საქართველოს ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს პირველად 16 სექტემბერს, პირველ წრეში შეხვდნენ. მაშინ "დინამო არენაზე" მასპინძელმა 6:0 მოიგო. "შუქურას" კაპიტან გიორგი ჩელებაძეს რევანში სურს:
"ვეცდებით, მოედანზე ორმაგი მოტივაციით გავიდეთ, რადგან თბილისში ასეთი ანგარიშით წაგება ჩვენთვის დიდი სირცხვილი იყო.
ჯერ ერთი, ამას არ ვიმსახურებდით, უბრალოდ, წამიერი მოდუნება არ გვაპატიეს. შემდეგ სათასო შეხვედრაშიც დამტკიცდა, რომ "დინამო" ასეთი უპირატესობით ვერ გვჯობდა, ქობულეთში 1:1-ის შემდეგ, თბილისში 84-ე წუთამდე 1:0-ს ვიგებდით, მაგრამ ბოლოს 1:3 წავაგეთ.
ჩელებაძე მიიჩნევს, რომ ლეგიონერებმა გუნდის ამბიცია გაზარდეს:
"ბრაზილიელებისა და ადრიან პუკანიჩის დამატებამ "შუქურა" საგრძნობლად გააძლიერა. ბოლო ორ ტურში რომ ვიგებთ, მათი დიდი დამსახურებაცაა.
პუკანიჩი ჯერ კიდევ არაა საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ვუყურებ ვარჯიშებზე, თამაშებზე და ვრწმუნდები, რომ საქართველოში ასეთი დონის ლეგიონერი არ გვყავს და არც ვიცი, ოდესმე თუ გვყოლია".
ფოტოზე: ადრიან პუკანიჩი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"