დაფინანსდეს "ზესტაფონიც" ისე, როგორც "სამტრედია" - გამოსავალი ნაპოვნია?!

AutoSharing Option
მართალია, საქართველოს ორგზის ჩემპიონი "ზესტაფონი" კვლავ უმძიმეს დღეშია, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა.

გვესაუბრება "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი სერგო ფუტკარაძე:

"მართალია, პროცესი კვლავ ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ გვაქვს სასიხარულო ინფორმაციაც.

ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში არის მშვენიერი მაგალითი კერძო კლუბისა და სახელმწიფოს თანამშრომლობისა. ეს არის "სამტრედია". ჩვენ დავუკავშირდით ამ კლუბის ხელმძღვანელებს და მათ ყველაფერში დახმარება აღგვითქვეს.

ჩვენთვის სრულიად მისაღებია ის პრინციპი, რომლითაც "სამტრედია" ფინანსდება სახელმწიფოსგან.

"სამტრედიას" ჰყავს კერძო მფლობელი - გია ომანაძე. ამის მიუხედავად, კლუბი ფინანსდება სახელმწიფოსგან. კარგად იცით, ზუსტად იგივე
სიტუაციაა "ზესტაფონშიც". ჩვენ თანახმანი ვართ, გადავცეთ წილი მუნიციპალურ ორგანოებს კლუბის თანადაფინანსების შემთხვევაში.

მინდა, საგანგებოდ აღვნიშნო ის თავდადება, რასაც "ზესტაფონის" ფეხბურთელები ავლენენ. არ გვინდოდა ამის თქმა ბოლო მომენტამდე, მაგრამ რაც ფაქტია, ვერ დავმალავთ - გუნდი ყოფითი პრობლემების წინაშეც კი დადგა.

ამის მიუხედავად, ეს ბიჭები ცარიელი ენთუზიაზმით გადიან მინდორზე და თითოეულ თამაშში სულსა და გულს აქსოვენ. ამის დასტურია თუნდაც გუშინდელი ამხანაგური შეხვედრა საქართველოს თასის ფინალისტ საჩხერის "ჩიხურასთან".

დღეს ჩვენი მდგომარეობა უმძიმესია. რამდენიმე დღეა, ქალაქის მთავარ სპორტულ არენას, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს შუქი არ მიეწოდება. არც ბაზაზე გვაქვს ელექტროენერგია. დრო აღარ ითმენს. ზესტაფონში უკვე ნადგურდება მრავალმილიონიანი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ჩვენს დახმარებას, თანხაც გამოყოფილია, მაგრამ კლუბამდე მისი მოღწევა ვერ ხერხდება. ამ პროცესში, ალბათ, ცენტრალური ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს.

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კლუბის სახელით "სამტრედიის" ხელმძღვანელობას. ისინი ყველანაირად გვიდგანან გვერდით. გვითხრეს, რომ კონსულტაცია იქნება თუ ნიუანსების დაზუსტება, დიდსულოვნად შეგვეშველებიან.

ჩვენ უკვე ჩავაყენეთ საქმის კურსში ზესტაფონის ხელმძღვანელობა. გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი ესაუბრა სამტრედიელ კოლეგას და ეს იმედს გვაძლევს, რომ ბოლოს და ბოლოს, ყინული ადგილიდან დაიძვრება.

თავის დროზე ჩვენ წინააღმდეგნი ვიყავით 16-გუნდიანი ჩემპიონატისა. ერთ-ერთი მთავარი მოტივი ამ პირველობის მომხრეებისა იყო მასობრიობა. ზესტაფონში ფეხბურთი მასობრივია - ეს არ არის მხოლოდ მთავარი გუნდი, ეს არის დუბლშემადგენლობა, ჭაბუკთა გუნდები, ის ბავშვები, რომლებიც საკლუბო სექციაში ვარჯიშობენ", - გვითხრა ფუტკარაძემ.

"ზესტაფონის" გულშემატკივრები ორშაბათს ქალაქში მასშტაბურ აქცია-მსვლელობას გამართავენ, რათა კიდევ ერთხელ მოითხოვონ ქალაქის ხელმძღვანელობისგან საყვარელი გუნდის გადარჩენა.

ამასობაში, უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი "ზესტაფონი" თბილისში ვარჯიშობს. გიორგი მიქაძის შეგირდებმა სანაკრებო პაუზა საჩხერის "ჩიხურასთან" მატჩით შეავსეს. შეხვედრა "ზესტაფონმა" 2:1 მოიგო. გამარჯვებულთაგან დუბლი მიითვალა ნიგერიელმა ჯონ ჯერემიამ, საჩხერელთა მხრიდან კი გოლი არჩილ ბაჯელიძემ გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზესტაფონის და მეტალურგის თაობაზე,წერილი გადავუგზავნეთ პრემიერს და პრეზიდენტსაც.
პრემიერის კაბინეტიდან უკვე მოვიდა წერილის ასლი რომელიც სასწრაფო რეაგირებისათვის გადაეგზავნა სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ ლევან ყიფიანს.
ფუტკარაძე კი არის ტუტუცი და უსინდისო კაცი,ის იმდენად ზნედაცემულაი რომ სრულაიდ უმიზეზოდ ხალხს ემეილებში დედას აგინებს,ეს არის ზეტაფონის სრიცხვილი ასეთი "სპიკერი" რომ ჰყავთ.
ჩენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ გაჭირვებულ კლუბებს რეალური დახმარება მიუვიდეთ.
ggagua
01:10 31-03-2015
0
ehhh
gaga
14:35 30-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული