შუქურა-დინამო (თბ) 0:1 - რევანში არ შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"შუქურა" თბილისის "დინამოს" ეროვნულ ჩემპიონატში პირველად მასპინძლობდა, რამაც ქობულეთში თავისთავად დიდი ინტერესი გამოიწვია. "შუქურას" პირველ წრეში "დინამოსთან" 0:6 ჰქონდა წაგებული და ცხადია, რევანშის წყურვილი ამოძრავებდა.

ქობულეთელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. მასპინძელი "დინამოს" გასაქანს არ აძლევდა. ამდენად, ტერიტორიული უპირატესობა "შუქურას" მხარეს იყო. მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის ისეთი ბრძოლა მიდიოდა, ჩვენს ჩემპიონატში იშვიათად რომ ნახავ.

დინამოელები თავს იცავდნენ და შეტევის განხორციელების გზებს ეძებდნენ.

მე-18 წუთზე მათ მეტოქის დაცვაში სუსტი რგოლი იპოვეს. ძალიან კარგად ითამაშა საბა ლობჟანიძემ, რომელიც მოედნის ცენტრიდან კარისკენ გაიჭრა და შეტევა მარცხენა
ფლანგზე გაუგრძელა ოთარ კიტეიშვილს, რომელიც ორ მცველს სწრაფად გასცდა და მახვილი კუთხიდან დაარტყა - აზამატ ჯიოევმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ იქვე იყო გიორგი ჯანელიძე, რომელმაც კარის წინ ლაშა პარუნაშვილი მოძებნა და ანგარიში გაიხსნა - 0:1.

"შუქურა" კიდევ უფრო გააქტიურდა, მაგრამ თბილისელები ისე მჭიდროდ ეთამაშებოდნენ მეტოქეს, გელა სანაიას შეგირდებს კართან მიახლოება უჭირდათ. ამ დროს, მაყურებელი მსაჯის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა - მათი აზრით, გიორგი ყრუაშვილს 36-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა ლაშა თოთაძისთვის და, შესაბამისად, გაეძევებინა, მაგრამ ასე არ მოხდა...

"შუქურამ" პირველი რეალური საგოლე მომენტი ტაიმის ბოლო წუთზე შექმნა: გიორგი კუხიანიძემ მარცხენა ფლანგზე ბურთი ლუიზინიოს გაუგდო, რომელიც საჯარიმოსკენ დაიძრა და კარის წინ პაულო ვიკტორს ჩაუწოდა, ამან კი თავური მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

მეორე ტაიმი ძალზე სწრაფ ტემპში წარიმართა. მთელი ძალით ათამაშდა "შუქურას" საყრდენი ადრიან პუკანიჩი, რომელმაც მოედნის ცენტრში მეტოქის შეტევები შეაკავა, თამაში "დაალაგა" და შეტევებსაც გაუძღვა. აქ გამოჩნდა ბრაზილიელი ლეგიონერების, განსაკუთრებით, პაულო ვიკტორის ძალა - ის ხშირად აწუხებდა მცველებს და ბურთს ორთაბრძოლებში არ თმობდა.

თამაშის განახლებისთანავე, თბილისელთა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა პუკანიჩი და კარშიც დაარტყა. ბურთი მიზნისკენ ვერ წავიდა, მაგრამ დამატებაზე გიორგი ჩელებაძემ დაარტყა და მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკმა საიმედოდ ითამაშა. ასევე უშედეგო გამოდგა ვიკტორის თავური დარტყმა.

50-ე წუთზე კი ძალიან კარგად ითამაშა "დინამოს" თავდამსხმელმა მანუელ ონვუმ, რომელიც მცველებს დაუსხლტა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ჯიოევმა "შუქურა" აშკარა გოლისგან იხსნა.

ქობულეთელებმა მწვავედ შეუტიეს 52-ე წუთზეც, როცა ჰრდლიჩკამ ჩელებაძის საჯარიმო დარტყმა კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში, პუკანიჩმა საჯარიმოსთან ვიკტორი შენიშნა, რომელმაც შორიდან ძლიერად დასცხო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი სტუმართა მეკარემ ივარგა.

ამის შემდეგ ქობულეთელები ორჯერ ითხოვდნენ პენალტს - მათი აზრით, 63-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში კუხიანიძე წესების დარღვევით წააქციეს; ცოტა ხანში უკვე ჩელებაძე აღმოჩნდა გაზონზე, მაგრამ არბიტრმა ეს არა წესის დარღვევად, არამედ სიმულაციად შეაფასა და "შუქურას" კაპიტანს ყვითელი ბარათი აუფრიალა.

მატჩის მიწურულს გელა სანაია ვა-ბანკზე წავიდა და მეოთხე მცველის ნაცვლად, მოედანზე კიდევ ერთი თავდამსხმელი შეუშვა, მაგრამ "შუქურამ" დინამოელთა დაცვას ვერაფერი მოუხერხა. თბილისელებმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.

დაძაბულობისა და მსაჯისადმი პრეტენზიების მიუხედავად, მეტოქეები ერთმანეთს ღირსეულად დაშორდნენ, ფანებმა კი მატჩის შემდეგ ერთმანეთზე გაიწიეს. საბედნიეროდ, პოლიციამ ვნებები მალევე დააცხრო.

მატჩის შემდეგ
გელა სანაია (შუქურა): "მიმაჩნია, რომ დღეს ქულას მაინც ვიმსახურებდით. ბევრი მომენტიც შევქმენით და მეტოქემ არათუ ვერ დაგვჩაგრა, ბოლოს უპირატესობაც გვქონდა. სამწუხაროა, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით".

კახა გოგიჩაიშვილი (დინამო): "უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქე ღირსეული გუნდი აღმოჩნდა და ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რადგან მათ გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლეს".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
14.03. ქობულეთი. "ჩელე არენა". 3 000 მაყურებელი
შუქურა-დინამო (თბ) 0:1
გოლი: 0:1 პარუნაშვილი (18. ჯანელიძის პასით)

შუქურა (4-2-3-1): ჯიოევი - ტვილდიანი, გ. გურული, მჟავანაძე (85. მეტრეველი), ჩალაძე - პუკანიჩი, კუხიანიძე - ლუიზინიო (64. ზ. ტუღუში), ჩელებაძე, ფილიპე (52. თუხარელი) - პაულო ვიკტორი.
სათადარიგოები: თ. კაკალაძე, ტაკიძე, მესხი, მალანია
მწვრთნელი: გელა სანაია
დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, თოთაძე - პარუნაშვილი, ცინცაძე - ლობჟანიძე (83. შერგელაშვილი), კიტეიშვილი (65. ჯიღაური), ჯანელიძე - მანუელი (62. ჩირგაძე)
სათადარიგოები: დაუშვილი, ჯაფიაშვილი, ტაბატაძე, მიქელთაძე
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: თოთაძე (34), ჩელებაძე (69), ჩირგაძე (85)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XX) ტური
18 მარტი, ოთხშაბათი
სამტრედია-ზესტაფონი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-მეტალურგი
გურია-დილა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-შუქურა
ტორპედო-ცხინვალი
ზუგდიდი-მერანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული