დინამომ თავით და უცხოელებით მოიგო

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" გუშინ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო შეხვედრა რეგიონული ლიგის სტუ-სთან გამართა.

"დინამო" 3:1 სტუ
გოლები: 1:0 კახელიშვილი (12, შ. კაშიას პასით), 2:0 ბრაიტი (21, კოშკაძის პასით), 2:1 ქუცურუა (23, პენალტით), 3:1 ოდონელი (88, თექთურმანიძის პასით).

"დინამო": ზარქუა - ციმაკურიძე, კვარაცხელია, ოდონელი, ფოფხაძე - კვეკვესკირი, კოშკაძე - შ. კაშია, დერასი, კახელიშვილი, - ბრაიტი.
შეცვლაზე: კაკუბავა, თომაშვილი, ლექვთაძე, ფირცხალავა, ედნილსონი, თექთურმანიძე, ტოდოროვი, ტატანაშვილი.

"დინამომ" ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ითამაშა; გუნდის ტაქტიკური განლაგება არ შეცვლილა (4-2-3-1) და საინტერესო ის უფრო იყო, კლუბის მთავარი
მწვრთნელი კახა კაჭარავა ახალწვეულებს რა პოზიციაზე დააყენებდა. შეხვედრა სწორედ მათზე დაკვირვებას ისახავდა მიზანად და ამით იყო გამოწვეული, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა უმთავრესად შეცვლაზე რომ ითამაშეს.

გიორგი ციმაკურიძე დაცვის მარჯვენა ფლანგზე იდგა, დანიელ ოდონელი - ცენტრში, გიორგი ფოფხაძე კი - მარცხენა ფლანგზე.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი საყრდენად ალეკო კოშკაძეს შეუწყვილდა, შოთა კაშია მისთვის ჩვეული მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ალჟირელ ფრანგს, სემი დერასს გამთამაშებლობა დაეკისრა, ახალი ზელანდიის ნაკრებში ნათამაშევ კრის ბრაიტს კი - ცენტრალური თავდამსხმელობა. მეორე ტაიმში იტალიაში გაზრდილმა ბულგარელმა ანდრეა ტოდოროვმა ფლეიმეიკერის ამპლუაში დერასი შეცვალა, ასევე შეცვლაზე შესული დიმიტრი ტატანაშვილი კი, ცხადია, თავდასხმაში მოსინჯეს.

თბილისის "დინამომ" ანგარიში მალე გახსნა: კაშიამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში გიორგი კახელიშვილი შენიშნა, რომლის თავური დარტყმაც ზუსტი გამოდგა.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი უცხოელებმა ითამაშეს: 21-ე წუთზე ახალზელანდიელმა ბრაიტმა კუთხურიდან კოშკაძის ჩაწოდებული ბურთი კარში თავით გააგზავნა და "დინამო" ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

მესამე გოლი კი ინგლისელმა დანიელ ოდონელიმ გაიტანა. თავი მანაც თავური დარტყმით გამოიჩინა, რაც ინგლისელი მცველისგან არც უნდა გაგვიკვირდეს. ეს გოლიც კუთხურის გათამაშების შედეგად გავიდა, ამ შემთხვევაში "სტანდარტული" გიორგი თექთურმანიძემ შეასრულა.

"დინამოს" მთავარმა მწვვრთნელმა კახა კაჭარავამ კომენტარი ახალწვეულებზე გააკეთა:"საერთოდ, ერთი მატჩით გასასინჯ ფეხბურთელებზე დასკვნის გამოტანა არასწორია. ანთალიაში გამგზავრებამდე კიდევ სამი საკონტროლო შეხვედრა დავგეგმეთ და უკვე აქ მყოფთა გარდა, იმ უცხოელებსაც დავაკვირდებით, ამ დღეებში "დინამოში" სინჯებზე რომ ჩამოვლენ.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული