პასუხი რუსკი ბაზარს - ყველამ თავის მამიდას მიხედოს

AutoSharing Option
ინტერნეტ-გაზეთმა "რუსკი ბაზარმა" გამოაქვეყნა ვლადიმერ გოლოვინის სტატია ქართულ ფეხბურთზე, რომელიც ქვეტექსტებით ისევ და ისევ საქართველოს ძაგება იყო. ავტორი ჩვენს ფეხბურთზე, ფედერაციის მძიმე მდგომარეობაზე, სპონსორების არარსებობასა და თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონის, რომან ფიფიას, მისი აზრით, საეჭვო წარსულზე წერს.

წერილში ბევრი რამ ფაქტია, ის, რომ ქართული ფეხბურთი კრიზისშია, ფედერაცია ახალ წელს კინაღამ ანგარიშგაყინული შეხვდა, რომ აზერბაიჯანული კომპანია დაეხმარა, რადგან ქვეყანაში სპონსორი აქამდე ვერ გამოიძებნაო.

ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ნათქვამი გოლოვინმა დაამახინჯა, თითქოს "ადგილობრივ კომპანიებში საიმედო პარტნიორი ვერ მოიძებნა". არავის უთქვამს, საიმედო პარტნიორი
ვერ მოვიძიეთო, უბრალოდ, სპონსორის ძებნა ჭირდა, ეს კი სხვადასხვა რამ არის, მაგრამ როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მსგავს აზრს აქვეყნებ, ამით რუსულენოვან სამყაროს ამცნობ, რომ ზოგადად ამ ქვეყანაში საიმედო პარტნიორის მოძებნაა შეუძლებელი.

რომან ფიფიაზე:"ცნება "ცნობილ ბიზნესმენს" შეიძლება, სხვა, არცთუ ნათელი მხარეც ჰქონდეს. ქართველთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი 44 წლის რომან ფიფია გაგრაში დაიბადა. 17 წლისა სარატოვში გადავიდა და კვების მრეწველობაში დასაქმდა - "პერესტროიკის" პერიოდში ძეხვის ბიზნესს მიჰყო ხელი. ახალი რუსეთის ეპოქაში ქართველი ბიზნესმენი სარატოვის გუბერნატორს, დიმიტრი აიაცკოვს ისე დაუახლოვდა, პრესაში ტანდემად მოიხსენიებდნენ, თავად რომანს კი - "გუბერნატორის ჯიბედ". მას ეკუთვნოდა ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოები, ალკოჰოლური სასმელების ქარხნები, ავიაკომპანია "სარატოვის ავიახაზები" და კომერციული ბანკი "აგროროსი". ამავდროულად, ფიფია იყო საფეხბურთო კლუბ "სოკოლის" პრეზიდენტი.

თანამდებობიდან აიაცკოვის წასვლის შემდეგ ოლიგარქი ნიცის ლაჟვარდოვან სანაპიროზე გადაბარგდა, რადგან რუსეთში მას ბრალი დასდეს უკანონო კრედიტების მითვისებაში, დიდი ოდენობით თანხების მიტაცებაში და ფედერალურ ძებნილად გამოაცხადეს.

ამ მხრივ რომანს საქართველოში პრობლემები არ ექმნება, მისი ძმა პარლამენტარია. მეტიც, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის სამშობლოში პურით დატვირთულ ეშელონს გზავნის, გულუხვად აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს და ამჯერად "დინამოს" იძენს.

ერთი სიტყვით, დევნილი ოლიგარქი, რომლის ქონება, ქართული მასმედიის მიერ, ნახევარ მილიარდ დოლარად ფასდება, კლუბში რამდენიმე მილიონის ჩადებას აპირებს. რაც შეეხება გულუხვი ბიზნესმენის მორალურ უფლებასა და მისი ფულის "სისუფთავეს", ამით არავინ ინტერესდება და შესაბამისად, კითხვებსაც არავინ სვამს. სხვათა შორის, ასე იყო პატარკაციშვილის მილიონების შემთხვევაშიც, რომელიც ქვეყნის ეროვნული გუნდის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ციკლში გამოსვლას ერთპიროვნულად ასპონსორებდა. აღარაფერს ვამბობთ, ქვეყნის მთელ ოლიმპიურ ნაკრებზე", - წერს გოლოვინი.

ჯერ ის ვთქვათ, უფრო უპრიანია, ყველამ თავის მამიდას მიხედოს; მეორეც, ორსაუკუნოვანი ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა საქართველო უმოწყალოდ რომ გაძარცვა, სამეფო და საეკლესიო ქონების უდიდესი ნაწილი გაიტანა, ერის საამაყო ნაწილი გაგვიწყვიტა და ისე რომ გაკადნიერდა, 1923 წელს სვეტიცხოვლიდან უფლის კვართის გატანა სურდა. კიდევ ბევრი საშინელების გახსენება შეიძლება და ძალიანაც კარგი, ჩრდილოეთიდან თანხის მცირედი ნაწილი მაინც თუ დაგვიბრუნდება.

გოლოვინი არც იმაზე წერს, რა ფულებით აფინანსებენ რუსულ კლუბებს და ძალიან გვეეჭვება, "გაზპრომის" და მსგავსი ვეშაპებისგან ნაპატივები "ზენიტი", ცსკა, "სპარტაკი" და მათი ნაკრებები თეთრი შემოსავლებით იკვებებოდნენ. სტატიის ავტორს ფორუმში მიუთითეს კიდეც, "შავი ფული" მსოფლიოს ფეხბურთის უბედურებაა, რაღა ქართველებს მიახტიო.

საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტიც, რომ რუსული ფეხბურთი და კორუფცია სინონიმებად იქცნენ, იქ ყიდვა-გაყიდვა და "შავი ფული" ჩვეულებრივი მოვლენაა. რაღა შორს წავიდეთ, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ინგლისს როგორც წაართვეს, ყველამ კარგად იცის.

ამ დროს ქართული კლუბის მეპატრონის აუგად ხსენებაში პიროვნულად ფიფიას ზიზღი კი არა, საქართველოს ზიზღი იკითხება. თორემ თავადაც ვიცით, რომ ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარება ასეთებს საკბილოს აძლევს, უამრავი პრობლემა გვაქვს, თუნდაც ფედერაციის მართვაში სახელმწიფოს ჩარევა, მაგრამ ეს ჩვენი გასარჩევია და არა რუსის.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში მოსაქმიანე ბიზნესმენებს მოუსინჯა კბილი და ვინც ფეხები არ დაუკოცნა, ყველა გააკოტრა. ამ ურჩობას შეეწირნენ: მიხეილ ხოდორკოვსკი, პლატონ ლებედევი, ბორის ბერეზოვსკი, ბადრი პატარკაციშვილი და სხვანი.

ცნობილია ისიც, პუტინმა პრეზიდენტად თავი რომ შეიგულა, მაშინვე დაიწყო რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების გადაბირება, შემდგომ ისინი საქართველოში რომ გამოეყენებინა. სწორედ ამის გამო გამოიქცა რუსეთიდან ბევრი ქართველი, მათ შორის რომან ფიფია და როდესაც რუსი მას საეჭვო რეპუტაციის ბიზნესმენად აცხადებს, მსგავსი ბრალდების ტირაჟირება გაუგებარია - რუსის პოლიტიკისთვის საეჭვო ის ქართველია, რომელიც მას არ ემსახურება.

სხვათა შორის, სტატიას ახლავს რუკა, სადაც საქართველოსგან გამოყოფილია აჭარა, აფხაზეთი და სამაჩაბლო, სათაური კი შეურაცხმყოფელია, "დაეხმარეთ ქართულ ფეხბურთს", ანუ მათხოვარს. ასეთი წერილსა და მისი ავტორის "ნააზრევს" პირადად მე დიდი ეჭვით ვუყურებ და გაუფილტრავად არ მივიღებ, თორემ არც ფიფიას ვიცნობ და არც ის ვიცი, ჰქონდა თუ არა საეჭვო ბიზნესი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გმადლობთ, ბატონო მერაბ!
Tornike
12:23 10-01-2011
0
იდეალური პასუხია ზემოთნახსენებ გოლოვინის სტატიაზე,უღრმესი მადლობა,ბატონო მერაბ.
sofo
13:06 10-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული