12:05 11-05-2015
დილა-კოლხეთი 1:0 - ჩემპიონობა ერთი ხელის გაწვდენაზე [VIDEO]
AutoSharing Option
ბუნებრივია, საჩემპიონო ამბიციამოძალებული "დილა" ამ მატჩშიც გამარჯვების მოსაპოვებლად გავიდა მოედანზე. თამაში მათ ტრადიციულისგან განსხვავებული ტაქტიკური სქემით დაიწყეს. ცვლილება მეტადრე დაცვის ხაზს შეეხო, სადაც უჩა სოსიაშვილს სამი ცენტრალური მცველი ჰყავდა გამწესებული. აქედან ორი - ალექსანდრე კვახაძე და გიორგი ხიდეშელი, დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო იძულებითი პაუზის შემდეგ ხელახლა დადგნენ ძირითად შემადგენლობაში.
ისინი თავიანთი გუნდის იერიშებისას მოედნის ცენტრში რჩებოდნენ, ხოლო ბაგაევი მარცხენა ფრთიდან ერთვებოდა შეტევაში.
"დილა" გამოკვეთილად სამი ფეხბურთელით (მიხაილ გორელიშვილი, ირაკლი მოდებაძე, გიორგი ერისთავი) უტევდა, მაგრამ შეხვედრის საწყის 20 წუთში ხიფათი სტუმართა კართან არ შექმნილა. მეტიც, "კოლხეთი" საკუთარ ნახევარზე არ გამოკეტილა და თამამადაც გადადიოდა კონტრშეტევებზე.
პირველი საგოლე ეპიზოდი სწორედ მათ მცდელობას მოჰყვა, როცა მოედნის ცენტრში ხიდეშელმა დაკარგა ბურთი, ხოლო ნიკა სიჭინავამ უმალ მეკარესთან პირისპირ გასვლა შეძლო, მაგრამ უკვე დარტყმის მომენტში იმავე ხიდეშელმა შეუშალა ხელი, რითიც საკუთარი შეცდომა გამოასწორა.
მასპინძლები პირველად მე-20 წუთზე, ნიკა კვეკვესკირის კუთხურისას იყვნენ ახლოს მიზანთან, მაგრამ კვახაძემ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა.
ცოტა ხანში ისევ კუთხურიდან ჩაწოდებულზე თავურით მცირედით ააცილა მიზანს ბაგაევმა. "დილა" ნელ-ნელა აჩენდა ბრჭყალებს, მაგრამ სტუმართა აქტიურობის გამო მთელი ძალებით შეტევაში ჩართვა უჭირდა. მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო დავით ხურცილავა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ბევრჯერ შეუქმნა პრობლემები მოწინააღმდეგე გუნდის დაცვის ხაზს.
ტაიმის ბოლოს, მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ერისთავის მიერ დაახლოებით 30 მეტრიდან ყუმბარისებური დარტყმა მცირედით ასცდა კარს.
მეორე ტაიმში სოსიაშვილმა ხიდეშელი ლაშა ჯაფარიძით შეცვალა. ეს უკანასკნელი მარცხენა ფლანგზე დადგა, ბაგაევმა ცენტრში შეიწია და უკანა ხაზი ოთხმცველიან განლაგებაზე გადავიდა, თუმცა ამით მასპინძლების შეტევა არ შესუსტებულა. მეტიც, მატჩის განახლებიდან მეორე წუთზევე "დილამ" ანგარიში გახსნა - ერისთავის მიერ მარჯვნიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი სტუმარმა მცველებმა უხეიროდ მოიგერიეს და მოდებაძემ ახლო მანძილიდან შეაგორა კარში - 1:0.
გოლის შემდეგ "დილას" უპირატესობა უფრო გამოიკვეთა. ხუთ წუთში ერისთავმა მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგეთა შეცდომით ისარგებლა, მოიპოვა ბურთი და სწრაფად შეძლო მეკარესთან პირისპირ გასვლა, თუმცა დარტყმა დააგვიანა და კარიდან დაახლოებით ათ მეტრში წამოწეულმა მცველმა ბურთი ფეხიდან ააცალა.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ერისთავი და გორელიშვილი ფლანგებიდან საკმაოდ კარგად ამწვავებდნენ თამაშს. ერთხელ გორელიშვილსაც შეეძლო გატანა, მაგრამ მის დარტყმულს მეურვე გადაეფარა. ყველაზე რეალური მომენტი ერისთავს 79-ე წუთზე შეექმნა, როცა მისი კიდევ ერთი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა.
ანგარიში მასპინძლებისთვის არ იძლეოდა დამშვიდების საშუალებას და მეტოქის საჯარიმოს ჯიუტად ეძალებოდნენ, ოღონდ არც საკუთარი კარის უსაფრთხოებას ტოვებდნენ ყურადღების მიღმა.
სტუმარ მობურთალთა მონდომების მიუხედავად ომარ მიგინეიშვილს საქმე ძალიან ცოტა ჰქონდა. გამოსარჩევი კი იყო თამაზ ჯიშკარიანის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული, რომელსაც ბაგაევი გადაეფარა და მეკარემდე არ მიუშვა.
"დილას" მაისურით ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჰქონდა ირაკლი ძარიას. ის შეცვლაზე, ტრავმირებული ლუკა რაზმაძის ნაცვლად შევიდა მინდორზე. ბოლოს ისევ მოდებაძეს შეეძლო, ხელსაყრელი ეპიზოდი გოლად ექცია, თუმცა გამოცდილმა კონსტანტინე სეფიაშვილმა იმარჯვა.
წვიმიანი ამინდის მიუხედავად, "თენგიზ ბურჯანაძეზე" ქომაგი მაინც მრავლად იყო. გორელები "დილას" თამაშებზე ჩემპიონატის მიწურულს უფრო ხალისით დადიან, რადგან მტკვრისა და ლიახვის შესართავთან, სადაც ეს არენა დგას, დღესასწაულის მოახლოება უკვე იგრძნობა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
09.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 მოდებაძე (46)
დილა (3-4-3): მიგინეიშვილი - ბაგაევი, ხიდეშელი (46. ჯაფარიძე), კვახაძე - ხურცილავა, გვალია, რაზმაძე (78. ძარია), კვეკვესკირი - გორელიშვილი, მოდებაძე, ერისთავი (84. ფალავანდიშვილი).
სათადარიგოები: სომხიშვილი, ქარქუზაშვილი, თექთურმანიძე, სეთურიძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
კოლხეთი (4-4-2): სეფიაშვილი - თევზაძე, ბარამიძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა (86. კაკულია) - ჯიშკარიანი, გოგონაია, გურეშიძე, გიგაური, შენგელია (60. ქორჩილავა) - სიჭინავა (68. ამბროლაძე).
სათადარიგოები: ძაგანია, ჩადუნელი, სარსანია, გუგუშვილი
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: ლემონჯავა (23), გვალია (74), გოგონაია (85)
არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო.
ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
მომდევნო (XXVIII) ტური
13 მაისი, ოთხშაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-ზუგდიდი
კოლხეთი-მერანი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
სამტრედია-დილა
შუქურა-ცხინვალი
ზესტაფონი-ტორპედო 0:3 (ტექ.).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული