მას შემდეგ ამ უნიჭიერესი ფეხბურთელის კარიერას ლაიტმოტივად გასდევს ტრავმები. სწორედ ამის "ბრალია", ბოლომდე რომ ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას.
სეზონის მეორე ნახევარში გიორგი ხიდეშელი გორის "დილას" შეურთდა, თუმცა ახალი გუნდის შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია. მიზეზი ისევ ტრავმაა.
ხიდეშელი მინდორს ახლახან დაუბრუნდა და
- მოხარული ვარ, რომ მინდორს დავუბრუნდი, - გვითხრა გიორგიმ საუბრის დასაწყისში, - ჯერ კიდევ "ზესტაფონში" მეორედ დაბრუნებულმა მივიღე ტრავმა ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრაში. მერე "დილაში" მოვედი. კარგად იყო ყველაფერი და თურქულ შეკრებაზე კვლავ დამიზიანდა ფეხის გვერდითა იოგი. ისე გამოვიდა, რომ რაც სეზონი განახლდა, ოფიციალურ მატჩში საერთოდ არ მითამაშია. ახლაღა მოვირგე "დილას" დუბლშემადგენლობის მაისურა.
- როდის უნდა ველოდოთ ძირითად შემადგენლობაში თქვენს დებიუტს?
- ამაზე ვერ გიპასუხებთ. მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის და როდის ათამაშებს.
- ტრავმის შემდეგ ფეხბურთელებს უჭირთ ფსიქოლოგიურად. უფრთხიან ორთაბრძოლებს, იკარგება თავდაჯერება. თქვენ უამრავი ტრავმა გადაიტანეთ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ხომ არ გიჭირთ?
- მთავარი მართლაც ისაა, რომ ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდეს. თავს კარგა ხანია, საამისოდ ვამზადებ. ვფიქრობ, ცოტა სათამაშო პრაქტიკა მჭირდება და ეს უხერხულობა თავისით გაივლის. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება - სადაც ფეხბურთია, იქვეა ტრავმაც.
- ვიცით, რომ უსაზღვროდ გიყვართ საკუთარი საქმე. თანაგუნდელების ტრიბუნიდან ყურება არ გიჭირდათ?
- ძალიან. როცა ვერ ვთამაშობ, გაცილებით მეტს ვნერვიულობ, ვიდრე მინდორზე. საშინელებაა, როცა თამაში გინდა, მეგობრების დახმარება გინდა და მათ ვერაფრით ეხმარები.
- ფაქტია, გორის "დილა" ეროვნული ჩემპიონატის მთავარი სიურპრიზია. როგორ დაახასიათებთ თქვენს გუნდს?
- მოკლედ ვიტყვი და, რაც შეიძლება, ტევადად - "დილა" პროგრესირებადი გუნდია. თამაშიდან თამაშამდე ეტყობა უკეთესობა. ეს მწვრთნელისა და ფეხბურთელების დამსახურებაა.
- ახლა, როცა ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია, როგორც შედარებით გამოცდილი, ახალგაზრდა პარტნიორებს რჩევებს თუ აძლევთ?
- "დილას" ერთ-ერთი პლუსი ისიცაა, რომ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგ სინთეზს წარმოადგენს. ჩემ გარდა, კიდევ არიან გამოცდილი ბიჭები - თუნდაც, მოდებაძე, კვახაძე, რაზმაძე...
რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ გუნდი მომზადებული იყოს საქართველოს ჩემპიონობისთვის. ჩვენ 5 ფინალი დაგვრჩა.
- ბევრი მიიჩნევს, რომ "დილას", დიდი ალბათობით, განაღდებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- არა, 5 ტურია დარჩენილი და უახლოეს მდევართან სხვაობა 3 ქულაა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და დიდი მობილიზება გვმართებს.
- როგორ გგონიათ, რას შეძლებს ამ ფორმაციის "დილა" ევროასპარეზზე?
- ჩვენთან კარგი პირობებია, კარგი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ მთავარია, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონემ აიწიოს. უცხოური გუნდი, თუნდაც საშუალო-ევროპული დონისა, სისტემატურად თამაშობს პრინციპულ, მაღალი დონის, დაძაბულ შეხვედრებს. ამაშია სხვაობა.
- საქართველოს ჩემპიონატი სადღეისოდ არნახულად დაძაბულია, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ ხარისხის თვალსაზრისით ადრე, თუნდაც სამი-ოთხი წლის წინათ, მდგომარეობა უკეთესი იყო. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- კი, ჩემი აზრით, იმ დროს უფრო მაღალი იყო დონე. იმედი მაქვს, უკეთესობის მომსწრენი ერთად ვიქნებით. კარგია, დაძაბულობამ რომ იმატა. ისიც კარგია, ბევრი ახალგაზრდა რომ დაწინაურდა, მაგრამ ხარისხი ყველას უკეთესი გვინდა.
- ვიცით, თავის დროზე, კიევის "დინამო" გამზადებულ კონტრაქტს გთავაზობდათ. მანამდე იყო ინტერესი სხვა გუნდებისგან. რომ არა მოჭარბებული ტრავმები, თქვენი აზრით, სად ითამაშებდა დღეს გიორგი ხიდეშელი?
- ალბათ, უკრაინის ჩემპიონატში. თავის დროზე არ ვჩქარობდი "ზესტაფონიდან" წასვლას. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, მიზნად გვქონდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა. იყო კონკრეტული ინტერესი "ჰელსინგბორგიდან", ლვოვის "კარპატისგან", გერმანიის ბუნდესლიგიდან...
კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ გუნდი არ დაშლილიყო. ჩვენც გვქონდა რწმენა, რომ შეგვეძლო...
ჩემპიონთა ლიგის იმ გათამაშების შემდეგ "ზესტაფონიდან" უნდა წავსულიყავი. მოლდოვაში, "დაჩიასთან" მატჩში რაც მომივიდა, ყველამ ვიცით. არადა, კიევის "დინამო" მზად იყო ჩემთან თანამშრომლობისთვის....
- იმ მატჩს ტრიბუნიდან ვუცქერდი. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ "დაჩიას" მოთამაშემ შეგნებულად მოგაყენათ ტრავმა...
- საშინელება იყო... ის ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. "დაჩია" აგრესიულად თამაშობდა. გახსოვთ, მტკივნეულად გადაიტანეს პირველ მატჩში მარცხი. მოლდოვაშიც პატარა ინციდენტი მოხდა. თან, იმ ეპიზოდში ბურთი არ მქონდა...
მაინც არ მგონია და ვერ ვიფიქრებ, რომ ფეხბურთელმა ფეხბურთელი ასე გაწიროს. იმ ტრავმამ დიდი კვალი დატოვა ჩემში. დღესაც, ტელევიზორში ფეხბურთს რომ ვუყურებ და მოთამაშე მუხლზე ხელს რომ მოიკიდებს, ეკრანს ვშორდები. მე ხომ ვიცი, რა სიმწარეა...
- და მაინც, 27 წელი ის ასაკი არ არის, ფეხბურთელმა მოტივაცია, მომავლის იმედი რომ დაკარგოს...
- რა თქმა უნდა, თან - პირიქით. ორმაგი მოტივაცია მაქვს. მე ფეხბურთის ფანატიკოსი ვარ. იმისაც მჯერა, რომ დაკარგულს დავიბრუნებ. ჩემს ასაკში ბევრის გადატანა მოვასწარი, თუმცა ყველაფერი განგების ნებაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"