არბიტრ ლევან კვარაცხელიას გადაწყვეტილებებით ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა. პირველ ტაიმში პენალტს თბილისელები ითხოვდნენ, მეორეში - ქუთაისელები. ამას გარდა, ტორპედოელთა თქმით, დავით კირკიტაძის მიერ გატანილი გოლის დროს თამაშგარეც უსაფუძვლოდ დააფიქსირეს.
ირაკლი კლიმიაშვილი ამბობს, რომ მსაჯმა თამაში გააფუჭა:
"მსაჯმა ჩვენი შეტევა რომ შეაჩერა, ამით უკმაყოფილო დავრჩი და ყვითელი ბარათი მიჩვენა. წამყვანი ლიგების თამაშებს ყველა ვუყურებთ და შეტევას არსად აჩერებენ.
ლევან კვარაცხელიამ
ვერ ვიტყვი, რომ მსაჯობის გარეშე "დინამო" ვერ მოგვიგებდა, მაგრამ რაც ჩვენთან გააკეთეს, ქართული ფეხბურთის დიდი სირცხვილია!
არაფერია, ქუთაისის "ტორპედოს" სერიოზული პოტენციალი აქვს, კარგი მწვრთნელი გვყავს. ამიტომ მომავალ სეზონში გაცილებით სერიოზული მიზნებისთვის ვიბრძოლებთ და ვინც უნდა იყოს, თავის მსაჯებიანადაც ვერ მოგვიგებენ".
კლიმიაშვილის მოსაზრებას იზიარებს ქუთაისელთა თავდამსხმელი ბექა ტუღუშიც:
"არ გამოვრიცხავ, რომ მსაჯი შეცდეს - ყველანი ადამიანები ვართ და ყველა შემცდარა. საერთოდ, წლეულს ცუდი მსაჯობა არ ყოფილა, მაგრამ რასაც კვარაცხელია აკეთებდა, იმას შეცდომას ვერ დავარქმევ.
თავი დავანებოთ იმას, რომ გიორგი ქიმაძის შეტევისას, აშკარა პენალტი არ დაგვინიშნა. ყველაზე მთავარი - თამაში ხომ უნდა გაცადოს? სწრაფი შეტევების საშუალებას რომ არ გვაძლევდა, ეს შემთხვევით ხომ არ ხდება?!
კი, ჩვენც დავუშვით შეცდომები, იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ "დინამოსთან" წასაგები თამაში არ გვქონდა. ახლა კვარაცხელიას სამი თვე არ ამსაჯებენ, ვითომ დასჯიან, მაგრამ ამ უმსგავსობას ვერაფერი გამოასწორებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"