მიხარია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გვარზე ეტყობა წარჩინებული ჩამომავლობა
pukanichi
14:23 07-03-2015
0
შრომა!
ზაზა
13:57 07-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული