ვიტ ჯორჯია-სიონი 2:0 - კახაბრიშვილის შედევრი

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო ბოლნისის "სიონს" და უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი გაიზარდა. "ვეტერინარებმა" კარგად ითამაშეს, მეტოქე დაჯაბნეს და სამი ქულაც დაიმსახურეს, თუმცა აქვე ვთქვათ - "სიონის" შეფობა უკმაყოფილო დარჩა მსაჯობით.

რა თქმა უნდა, დავით ხარიტონაშვილის მეთაურობით მოქმედ მსაჯთა ბრიგადას უშეცდომოდ არ უმსაჯია, თუმცა "სიონი" მარცხს არბიტრთა ბრიგადას ვერ დააბრალებს. "ვიტ ჯორჯია" მეტოქეზე მწვავე, მიზანდასახული და მომართული იყო.

"მერანთან" მატჩის შემდეგ ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელი ლადო ბურდული დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ამადაც იყო, სათადარიგოთა სკამიდან რომ ვერ ხელმძღვანელობდა თავისიანებს.

ორივე გუნდმა რამდენიმე
ფეხბურთელი მოისაკლისა. "სიონს" არ ჰყავდა დისკვალიფიცირებული ცხადაია და დაშავებულები - მიქაბერიძე, გურეშიძე და ქებურია. "ვიტ ჯორჯიამ" კი დისკვალიფიკაციის გამო ერთ-ერთი ლიდერი კურდღელაშვილი და მცველთა დუეტი - მურუსიძე-ჩიტიშვილი - ვერ დაიხმარა.

ორივე გუნდმა ერთმანეთის იდენტური ტაქტიკური სქემა აირჩია. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ "ვიტ ჯორჯია" ისე უცქერდა ამ შეხვედრას, როგორც სამკვდრო-სასიცოცხლო ჯახს. თამაშმა, მთლიანობაში, დაძაბულად ჩაიარა. აი, ხარისხისა რა გითხრათ, თუმცა უხარისხობას უკვე კარგა ხანია, შევეგუეთ.

მე-2 წუთზე საყრდენის პოზიციაზე გამწესებულმა დაჩი ცნობილაძემ შესანიშნავი პასი გაუჭრა პორტუგალიელ ლუის ალბერტოს, თუმცა ამ უკანასკნელმა ბურთი ვერ დაიმორჩილა. უნდა აღინიშნოს, რომ ლუისი აშკარად გამორჩეული იყო ბოლნისელთა რიგებში და ერთადერთი გახლდათ ბურდულის გუნდში, ვინც "სწორ ფეხბურთს" თამაშობდა - უბურთოდ მანევრირებდა, იბრძოდა, ურტყამდა...

მე-13 წუთი "ვიტ ჯორჯიისთვის" თარსი აღმოჩნდა. დავით სვანიძემ საჯარიმო მოედანში შეტევაში ჩართული კოლეგა, გიორგი გეთიაშვილი დასცა. პენალტი ვალიკო გახარიამ შეასრულა. მირზა მერლანმა ბურთი მოიგერია და "სიონი" სწრაფად გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

იქვე გურამ გიორბელიძე გამოირჩა მარცხენა ფლანგზე სწრაფი რეიდით და საჯარიმოში აქცენტირებული ჩაწოდებით. ლუის ალბერტომ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და კარშიც დაარტყა თავით, მაგრამ ვიტელთა მეკარე ჯონი შეროზიამ კუთხურზე გადააგდო ბურთი.

მალევე ზვიად ლობჟანიძის ჩაწოდებულ ბურთს პაპუნა მოსემღვდლიშვილი დაუხვდა და "ვიტ ჯორჯია" ძელმა გადაარჩინა.

მე-20 წუთზე "ვიტ ჯორჯიის" თავკაც თენგიზ კობიაშვილს ორი იძულებითი შეცვლის განხორციელება მოუხდა. დაშავდნენ მეკარე შეროზია და მარჯვენა მცველი ლუკა თათხაშვილი. თათხაშვილის მინდვრიდან გასვლის შემდეგ მარჯვენა მცველად ლევან საბაძე დადგა, სამარქაფო კახა კახაბრიშვილმა კი ამავე ფლანგზე ნახევარმცველის ვაკანსია შეავსო.

28-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიამ" ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი გაატანა ქარს. ნიკოლოზ მაისურაძის შორი ჯარიმიდან ბურთმა კარის ძელი "მოიკითხა". ერთ-ერთმა ვიტელმა ბურთზე თამაში ყველას დაასწრო, თუმცა ამჯერად მერლანმა ივარგა.

30-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. დაჩი ცნობილაძემ გაუმართლებლად დაკარგა ბურთი, რომელიც მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშე ელგუჯა ლობჯანიძემ მოიხელთა, ფიზიკური ძალით დაჯაბნა მეურვეები, შევიდა საჯარიმოში და მერლანს შანსი არ დაუტოვა.

პირველი ტაიმის მეორე დამატებული წუთი მიდიოდა, გოლი-შედევრი რომ ვიხილეთ. კახაბრიშვილმა, მეტოქის კარის სიახლოვეს მახვილი კუთხით რომ იდგა, პარტნიორის პასის შემდეგ ბურთი მარჯვენა ფეხით მოათვინიერა, მარცხენაზე გადაიტანა და უძლიერესი დარტყმით "სიონის" კარის შორეულ კუთხეში "დააჭედა".

მეორე ტაიმის დასაწყისში "სიონის" შემადგენლობაში სამმაგი შეცვლა მოხდა. მეორე ნახევარში ბოლნისელები პირველზე ოდნავ უკეთ ათამაშდნენ, ოღონდ არა იმდენად, რომ თამაში გადაერჩინათ.

დასკვნით ტაიმში ბურთი უფრო ხშირად "სიონს" ეჭირა, თუმცა პირველი საგოლე მომენტი "ვიტ ჯორჯიამ" შექმნა. ლობჯანიძემ ბრძოლა მოუგო დავით სვანიძეს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმას სიზუსტე დააკლო.

83-ე წუთზე ლუის ალბერტომ "ვიტ ჯორჯიის" კარი აიღო, თუმცა არბიტრმა ხარიტონაშვილმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მერე დავით სვანიძემ "გაისროლა" სახიფათოდ და "ვეტერინარები" ახალგაზრდა ლევან ისერგიშვილმა იხსნა. სულ ბოლოს კი ისევ ლობჯანიძეს შეეძლო გატანა, თუმცა მეკარე მერლანმა იმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
24.04. მცხეთა. "მცხეთა პარკი"
ვიტ ჯორჯია-სიონი 2:0
გოლები: 1:0 ლობჯანიძე (30), 2:0 კახაბრიშვილი (45)
ვიტ ჯორჯია (4-4-1-1): შეროზია (20. ისერგიშვილი) - თათხაშვილი (19. კახაბრიშვილი), კალანდია, გეთიაშვილი, დანელია - დემეტრაშვილი (88. ბუნტური), მაისურაძე, გახარია, საბაძე - დავლაშელიძე - ლობჯანიძე.
სათადარიგოები: მერაბიშვილი, ლებანიძე, ხვისტანი, დადიანი
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
სიონი (4-4-1-1): მერლანი - დ. ფოფხაძე (46. ჭანკოტაძე), სვანიძე, მოსემღვდლიშვილი, გიორბელიძე - სიჭინავა, ცნობილაძე, გოგობერიშვილი, საჯაია (46. გაფრინდაშვილი) - ლობჟანიძე (46. უგულავა) - ლუის ალბერტო.
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ოთარაშვილი, ჭიკაიძე, არაუჟო
მწვრთნელი: ლადო ბურდული
გაფრთხილება: სვანიძე (13), გახარია (61), გიორბელიძე (61)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 12
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები
28 აპრილი, სამშაბათი

მომდევნო (XXVI) ტური
1-ლი მაისი, პარასკევი
გურია-ზუგდიდი
შუქურა-მერანი
2 მაისი, შაბათი
სიონი-ცხინვალი
ჩიხურა-დინამო (ბთ)
დინამო (თბ)-ტორპედო
მეტალურგი-დილა
სამტრედია-კოლხეთი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული