ჩიხურა-დინამო (ბთ) 0:1 - საჩხერელთათვის დამთავრდა

AutoSharing Option
დიახ, "ჩიხურასთვის" ჩემპიონატი დამთავრდა, თუ დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ იმ გარემოებას, რომ დარჩენილი მატჩების შედეგების მიხედვით, გუნდმა შეიძლება ერთი-ორი ადგილით წინ წაიწიოს ან უკან დაიხიოს ჩემპიონატის "კიბის" ახლანდელი შუა საფეხურიდან.

ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია - წელს ვეღარ იქნა დაძლეული ის საევროლიგო და სათასო სიმაღლეების თამაშები, რომლებსაც შეგვაჩვია წინა ორ წელს. "ბურსას" მძლეველებიდან თითო-ოროლაღა შემორჩა, ახლად შექმნილ გუნდს კი საამისოდ ძალა არ ეყო, რასაც გახშირებულმა ტრავმიანობამაც შეუწყო ხელი.

ამ მატჩშიც უფრო ექსპერიმენტულს ჰგავდა "ჩიხურას" შემადგენლობა, ვიდრე ოპტიმალურს - ძირითადში არ
იყვნენ კაშია, ჭელიძე, დეკანოიძე, დობროვოლსკი და ოდიკაძე.

მიუხედავად ამისა, საჩხერელებმა მთელი პასუხისმგებლობით იბრძოლეს ჯერ კიდევ შემორჩენილი მიზერული შანსის გაზრდისთვის, რასაც ასეთივე შემართება დაუპირისპირეს ბათუმელებმა, რომლებიც, გამარჯვების შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, საპრიზო ადგილს ინაღდებდნენ.

დაუპირისპირეს კი არა, პირველი 15 წუთის განმავლობაში მინდორზე თავად დომინირებდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ მოწინააღმდეგეს, ძალზე აქტიური თევდორაძის, ბერიაშვილისა და სხვათა აქტიურობით.

შემდგომში კი ასეთივე წინააღმდეგობას რომ წააწყდნენ ივანიშვილი-სარდალიშვილი-კუჭუხიძის ტრიოსგან, უკან დაიხიეს, ისედაც ბრწყინვალედ ორგანიზებული დაცვა კიდევ უფრო "დააბეტონეს" და მეკარის სერიოზულად შეწუხების საშუალება არავის მისცეს. ამასთან, ნახევარდაცვაც გაამაგრეს, კონტრშეტევებსაც კარგად ახერხებდნენ, რის გამოც დაძაბულობის ატმოსფერო მატულობდა.

ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ სწორედ კონტრშეტევისას გავიდა გამარჯვების ერთადერთი გოლი: 55-ე წუთზე ფლანგიდან ჩაწოდებულს ოდნავ წაჰკრა თავი მგელაძემ, რაც საკმარისი აღმოჩნდა მეკარე ქვილითაიას სახტად დატოვებისთვის.

"ჩიხურა" იძულებული იყო, მთელი შემადგენლობით წინ წასულიყო. ასეც მოიქცა, რაღაც შტურმის მაგვარიც მოაწყო, მაგრამ ამაოდ, პირიქით: 70-ე წუთზე კინაღამ აქეთ გაუშვა და ისევ კონტრშეტევაზე. ამ მომენტში სასწაულმა იხსნა საჩხერელები მეკარესთან პირისპირ გასული ბერუაშვილის დარტყმისაგან - ბურთი მილიმეტრებით გადასცდა ხარიხას.

მასპინძლები ცოტა ქაოსურად, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა ამაოდ - მოწინააღმდეგე მართლაც შეუვალი იყო. შეუვალი იყო მსაჯიც და ვფიქრობთ, სამართლიანადაც, როცა საჯარიმოში დიასამიძის თითქოს ხელით თამაშის მომენტი "გაატარა".

ასე იყო თუ ისე, შავიზღვისპირელებმა გამარჯვება დაიმსახურეს და ისღა დაგვრჩენია, ამ გუნდს შემდგომი წარმატება ვუსურვოთ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
02.05. ივანწმინდა
ჩიხურა-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 მგელაძე (55)
ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ბაჯელიძე, ლუბჩაკი, განუგრავა, კუჭუხიძე, მუმლაძე, კორიფაძე, სარდალიშვილი, ივანიშვილი (62. დეკანოიძე), ჩიკვაიძე.
სათადარიგოები: ზარქუა, ჭელიძე, კაკაშვილი, ტრაიანოვსკი, დობროვოლსკი, ოდიკაძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო: მამინაშვილი, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, მგელაძე, გოგიტიძე, ქავთარაძე, თევდორაძე (78. დიასამიძე), ტატანაშვილი (86. აბუსელიძე), ბერიაშვილი (90. ფარტენაძე).
სათადარიგოები: შოვნაძე, მუჯირი, მაკარიანი, ფარტენაძე, აშბა.
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: თევდორაძე (40), ჩიკვაიძე (59), დეკანოიძე (63), სუხიაშვილი (88)
არბიტრი: ჯენერი ხორავა.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 13
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXVII) ტური
8 მაისი, პარასკევი
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-შუქურა

9 მაისი, შაბათი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
გურია-სამტრედია
ტორპედო-სიონი
ცხინვალი-ზესტაფონი
ზუგდიდი-ჩიხურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ავტორს ხანდახან მაინ თუ ჩაახედებთ ცხრილში, ასეთ უაზრო სათაურებს და ტექსტებს არ დაწერს
კლიმენტი
10:14 05-05-2015
0

სიახლეები პოპულარული