როგორ გავიტანოთ გოლი კუთხურიდან - ირაკლი კლიმიაშვილის მასტერკლასი [VIDEO]

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში ქუთაისში "ტორპედომ" "ცხინვალი" 2:0 დაამარცხა. ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო იმით, რომ ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე პირველად მოიგეს.

ეს მატჩი მაყურებელს ირაკლი კლიმიაშვილის ლამაზი გოლითაც დაამახსოვრდებოდა - გამოცდილმა ნახევარმცველმა, 28-ე წუთზე, ბურთი კარში პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია.

მიმდინარე სეზონში ანალოგიური შემთხვევა პირველად საშემოდგომო ეტაპის ბოლო ტურში მოხდა და... მაშინაც გოლი "ცხინვალის" კარში გავიდა - "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე ეს გუნდი "კოლხეთთან" 1:2 დამარცხდა. მაშინ თავი ფოთელთა ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ გამოიჩინა.

როგორც კლიმიაშვილი ამბობს, მსგავსი გოლი ადრეც
გაუტანია:

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, მსგავსი რამ ადრეც მომხდარა. ლატვიაში წასვლამდე, 3 თვე ბოლნისის "სიონში" რომ ვთამაშობდი, მაშინ კუთხურიდან ფოთის "კოლხეთს" გავუტანე. მერე ასეთი რამ რიგის "სკონტოში" ყოფნის დროსაც გამომივიდა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

26 წლის ნახევარმცველი გვიმხელს, რომ, თურმე, დიდი ხანია კუთხურის ამგვარ შესრულებაზე ვარჯიშობს:

"ყოველთვის ხალისით ვმუშაობდი "სტანდარტულების" შესრულებაზე. ასე იყო "ცხინვალთან" შეხვედრის წინა დღესაც, როცა გუნდმა არა საღორიის ბაზაზე, არამედ ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშა. კუთხური ზუსტად იმ ადგილიდან ჩავახვიე, საიდანაც ეს თამაშის დროს მოვახერხე.

ამ დროს ვითვალისწინებ, მზე რომელ მხარესაა. თუ სხივები მეკარეს თვალებში ურტყამს, მაშინ გატანის მეტი შანსია. ახლაც შევნიშნე, რომ მზე მეკარეს ხელს უშლიდა. წინა დღეს გატანილი გოლი გამახსენდა და ვიფიქრე, ბურთი პირდაპირ კარში ხომ არ გამეშვა-მეთქი. საბედნიეროდ, ჩანაფიქრი გამომივიდა".

კლიმიაშვილის თქმით, "ტორპედომ" საკუთარ თამაშს მიაგნო:

"ნავსი "ვიტ ჯორჯიასთან" გავტეხეთ და "ცხინვალსაც" მოვუგეთ. ამ ორმა გამარჯვებამ ამოგვასუნთქა. ჯერ ერთი, ეს ჩვენ ფსიქოლოგიურად გვჭირდებოდა და გულშემატკივრებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. ახლა გუნდში მეტი მოტივაცია და იმედია".

"ტორპედოს" ნახევარმცველის აზრით, წლევანდელი ჩემპიონატი საინტერესოდ მიმდინარეობს:

"ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი ჩემპიონატი გვაქვს. კარიერას რომ ვიწყებდი, უფრო მაღალი დონე იყო, მაგრამ ახლა თანაბარი ძალის გუნდები გვყავს და ტურნირი საინტერესოდ მიმდინარეობს.

ლატვიის ჩემპიონატშიც საკმაოდ ნორმალური დონეა, თუმცა ჩვენი უმაღლესი ლიგის დარი ინტრიგა არ არის - "სკონტო" და "ვენტსპილსი" გამოკვეთილი ლიდერებია და დიდი ანგარიშით ხშირად იგებენ.

საქართველოს ჩემპიონატში კი სულ სხვა ვითარებაა. ლიდერთან აუტსაიდერის მოგებაც არაა იშვიათი ამბავი და ამიტომ აქ თამაში საინტერესოა.

ჩვენს კლუბებს დაფინანსება რომ გაუზარდონ და ოდნავ უკეთესი სავარჯიშო პირობები შეუქმნან, საქართველოს ჩემპიონატი ბევრად საინტერესო გახდება, უცხოეთშიც გაცილებით ნაკლები ფეხბურთელი წავა და საკუთარ ქვეყანაში ნახევარ ხელფასსაც დათანხმდებიან. ყველას ურჩევნია, ოჯახთან ერთად იყოს.

სხვათა შორის, ხიზანიშვილისა და იაშვილის "სამტრედიაში" ჩამოსვლამ იმიტომ გამახარა, რომ ასეთი ცნობილი მოთამაშეები ჩემპიონატს მეტ ინტერესს შემატებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი ნახებარმცველია მომწონს და ამ პატარა ბიჭმა უჩა სოსიაშვილმა უარი განაცხადა ამის მოყვანაზე და კი ყავს ეხლა ჩიორა ვითომ ფეხბურთელი და გვალია მაგაზე აურესი
bibo
16:55 20-03-2015
0
64-ში ზუსტად კუთხურიდან გავუტანა გოლი დათუნაშვილმა მოსკოვის"ტორპედოს"და ძირითადი დრო დავამთავრეთ 1:1,ხოლო დამატებითში!!!!სამი გოლი გავუდეთ!!!
datiko48
15:40 20-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული