უმაღლესი ლიგის XXV ტურის წინ: ყველა ჩაამთავრებს სეზონს?

AutoSharing Option
ფოტოზე: დღეს "დინამოს" გიორგი პაპუნაშვილი დააკლდება
ხმაურიანი კვირა იყო ქართულ საკლუბო ფეხბურთში და იმედი დავიტოვოთ, რომ XXV ტურის მერე კიდევ ერთი გუნდი არ გამოაკლდება უმაღლეს ლიგას!

ჰო, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა ("ზესტაფონის" აპელაციის დადებითად გადაწყვეტას ვგულისხმობთ), ახლაც და დარჩენილ ხუთ ტურშიც ერთი გუნდი თან დაისვენებს, თან კიდევ... უბრძოლველად "ჩაიხუტებს" სამ ქულას!

აი, ასე: თერთმეტწლიანი "თანაცხოვრების" შემდეგ "ზესტაფონისა" და უმაღლესი ლიგის გზები გაიყარა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჯერ კიდევ საკითხავია, საერთოდ, იარსებებს თუ არა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე
სტაბილური და, რაც მთავარია, წარმატებული ქართული კლუბი.

"ზესტაფონის" ჩემპიონატიდან გამოთიშვა რომ გარკვეულ კორექტივებს შეიტანდა სატურნირო ცხრილში, ამაში ყველანი დარწმუნებულნი ვიყავით; თანაც, ზემოთ 3 ქულის უბრძოლველად "ჩახუტება" რომ ვახსენეთ, იმ ექვსი გუნდიდან, სულ მცირე, სამისთვის პირდაპირ მისწრებაც იქნება ცალკე ერთი ტურის გამოტოვება, ცალკე კი - სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესება... მინდორზე გაუსვლელად.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ დღეიდან 22 მაისამდე (ანუ სეზონის ბოლომდე) უმაღლესი ლიგის გუნდებს 6-6 მატჩის ჩატარება მოუწევთ, თასის ნახევარფინალებს კი... ერთით მეტი.

ჰოდა, ხანმოკლე პაუზა-დასვენება არც არავის აწყენს...

24.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 16:00
ცხინვალი-დინამო (თბ)
პირველი წრე 1:6
ურთიერთშეხვედრები
18: +1 =4 -13, 11-45
დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო" თბ)

ტურის უდავოდ ცენტრალურმა შეხვედრამ, წესითა და რიგით, თბილისელ გულშემატკივართა დიდი ინტერესი უნდა გამოიწვიოს; მით უფრო, რომ ორივე გუნდისთვის ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს: ზედიზედ ორმა მოგებამ კახა კაჭარავას დამოძღვრილ "ცხინვალს" კვლავაც დაუტოვა მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოვლენათა სასურველი "სცენარით" განვითარების შემთხვევაში, "ცხინვალი", შესაძლოა, ევროტურნირებზეც ვიხილოთ.

არანაკლებ უმნიშვნელოვანესი მატჩია "დინამოსათვისაც", რომელიც თავისთვის აშკარად "მიუჩვეველ" სიტუაციაში, ანუ "მდევრის როლში" აღმოჩნდა და ახლა მხოლოდ საკუთარი თავის გარდა, "დილას" წაფორხილების იმედადაც უნდა იყოს.

მოკლედ, დღეს ვაკეში მართლაც საინტერესო მატჩი გველოდება; უფრო ზუსტად... პირველი "სერია" გველოდება: ოთხ დღეში ხომ იგივე გუნდები იმავე სტადიონზე ამჯერად უკვე თასის საპასუხო ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს!

აღარაფერს ვამბობთ სამწვრთნელო "დუელზე", სადაც ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები დაუპირისპირდებიან, თუმცა, კახა კაჭარავასგან განსხვავებით, დინამოელთა თავკაც კახა გოგიჩაიშვილს სერიოზული საკადრო პრობლემა აქვს: ტრავმის მერე დაბრუნებული და ჩინებულად ათამაშებული გიორგი პაპუნაშვილი არ ეყოლება.

24.04. ზუგდიდი. "ბაიას საწვრთნელი ბაზა". 16:00
ზუგდიდი-სამტრედია
პირველი წრე 1:0
ურთიერთშეხვედრები
9: +5 =1 -3, 14-11
დისკვალიფიკაცია: გიორგი პაჭკორია ("ზუგდიდი")

მეტოქეებს სატურნირო ცხრილში ერთმანეთთან ბევრი ქულაც აშორებთ და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზანიც აქვთ; თუმცა, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ისე, როგორც ჩვენ, სხვებსაც გაუჭირდებათ ამ წყვილში რომელიმე გუნდისათვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება.

"ზუგდიდი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და გადათამაშებას თავი რომ აარიდოს, ერთიმეორეზე რთულ მეტოქეებთან დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური შედეგის მიღწევას შეეცდება; "სამტრედიას" კი ევროტურნირებზე მოხვედრა სწადია და ამისათვის ჩემპიონატშიც შეეცდება კომფორტული პოზიციის (IV ადგილი) შენარჩუნებას. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ზაზა ზამთარაძის გუნდს თავის ისტორიაში პირველად აქვს შანსი, თასი მოიგოს!

ძალიან, ძალიან რთული მატჩი ელოდება "სამტრედიას" სათასო ნახევარფინალის წინაც: წინა ტურში "ზუგდიდმა" ხომ ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ბათუმის "დინამო" დაამარცხა და ბესიკ შეროზიას შეგირდები ამჯერად არანაკლებ ძლიერი მეტოქის დაჯაბნასაც შეეცდებიან.

სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი (ბევრისთვის მოულოდნელად, "ზუგდიდის" გამარჯვებით რომ დამთავრდა) იმითაც იყო გამორჩეული, რომ ეს იყო "ზუგდიდის", საერთოდ, პირველი მოგება ამ სეზონში, თანაც, ასევე პირველი მატჩი მშობლიური ქალაქის გუნდში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებული ბესიკ შეროზიას ხელმძღვანელობით.

24.04. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 16:00
ვიტ ჯორჯია-სიონი
პირველი წრე 0:0
ურთიერთშეხვედრები
54: +25 =18 -11, 67-41
დისკვალიფიკაცია: ვანო კურდღელაშვილი ("ვიტ ჯორჯია") - გიორგი ცხადაია ("სიონი")

იმის გამო, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონატში აღარ მონაწილეობს, უმაღლესი ლიგიდან "პირდაპირი" გავარდნის საფრთხე ერთ გუნდსღა ემუქრება და, აქედან გამომდინარე, ამ მატჩს, სატურნირო თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

თანაც, მიუხედავად ბოლო ადგილზე ყოფნისა, "ვიტ ჯორჯიას" ჯერ კიდევ დარჩა თეორიული შანსი, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს და დებიუტანტი მწვრთნელის, თენგიზ კობიაშვილის ახალგაზრდა შეგირდებიც, დარწმუნებულნი ვართ, ამ შანსის გამოყენებას ბოლომდე შეეცდებიან. მით უფრო, რომ "ვეტერინარებს" უკვე წინასწარ აქვთ გარანტირებული 3 ქულა ("ზესტაფონთან").

აი, "სიონს" კი იმის შანსიც აქვს, რომ სულაც გადათამაშებას ასცდეს და აშკარად წარუმატებელი სეზონი მეტ-ნაკლებად მშვიდად დაამთავროს.

მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, ლადო ბურდულის დამოძღვრილ "სიონს" ერთობ რთული კალენდარი აქვს; თანაც, ასევე იმ კონკურენტებისგან განსხვავებით, "ზესტაფონთან" უკვე "მოასწრო" თამაში...

24.04. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 16:00
დილა-შუქურა
პირველი წრე 0:3 (ტექნიკური შედეგი)
ურთიერთშეხვედრები
1: 0 =0 -1, 0-3
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩალაძე ("შუქურა")

ამ სეზონში ახალგაზრდა მწვრთნელების, უჩა სოსიაშვილის ("დილა") და გელა სანაიას ("შუქურა") მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს: გორელთა გუნდი თავის ისტორიაში პირველ საჩემპიონო ტიტულს უმიზნებს (თან, კონკურენტებისგან განსხვავებით, უკეთესი კალენდარი აქვს), ქობულეთელებმა კი უკვე არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზეს.

რა თქმა უნდა, ორივე გუნდს დარჩენილ მატჩებში აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები ექნება: "დილამ" რომ სეზონის ბოლომდე ქულები აღარ დაკარგოს, ჩემპიონობა გარანტირებულია! ხოლო "შუქურასთვის" უმთავრესი პრიორიტეტი სეზონის რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დამთავრება იქნება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობაც (VII ადგილი), უდავოდ, დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.

ანუ იმის თქმა გვსურს, რომ "არანორმალურად" მოტივირებული მასპინძლების მსგავსად, "შუქურასთვისაც" არ იქნება სულერთი ამ მატჩის შედეგი. თანაც, ქობულეთელები თუ მედგარ წინააღმდეგობას გაუწევენ "დილას" და ქულებს დააკარგვინებენ, ამით ხომ თავიანთი "კარის მეზობლის", ბათუმის "დინამოს" საქმეს გააკეთებენ.

აქვე, ისიც გავიხსენოთ, რომ ამ გუნდებს შორის ჩატარებული პირველი წრის მატჩი სკანდალით დასრულდა; უფრო ზუსტად, ჩაიშალა და "დილას" ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა.

24.04. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 16:00
კოლხეთი-მეტალურგი
პირველი წრე 0:1
ურთიერთშეხვედრები
13: +3 =3 -7, 12-14

ზედიზედ ოთხი წაუგებელი მატჩი, ამ ოთხ მატჩში მოპოვებული 8 ქულა და "კოლხეთიც" , ფაქტობრივად, დაშორდა სახიფათო ზონას. თუმცა სრული "სიმშვიდისათვის" ფოთელთა გუნდს ამ მატჩის მოგებაც ესაჭიროება, რამეთუ არცთუ იოლი მატჩები ელოდება სეზონის ფინიშზე.

ამას გარდა, "მეტალურგთან" გამარჯვების შემთხვევაში ზაზა ინაშვილის გუნდი უკვე 8 ქულით დასცილდება საპლეიოფე ზონას და ამიტომაც დღევანდელ მატჩს მასპინძელთათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იმავეს თქმა შეიძლება "მეტალურგზეც", რომელიც ბევრს უკვე პირველი ლიგისათვის განწირულად მიაჩნდა, მაგრამ "ზესტაფონის" გამოთიშვამ რუსთაველთა გადარჩენის შანსები მკვეთრად გაზარდა.

ეგ კი არა, იმის ალბათობაც არსებობს, რომ ვარლამ კილასონიას გუნდმა სულაც გადათამაშებას აარიდოს თავი და ამის წინაპირობად რამდენიმე ფაქტი გამოდგება. უპირველესად, ის უნდა ვახსენოთ, რომ წინა ორ ტურში "მეტალურგმა" მეტოქეთა კარში გოლებიც გაიტანა, თანაც, ერთობ ძლიერ "სამტრედიასთან" მატჩში რუსთაველებს ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებიათ.

თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ ამ ტურის უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის "მეტალურგი" თამაშის... წინა დღეს გაემგზავრა, სასტუმროშიც დაბინავდება და მეტ-ნაკლებად მომზადებული შეხვდება კონკურენტთან დაპირისპირებას. მოკლედ, რუსთავში ფული "გამოაჩინეს".

24.04. ქუთაისი. "ტორპედო". 17:00
ტორპედო-ჩიხურა
პირველი წრე 2:2
ურთიერთშეხვედრები
9: +3 =5 -1, 11-7
დისკვალიფიკაცია: გიორგი განუგრავა, სერგეი ლუბჩაკი (ორივე - "ჩიხურა")

"ტორპედო" მეორე წრის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ახალი თავკაცის, გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით ქუთათურებს უკვე შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ!

ასეთმა წარმატებულმა სერიამ კი ის "მოიტანა", რომ "ტორპედოს" მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი გაუჩნდა, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ევროტურნირების საგზურსაც იძლევა.

მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი "ჩიხურასაც" დარჩა, თუმცა სოსო ფრუიძის გუნდს კალენდარიც ურთულესი აქვს (ბათუმის "დინამოს", "სამტრედიას", თბილისის "დინამოს" უნდა ეპაექროს); პლუს, ცალკე საფიქრალია ოთხი დღის მერე ჩასატარებელი საპასუხო სათასო ნახევარფინალი მომძლავრებულ "სამტრედიასთან".

გამოცდილ სპეციალისტს, სოსო ფრუიძეს თავის მშობლიურ ქალაქში დღეს საკადრო პრობლემებიც ექნება: დისკვალიფიკაციის გამო ორ წამყვან ფეხბურთელს, ცენტრალურ მცველ სერგეი ლუბჩაკსა და საყრდენ ნახევარმცველს, გიორგი განუგრავას მოისაკლისებს.

ისე, ამ სეზონში საკადრო პრობლემებით თუ რომელიმე გუნდი დაზარალდა, ეს, უპირველეს ყოვლისა, "ჩიხურაზე" ითქმის - მეორე წრეში ტრავმების გამო წამყვანი ფეხბურთელები რომ აკლია.

25.04. ქობულეთი. "ჩელე არენა". 16:00
დინამო (ბთ)-გურია
პირველი წრე 0:1
ურთიერთშეხვედრები
22: +13 =5 -4, 50-12

სამ შეხვედრაში ერთი მოგება და ორი წაგება - აი, ასეთია ბათუმის "დინამოს" ბოლოდროინდელი "მონაგარი" და ამის გამოც შავიზღვისპირელები ამ ტურს მესამე ადგილზე მყოფნი ხვდებიან.

რა თქმა უნდა, ჯერ დაკარგული არაფერია და შოთა ჭეიშვილის გუნდის "საჩემპიონო რბოლიდან" ჩამოწერაც ნაადრევად გვეჩვენება; მით უფრო, რომ დარჩენილი მატჩების კალენდარსაც არაფერი დაეწუნება და რაც მთავარია, ერთ-ერთ კონკურენტს ("დინამო თბილისს") უნდა უმასპინძლოს (ოღონდ, უმაყურებლოდ!).

აი, "გურიაში" კი ამ ბოლო დროს "დიდი" ამბები დატრიალდა: ზედიზედ ორი მარცხი არ აპატიეს კლუბის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, თეიმურაზ ლორიას და პოსტი დაატოვებინეს.

არადა, ცოტა არ იყოს, უცნაურადაც მიგვაჩნია ლანჩხუთელთა კლუბის ხელმძღვანელთა ეს გადაწყვეტილება: "გურიას" გავარდნის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, ცხრილში თავისზე ზემოთ მყოფ გუნდებს ვერც ადამიანური რესურსით აღემატება და ვერც ფინანსურით, თანაც, ლანჩხუთელებმა ამ სეზონში "მოასწრეს" და რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზიც შესთავაზეს თავის ქომაგებს.

თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი აზრია და ახლა ისღა დაგვრჩენია, უმაღლეს ლიგაში აქტიურ სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება მივულოცოთ "გურიის" ძველ-ახალ მთავარ მწვრთნელს, გიგლა იმნაძეს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დილა წიინ! შენ ვერ შეგაჩერებენ კოკაიასნაირი მაფიოზები და გაბოროტებული ლუციფერები :დ FC DILA GORI CHAMPION 2015
chicharito
11:57 24-04-2015
0
შენ/რა/გიხარია/ზესტა/რომ/არ/ითამაშებს/.....,ჩაიხუტებენ/3/ქულასო,რომ/ამბობ
basara
11:17 24-04-2015
0

სიახლეები პოპულარული