დილა-ზუგდიდი 4:0 - ვინ გააჩერებს კვეკვესკირს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ორჯერ წააგო მიმდინარე სეზონში "ზუგდიდმა" დიდი ანგარიშით უმაღლეს ლიგაში და ორივეჯერ - "დილასთან". პირველ წრეში გორელებმა ზუგდიდში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს, ამჯერად ოთხჯერ აიღეს მეტოქის კარი და მოწინააღმდეგეს კვლავაც არ მისცეს პასუხის გაცემის საშუალება.

მატჩის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ სანახაობრივი თამაში უნდა ყოფილიყო. გახსნილი ბრძოლის პირობებში მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. "დილა", ცხადია, "პირველ ნომრად" თამაშობდა, თუმცა უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი დაცვაში არ ჩამჯდარა და კონტრშეტევებით აწუხებდა მასპინძელთა დაცვის ხაზს.

ამ მხრივ, გამოსარჩევი მათი ფორვარდი ლაშა კუკავა გახლდათ, რომელიც სისწრაფის ხარჯზე
ერთხანს პრობლემებს უქმნიდა გორელ მცველებს. სწორედ მას შეექმნა საგოლე მომენტი მე-8 წუთზე, რომელმაც სტუმართა უკმაყოფილება გამოიწვია - სწრაფი კონტრიერიშისას კუკავა დაუსხლტა მცველებს, ხოლო მის შესახვედრად წინ გამოსულმა გიორგი სომხიშვილმა საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა.

ამ ეპიზოდში სტუმართა თავკაცი ბესიკ შეროზია მეკარის გაძევებას ითხოვდა და ეს თემა მან პრესკონფერენციაზეც წამოსწია...

იქამდე კი პირველი რეალური ხიფათი მინდია ბობღიაშვილის კართან შეიქმნა, როცა მე-6 წუთზე პენალტის ნიშნულთან მყოფი მიხაილ გორელიშვილი ვარდნაში თავით ურტყამდა, მაგრამ მცირედით ააცილა მიზანს, ისევე, როგორც ათ წუთში - ამჯერად რომან ახალკაცის თავურს გადაურჩა "ზუგდიდის" კარი.

აღსანიშნავია, რომ უჩა სოსიაშვილმა ახალკაცი წლეულს ძირითადში პირველად დააყენა. საერთოდაც, "დილას" ძირითადი შემადგენლობა მნიშვნელოვნად იყო გადახალისებული. სათადარიგოთა სკამზე იჯდა ომარ მიგინეიშვილი, დაცვის მარცხენა ფლანგზე, ჯაფარიძის ნაცვლად, მარიჩი თამაშობდა, დისკვალიფიცირებული ცენტრალური მცველი კვახაძე ქარქუზაშვილმა ჩაანაცვლა, შუა ხაზში იყო წიქარიძე, ხოლო წინა ხაზზე ახალკაცი და გორელიშვილი ანერვიულებდნენ მეტოქეს.

ახალკაცი საკმაოდ კარგადაა შეთამაშებული ნიკა კვეკვესკირთანაც და მათ ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს "დილას" გამარჯვებაში. ზუგდიდის კარში გატანილი პირველი და მეორე გოლები ერთმანეთის მსგავსი იყო - ახალკაცმა მოკლე პასებით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა კვეკვესკირი, რომელმაც ორივე შემთხვევაში უშანსოდ დატოვა ბობღიაშვილი. ამას გარდა, იმავე კვეკვესკირმა და ისევ ახალკაცის პასის შემდეგ საშუალო მანძილიდან ძელიც შეაზანზარა.

"დილა" მეტოქეს არ სთავაზობდა პრესინგს, თამაშის საშუალებას აძლევდა, თუმცა სადავეებს ხელიდან არ უშვებდა. მასპინძლები ორი ფორვარდით და ფართო ფრონტით უტევდნენ.

გორელები მეორე ტაიმშიც დომინირებდნენ. აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ლუკა რაზმაძე, რომელმაც კარგი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ახალკაცი, თუმცა ამ უკანასკნელს მიზანმა უმტყუნა.

ცოტა ხანში, ლაშა გვალიას გადაცემით, კვეკვესკირმა მოწინააღმდეგე კიდევ ერთხელ დაამწუხრა და თავის წილად ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბედი დიდი ხნის გადაწყვეტილი იყო, დარჩენილ დროში გორელებს ტემპი არ დაუგდიათ და სახიფათოდაც უტევდნენ. ამასთან, სტუმართა დაცვა რამდენჯერმე ჩავარდა, მსაჯის საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე კი რაზმაძის გადაცემა გორელიშვილმა მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა - 4:0.

შეგახსენებთ, რომ გორელთა წინა გამარჯვებაში ("ტორპედოსთან") კვეკვესკირმა დუბლით დაიდო წილი, ახლა კიდევ ჰეთ-თრიკი და, ფაქტობრივად, ბომბარდირთა დავაშიც ჩაება.

მატჩის შემდეგ
ბესიკ შეროზია (ზუგდიდი):
"დილას ვულოცავ გამარჯვებას, მაგრამ ერთს აღვნიშნავ: როცა აუტსაიდერი ჩადის ლიდერთან სათამაშოდ, რაღაც ინტრიგა უნდა შენარჩუნდეს. მსაჯს უნდა გაეძევებინა მეკარე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისას. ასეთ შემთხვევაში, სულ სხვა თამაში წავიდოდა. შეცდომები მსაჯობისას მერეც იყო... რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა შეცდომები, ყველაფერს არბიტრს ვერ დავაბრალებთ.

"დილა" კარგი გუნდია, ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ კი დარჩენილ 11 ტურში ბოლომდე დავიხარჯებით და, ჩემი აზრით, "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს".

უჩა სოსიაშვილი (დილა):
"თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ აქტიურად გვეთამაშა - მეტოქე მისსავე ნახევარზე შეგვევიწროებინა, რაც კარგად შევძელით, შევქმენით საგოლე მომენტები და გოლებიც გავიტანეთ. შესვენებაზე ფეხბურთელებს მოვუწოდე, რომ მუხტი არც მეორე ტაიმში დაეგდოთ. თუმცა მეორე ნახევარში იყო გარკვეული პრობლემები, რის გამოც 4-4-2-დან 4-3-3-ზე გადავეწყეთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა თავი კარგად გაართვეს ამოცანას და გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება ძირითადი შემადგენლობის ცვლილებას - გუნდში გვყავს 22 ძლიერი ფეხბურთელი და ამა თუ იმ მატჩისთვის ვინც უფრო უკეთეს ფორმაში იქნება, ის ითამაშებს კიდეც".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
14.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 3 500 მაყურებელი
დილა-ზუგდიდი 4:0
გოლები: 1:0 კვეკვესკირი (26. ახალკაცის პასით), 2:0 კვეკვესკირი (40. ახალკაცის პასით), 3:0 კვეკვესკირი (75. გვალიას პასით), 4:0 გორელიშვილი (80. რაზმაძის პასით)

დილა (4-4-2):
სომხიშვილი - ხურცილავა, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, მარიჩი - კვეკვესკირი, გვალია (75. თექთურმანიძე), ფალავანდიშვილი, წიქარიძე (62. რაზმაძე) - ახალკაცი (70. ერისთავი), გორელიშვილი.
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ხიდეშელი, ჯაფარიძე, მოდებაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ზუგდიდი (4-5-1): ბობღიაშვილი - მაჩაიძე, ღონღაძე, პაჭკორია, მეგრელიშვილი (74. ფარჯიკია) - გუგუჩია, კუტალია, ტყემალაძე (29. კობერიძე), ლომია (46. ენდელაძე), წურწუმია - კუკავა.
სათადარიგოები: ივარდავა, აკობია, ქირია, ეხვაია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გაფრთხილება: სომხიშვილი (7), მარიჩი (49), ხურცილავა (71), კუტალია (80)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XX) ტური
18 მარტი, ოთხშაბათი
სამტრედია-ზესტაფონი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-მეტალურგი
გურია-დილა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-შუქურა
ტორპედო-ცხინვალი
ზუგდიდი-მერანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზუგდიდი-ს. კარგი რა, რა მსაჯები, რას ამბობ. ამ ეტაპზე გორის "დილა" ზუგდიდზე ასი თავით მაღლა დგას. რა მსაჯი, რის მსაჯი. ფეხბურთის გარტყმაში არ ხარ..
gori
16:29 16-03-2015
0
კვეკვესკირს კი არა მსაჯებს ვინ გააჩერებს???
ზუგდიდი
15:28 16-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული