10:20 19-03-2015
დინამო (თბ)-მეტალურგი 2:0 - მშვიდად, აუღელვებლად... [VIDEO]
AutoSharing Option
თუმცა, გუშინდელ მატჩს "დაპირისპირებას" ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, იმდენად დიდი იყო მასპინძელთა უპირატესობა ყველანაირად სავალალო მდგომარეობაში მყოფ "მეტალურგთან" შედარებით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა რუსთაველთა გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელების გასაკრიტიკებლად ენა არავის უნდა მოუბრუნდეს და პირიქით, მადლობაც ეკუთვნით, ამდენი სირთულის მიუხედავად, ყველა მატჩზე მაქსიმალური მონდომებით რომ გამოდიან.
ასეთივე მონდომებით დაიწყეს სტუმრებმა გუშინდელი მატჩიც და უკვე პირველსავე წუთზე გიორგი ჯოხაძის მარჯვენა ფლანგზე აქტიურობას მეტოქის საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდებაც მოჰყვა, მაგრამ ბექა ოქროპირიძე ბურთს ვერ მისწვდა.
აი, ამის მერე კი პირველი ტაიმის ბოლომდე "მეტალურგს" მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უწევდა ფიქრი.
რაც შეეხებათ მასპინძლებს, ორივე გოლი ეფექტური კომბინაციების შედეგად გაიტანეს და ორჯერვე გიორგი ჩირგაძემ გამოიჩინა თავი: 24 წლის ფორვარდმა ძირითადში დაბრუნება "დუბლით" აღნიშნა!
პირველი საგოლე კომბინაცია საბა ლობჟანიძემ წამოიწყო, რასაც მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ჯანელიძის ზუსტი პასი მოჰყვა და გიორგი ჩირგაძემაც ახლო მანძილიდან ეფექტური თავური დარტყმით სტუმართა გამოცდილ მეკარეს, გრიგოლ ბედიაშვილს შანსი არ დაუტოვა.
მეორე გოლის დროს კი ოთარ კიტეიშვილის ჩინებული პასის მერე ჩირგაძე პირისპირ დარჩა მეკარესთან და ეს შანსიც ხელიდან არ გაუშვა.
პირველი ტაიმის ბოლომდე "დინამოს" კიდევ რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა: ოთარ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი გრიგოლ ბედიაშვილმა მოიგერია, საბა ლობჟანიძემ და გიორგი ჯანელიძემ მიზანს მცირედით ააცილეს, გიორგი ჩირგაძემ კი ბურთი ძელს გაარტყა.
მეორე ტაიმში ტემპი ოდნავ დაეცა, თუმცა დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ანგარიში შეცვლილიყო. განსაკუთრებით არ გაუმართლა სტუმართა ცენტრფორვარდს, რევაზ ბარაბაძეს, რომელიც დროის უმცირეს მონაკვეთში ზედიზედ ორჯერ დაემუქრა მასპინძელთა კარს და ორჯერვე მიზანმა უმტყუნა: პირველ ეპიზოდში კონსტანტინე ხიზანეიშვილის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ვარდნაში, თავით ურტყამდა, მეორე ჯერზე კი ახლო მანძილიდან "ერთი შეხებით" ცდილობდა მეორე წრეში რუსთაველთა გუნდისათვის... პირველი გოლის გატანას.
ანგარიშიდან გამომდინარე, "დინამო" თამაშს მშვიდად აკონტროლებდა და მატჩის "სცენარიდან" გამომდინარე, კახა გოგიჩაიშვილმა შეცვლებით რამდენიმე ტაქტიკური მონახაზიც მოსინჯა.
ისე, დინამოელებსაც შეეძლოთ, რომ მეტოქე უფრო დიდი ანგარიშითაც დაემარცხებინათ, მაგრამ ლაშა პარუნაშვილის, გიორგი ჯანელიძისა და ჯაბა ჯიღაურის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
18.03. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-მეტალურგი 2:0
გოლები: 1:0 ჩირგაძე (5. ჯანელიძის პასით), 2:0 ჩირგაძე (23. კიტეიშვილის პასით)
დინამო (თბ) (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, თოთაძე - ცინცაძე, პარუნაშვილი (83. შერგელაშვილი) - ჯანელიძე, კიტეიშვილი (71. ტაბატაძე), ს. ლობჟანიძე (63. ჯიღაური) - ჩირგაძე.
სათადარიგოები: ბუკორაცი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, დაუშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
მეტალურგი (5-1-3-1): ბედიაშვილი - ზ. გელაშვილი, ლ. ნოზაძე, ნარიმანიძე, ექვთიმიშვილი (57. გუჯაბიძე), კ. ხიზანეიშვილი - ლ. ბერუაშვილი - ჯოხაძე (78. ციცქიშვილი), სარიშვილი, ბ. ოქროპირიძე (46. გაბაშვილი) - ბარაბაძე.
სათადარიგოები: ნადირაძე, გ. ჩიკვაიძე, ბერაძე, გ. კილასონია
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: კ. ხიზანეიშვილი (65)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული